აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება კვლავ 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება.

ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე.

რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს, წინა აუქციონების მსგავსია, რომლებიც არ შედგა:

  • ბათუმის აგროსერვისცენტრი – საწყისი ფასი – 780 000 ლარი [ნაცვლად 1 300 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 20 000 ლარი
  • ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 525 000 ლარი [ნაცვლად 875 000 ლარისა], აჭრობის ბიჯი: 13 000 ლარი
  • ქედის აგროსერვისცენტრი – 294 000 ლარი [ნაცვლად 490 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 8 000 ლარი
  • შუახევის აგროსერვისცენტრი – 198 000 ლარი [ნაცვლად 330 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 5 000 ლარი
  • ხულოს აგროსერვისცენტრი – 276 000 ლარი [ნაცვლად 460 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 7 000 ლარი

ხუთივე აუქციონი დაწყებულია და ისინი 2024 წლის 12 აპრილს დასრულდება.

აუქციონების, სხვა პირობებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პირობაა – „ლოჯისტიკური ცენტრების პროფილისა და დანიშნულების შენარჩუნება არანაკლებ 10 წლის ვადით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.

—

აგროსერვისცენტრები აჭარის მთავრობას 2022 წლის ნოემბრიდან გამოაქვს გასაყიდად აუქციონზე, ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. ბოლო ელექტრონული აუქციონები 2023 წლის 24 ივლისს დასრულდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ შედგა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ [TI] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსაც კი მიმართა – შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.

ამ თემაზე ვრცლად:

აჭარაში აგროსერვისცენტრებზე გაწეული ხარჯების კანონიერება ანტიკორუფციულმა უნდა შეისწავლოს – TI

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version