სიახლეები

დრო აღარ გვაქვს, 2000 ლარი გვჭირდება, გერმანიაში რომ წავიდეს საოპერაციოდ – 28 წლის კაცის ცოლი

01.04.2024 • 4493
დრო აღარ გვაქვს, 2000 ლარი გვჭირდება, გერმანიაში რომ წავიდეს საოპერაციოდ – 28 წლის კაცის ცოლი

დავით კახოშვილი 28 წლისაა. მას დაახლოებით სამი თვის წინ კბილი ასტკივდა – ღამით შეუსივდა. შესივების დასაცხრობად ექიმმა მეორე დღეს ანტიბიოტიკი დაუნიშნა და სამი დღის მერე დაიბარა, კბილის ამოსაღებად. დავითი ამ პერიოდში ცუდად გახდა. „სიცხე 41 გრადუსამდე აუვიდა“, – გვიყვება მისი მეუღლე, მაია შონია. მისი თქმით, დავითს დღეს მძიმე დიაგნოზი აქვს და რომ გადარჩეს, გერმანიაში უნდა წასვლა.

ავად გახდომამდე დავითი მშენებლობაზე მუშაობდა, დღიურად. ხან 30 ლარს გამოიმუშავებდა, ხან 50-ს და ასე გაგვქონდა თავიო, ამბობს მაია. ახალგაზრდა წყვილს ერთი შვილი ჰყავთ – 3 წლის გოგონა და თბილისში ცხოვრობენ, ნაქირავებ ბინაში. ოჯახი სოციალურად დაუცველია, სახელმწიფოსგან 380 ლარს იღებს.

დავითის ავადმყოფობამ ოჯახი მხოლოდ სახელმწიფო შემწეობის ამარა დატოვა.

„სასწრაფომ დავითი კლინიკაში გადაუდებელი დახმარებისთვის გადაიყვანა. ყბა-სახის ქირურგმა უთხრა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო. კატეც კი არ გაუკეთეს, გადაუღეს რენტგენი და საოპერაციოში შეიყვანეს.

ოპერაციის შემდეგ ძვლის ნამტვრევები ამოვიდა. ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ასე ხდება, ყველაფერი რიგზეა, არ შეგეშინდესო, წამლები დაუნიშნეს და გამოუშვეს.

ოპერაციიდან 10 დღის მერე ყბამ დაიტკაცუნა, ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. ჩემს მეუღლეს შეეშინდა და დაურეკა ექიმს – ეგ სახსარი იქნებაო, არ არის საჭირო კატეს გადაღება, ფული ბევრი გაქვს? რად გინდა ეგ კატეო. თურმე ამ მომენტში ყბის ძვალი გადაუტყდა – ანთებითი პროცესი იყო წასული და ყბის ძვალი დათხელებული.

20 დღის შემდეგ ყბა ისევ დაუსივდა და ჩირქი წამოუვიდა. ისევ დაურეკა ექიმს, ჩირქი მდისო. დაიბარა, კატე გადაუღო და გამოჩნდა, რომ ძვალი აღარ აქვს. დიაგნოზი – ძვლის ოსტეომიელიტია“ -უყვება „ბათუმელებს“ დაზარალებული კაცის მეუღლე.

ქალის თქმით, ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ 2000 ლარი. ის მოქალაქეებს მიმართავს დაეხმარონ მეუღლის გადარჩენაში.

„ფული უნდა მოგროვდეს, რომ სასწრაფოდ გავუშვათ გერმანიაში. ვინც გაიგო დავითის ამბავი, რამდენიმე ადამიანმა დაგვაკვალიანა, როგორ უნდა ჩავიდეთ გერმანიაში. დრო არ გვაქვს, რომ მივმართოთ, მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტს, საიდანაც დავითი არის წარმოშობით. თუ ერთ კვირაში არ გაიკეთა ეს ოპერაცია, უკვე ნიკაპამდეა მოსული ძვლის დაშლა. ისეთი მდგომარეობა აქვს, ვერც საჭმელს ჭამს, 20 კილო დაიკლო და ცუდი მდგომარეობა აქვს. უძილობა ჭირს, ოფლიანობა. ტკივილები ჯერ არ აქვს – იმიტომ, რომ ქრონიკულია და პროცესი მიდის“.

მაია ამბობს, რომ მას და მის ქმარს არაფერი აქვთ გასაყიდი, რომ თავად დააფინანსონ მკურნალობა.

„მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ჩემი ქმარი თელავიდანაა. იქ სახლი ჰქონდა, მაგრამ 4 წლის წინ დედა მძიმედ ავად გაუხდა და ეს სახლი გავყიდეთ. დედაც გარდაეცვალა. თბილისში ბავშვი ბაღში დაგვყავს, ჩვენთვის დღეს ხან 20 ლარს ვხარჯავთ საკვებში, ხან 30-ს. მეტი არაფერი გვაქვს“.

___

დავითი კახოშვილის დახმარების მსურველებმა ისარგებლეთ შემდეგი საბანკო მონაცემებით:
თიბისი ბანკი
GE63TB7625645064300024
საქართველოს ბანკი
GE28BG0000000162574731
მიმღები: მაია შონია
დანიშნულებაში მიუთითეთ – დავითის დასახმარებლად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: