უკრაინის ქვეითი ძალები აგრძელებენ ტაქტიკურ შეტევას რუსული პოზიციების წინააღმდეგ სოფელ რაბოტინოს აღმოსავლეთით – წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაზვერვა დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ასევე ახორციელებენ ზეწოლას რუსეთის პოზიციებზე ბახმუტის სამხრეთით და მიიწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკას შორის.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, რუსეთმა ფრონტის სხვა სექტორებიდან ძალები გადაიყვანა სამხრეთში, რათა შეცვალოს ნაწილები რაბოტინოს მახლობლად.
ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ასეთი გადანაწილება ზღუდავს რუსული არმიის შესაძლებლობას განახორციელოს შეტევითი ოპერაციები ფრონტის ხაზის სხვა ნაწილებში. ეს გადანაწილება, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ზეწოლას განიცდიან რობოტინოს გარშემო, – აღნიშნულია ანგარიშში.
აგვისტოს ბოლოს უკრაინელმა მებრძოლებმა სრულად გაათავისუფლეს ოკუპაციისგან სოფელი რობოტინო ზაპოროჟიეს ოლქში.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წინსვლა რობოტინოსთან ტაქტიკურად მნიშვნელოვანია და წინსვლა ამ რაიონში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების დასუსტებას, რომელთაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი ჩადეს რობოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად.