დღეს, 18 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სამხრეთით, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს 260 კვადრატულ კმ-ზე მეტი, ხოლო ბახმუტის მიმართულებით – 51 კვ. კილომეტრი.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ახლა მიიწევენ მელიტოპოლის მიმართულებით.
მალიარის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული კვირის განმავლობაში 5,2 კვ. კილომეტრი გაათავისუფლეს სამხრეთ ფრონტზე, რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტთან 2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
ჯამში, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელებმა კონტრშეტევის შედეგად, 51 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მედიისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მან იცის, სად შეძლებენ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას, მაგრამ ამაზე არ ისაუბრებს.
„თავდაცვის ხაზის გარღვევა იოლი არ არის. ეს მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ვერ ვიტყვი, ეს სად მოხდება უფრო სწრაფად. არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი… ვიცი, სად ვაპირებთ გარღვევას“ – თქვა ზელენსკიმ.






