მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია არსებობს, აჭარის რეგიონში საქმიანობის 5 წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მიღწევებითა და სამომავლო გეგმებით წარსდგა.
პრეზენტაცია 28 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ლე მერიდიენში“ გაიმართა და მას ორგანიზაციის მომხმარებლები, პარტნიორები, საჯარო, სამოქალაქო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ადგილობრივი მედია ესწრებოდნენ.
„ემბისის“ დირექტორმა გია პეტრიაშვილმა სტუმრებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ აცნობა:
„ჩვენი კომპანია გეგმავს მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვებას, რაც ჩვენს მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ დამატებითი სერვისებითა და პროდუქტებით, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშების გახსნა, დეპოზიტები, სხვადასხვა საოპერაციო პროდუქტი. ჩვენ მოხარულები ვართ იმის დაანონსებით, რომ ვფიქრობ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა გაცილებით ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“.
„ემბისი“ ამ დროისთვის თბილისში და ქვეყნის 7 რეგიონში 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და 240-ზე მეტი თანამშრომელს ჰყავს, რომელთა 61% ქალია.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, „ემბისისთვის“, რომელსაც ამ ეტაპზე 31 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ბათუმის სერვისცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და აქ კომპანიის პორტფელის 15%-ია კონცენტრირებული.
„ემბისის“ გაყიდვების დაკრედიტების დირექტორის, გიორგი ღვალაძის თქმით, კომპანია რეგიონში სხვა სერვისცენტრების გახსნასაც გეგმავს.
„ჩვენი პრიორიტეტია მიკრომეწარმეების, მცირე ფერმერული მეურნეობებისა და საოჯახო მეურნეობების დაფინანსება. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან – მათგან მოზიდული რესურსებით კი ვეხმარებით მცირე და მიკრომეწარმეებს ფინანსური რესურსების მოძიებაში და ხელს ვუწყობთ მათ ეკონომიკურ აქტივობას. ჩვენ საკმაოდ დიდი მიზნები გვაქვს აჭარის რეგიონში – ვფიქრობთ, ბათუმის სერვისცენტრი არ იქნება ერთადერთი სერვისცენტრი და დაემატება ქობულეთი და სხვა მიმართულებები“.
„ემბისი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების მხარდაჭერას. გარდა საგანმანათლებლო აქტივობებისა, პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, აქვს სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებიც. სწორედ ამ მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, გულადი თხილაიშვილმა:
„არამხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტის დასაქმების ხელშეწყობა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით „ემბისი“ ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, საზღვაო აკადემია, კონკრეტულად ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი აქტიურად ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ მუშაობას. სამკუთხედი, რომელშიც უმაღლესი განათლების დაწესებულებები ამზადებენ პროფესიულ კადრებს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურები ხელს უწყობენ განათლებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მესამე – კერძო სექტორის კომპონენტი, ეს აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაც“.
„ემბისის“ მიზანია, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების გზით, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. კომპანია ფლობს გერმანული სარეიტინგო კომპანია Scope Rating-ის “B+” სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მიკროსაფინანსო ბაზარზე.
„ემბისი“ არაერთი ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებულია, როგორიცაა: „პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – Meliora“ 2022; „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო – BARTA 2021/2022” და სხვა. ამასთან, 2022 წელს „ემბისიმ“ წარმატებით განათავსა პირველი – 15 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციები“.
ეკონომიკისთვის ძლიერი საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გიორგი რომანაძემ, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ:
„ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია გამართული საფინანსო სისტემა. „ემბისი“ ერთ-ერთია იმ წარმატებულ საფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც რეგიონში საქმიანობენ. მინდა წარმატებები და ბევრი კარგი საქმის კეთება ვუსურვო მას. დარწმუნებული ვარ, „ემბისი“ ბევრი ბიზნესისთვის ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს.“
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილი აქვთ რეალიზებული. აქ სჯერათ, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევენ და ამავდროულად გააგრძელებენ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ბიზნესის სტანდარტებით ოპერირებას.