მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნავსადგურში პოლიცია აქციის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ აძლევს

31.07.2023 • 3860
ბათუმის ნავსადგურში პოლიცია აქციის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ აძლევს

ბათუმის ნავსადგურში აქცია ღამის 12 საათზე დაიწყო რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს: სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევს ნავსადგურთან შეკრების საშუალებას, როგორც აცხადებენ, „უსაფრთხოების“ მიზნით.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან:

ადგილზე იმყოფებიან შსს-ს მაღალჩინოსნები აჭარიდან. პოლიცია აცხადებს, რომ ორმაგი ჯებირები უსაფრთხოების მიზნით არის გამოყენებული, თუმცა ბათუმის ნავსადგურში უსაფრთხოების მსგავსი ზომები არ გამოიყენება მაშინაც კი, როცა ნავსადგურში სამხედრო გემები შემოდის.

დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გადაკეტა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩები, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოღობეს ის ტერიტორია, სადაც 31 ივლისის დილას, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი, Astoria Grande უნდა შემოვიდეს.

საკრუიზო გემის შემოსვლის გასაპროტესტებლად აქცია 31 ივლისს, დილის 7 საათზეც არის დაანონსებული.

  • რა ხდება?

2923 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმშიი აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.

„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები. ჩართეს საქართველოს ჰიმნი.

აქციის დაწყებიდან ერთ საათში გემმა ნავსადგური დატოვა.

აქციიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერი ბათუმის ნავსადგურში ისევ შემოვიდოდა.

27 ივლისს, აქციის დასრულებიდან მოკლე ხანში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდა ბათუმში გამართულ აქციას.

28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ბათუმში 27 ივლისს გამართულ აქციას რუსეთიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: