განათლება,მთავარი,სიახლეები

საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს – პედაგოგი რუსულ კანონზე

12.04.2024 • 7085
საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს – პედაგოგი რუსულ კანონზე

თბილისის 167-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქრისტინე ღონღაძე რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობს.

მისი თქმით, საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ ავრცელებს.

„ვინ გვიკრძალავდა ქართულად საუბარს, ვინ გვბომბავდა, ვინ ღობავს საქართველოს ტერიტორიას და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს?“ – წერს პედაგოგი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„რამდენიმე დღეა ვცდილობ, რამე დავწერო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ვწერ. არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი, არამედ იმიტომ, რომ სიტყვებს ვერ ვუყრი თავს იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც მმართველი ძალა ატარებს საკუთარი მოქალაქეების წინააღდეგ.

დავსწრებივარ არაერთ ღონისძიებას, ტრენინგს, კონფერენციას თუ სხვა ტიპის შეხვედრებს, მონაწილე ვყოფილვარ არაერთი პროექტის, რომლებსაც გავუზრდივარ პროფესიულად, პიროვნულ განვითარებაში დამხმარებია, ცოდნა გამიღრმავებია სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.

გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო განხორციელებული. რომ არა ეს შესაძლებლობები, რომლებიც ამ ორგანიზაციებმა მომცეს, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ და ის, ვინც ვარ.

არა, არ იფიქროთ, რომ დიდი ვინმე ვარ. უბრალოდ, არ მექნებოდა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ძალიან მეძვირფასება, რომლებიც ვერ მექნებოდა ამ ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე და რომლებიც, შეიძლება, დედაქალაქში თუ რეგიონში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი (ისევე როგორც ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი რეგიონში ყოფნისას).

არ ვიცი, თუ ჩემს გარშემო ვინმეს ეჭვი გაქვთ, რომ არასამთავრობო ორგანზაციები უცხოურ გავლენას ახდენენ და ჩვენი ქვეყნის ინტერესს ლახავენ, შემიძლია გაგიზიაროთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა ნაწილიც ვყოფილვარ და ყველასთვის ცხადზე ცხადი გახდება (მგონია, რომ ახლაც ასეა, მაგრამ მაინც…), რომ ეს ორგანიზაციები ბევრი ახალგაზრდისა თუ ზრდასრული ადამიანისთვის უდიდეს მხარდამჭერებს წარმოადგენენ და მათ საქმიანობაში არაფერია მოღალატეობრივი და აგენტის საქმიანობის შემცველი.

ამაზე უფრო გულდასაწყვეტი ის გულითადი მონდომებაა, რომელსაც ის ადამიანები ავლენენ, ვინც თავად არაერთხელ ყოფილან  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორების სიკეთის მიმღებნი.

ვისაც უსარგებლიათ დასავლელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული სასწავლო ვიზიტებით, ტრენინგებით, ღონისძიებებით და ა.შ. მაგრამ ახლა მზად არიან ღირსებააყრილებმა აზიარონ და ავრცელონ ათასი სიბინძურე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ზოგადად, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე.

ისიც მესმის, რომ ბევრ ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებენ, თუმცა ყველა შემთხვევაში გულისამრევია ეს საქციელი და განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, ვინც საკუთარი უკეთესი მომავლის შექმნისთვის უნდა იბრძოდეს.

გულდასაწყვეტი კი არა, საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, რომ თითქოს არ გვიღირს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან, თუ ეს ჩვენს ინტერესებს შელახავს – თითქოს მართლა რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს ჩვენს ეროვნულობას ევროპაში, თითქოს არ ვიცოდეთ ჩვენთვის ვინაა საფრთხე, ვინ გვართმევს დამოუკიდებლობას, ვინ გვიკრძალავდა ქართულად საუბარს, ვინ გვბომბავდა, ვინ ღობავს საქართველოს ტერიტორიას და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს.

წარმოუდგენელი სიმხდალეა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ფეისბუქ სთორის გამო პოლიტიკურ მტრად გამოაცხადო მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია და გინდა ერთიანობის და ერთიანობის სიძლიერის განცდის მქონე საზოგადოება დაქსაქსო, დაყო იმიტომ, რომ ისევ გეშინია ეს ერთიანობა შენ არ შემოგიბრუნდეს.

პრიმიტივიზმია, ითხოვდე არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობას, რომლებიც კანონით განსაზღვრულ ყველა გადასახადს იხდიან, სახელმწიფო ელექტრონულ სისტემაში ტვირთავენ დოკუმენტებს.

სირეგვნეა, რომ ხალხი, რომელსაც ერთხელაც არ მოუკითხავს საკუთარი გადახდილი გადასახადებიდან შეგროვებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სად და როგორ იხარჯება, კითხვა არ დაუსვამს, საიდან მდიდრდება საკუთარი მმართველი, არ დაფიქრებულა, რატომ ზის ისევ იმ ჭაობში, საიდან ამოთრევასაც დაჰპირდა მმართველი და რომელი ჭაობიდან ამოსასვლელადაც უხდის მმართველს გადასახადებს (და მაინც ისევ ჭაობში ზის), ასე გულმოდგინედ ითხოვს (ისედაც გამჭვირვალე) იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობას, რომლებიც ადამიანებს ასწავლიან ბუნების დაცვას, მდგრად განვითარებას, ძალადობისგან დაცვას, ადამიანის უფლებებს, სასწავლო მეთოდოლოგიას, ციფრულ უნარებს, განათლების მიღების საერთაშორისო შესაძლებლობებს, შრომის უსაფრთხოებას და ა. შ.

ზოგჯერ რაღაცეები ძალიან მარტივი შესამჩნევია, მაგრამ მონდომება უნდა დანახვას და სიმართლისთვის თვალის გასწორება.

ეგ ახლა ისე საჭირო და აუცილებელია, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, ვინ როგორი პოლიტიკური გემოვნებისაა.

#არარუსულკანონს“.

__

ნუ დაუჯერებთ მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: