სიახლეები

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს

17.04.2024 • 4373
დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს

დღეს, 17 აპრილს, თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაკეტილია რუსთაველის ქუჩა, ათასობით ადამიანი ითხოვს „ოცნებამ“ გაიწვიოს უკან რუსული კანონი.

„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან“ – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს განცხადებისთვის.

თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ახალგაზრდები ბათუმში. „არა რუსულ კანონს“ – სკანდირებენ სტუდენტები ბათუმში მიმდინარე აქციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი. საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: