მთავარი,სიახლეები

ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილ დირექტორს 7 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

31.07.2023
ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილ დირექტორს 7 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტის საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე უწყების ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა სხვადასხვა დროს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა -22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს – წერს პროკურატურა.

„ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ჯგუფურად), სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„რაც შეეხება ამავე საწარმოს ყოფილ ბუღალტერს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას და სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა“ – იუწყება პროკურატურა.

ქედის ავტოსატრანსპორტის ყოფილი დირექტორი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: