შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში, „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით ხაბელაშვილების ხიდიდან ცოტა მოშორებით აშენდება ახალი სამანქანე ხიდი, ადმინისტრაციის შენობა – ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და სასტუმრო, მოეწყობა მისასვლელი გზები, „წისქვილების სოფელი“, ოდა, ამფითეატრი; წყლის სისტემები, გარეგანათება; არსებულ ბილიკებს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი ბილიკები.
პროექტით დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის მშენებლობაც, თუმცა იქვე შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ „საპროექტო საფეხმავლო ხიდი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სამშენებლო ნორმებსა და წესებს. დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე იგი წარმოადგენს, დროებით გადასასვლელ სავალს, რომლის მუშაობა გათვლილია მხოლოდ ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში.“
რაც შეეხება სამანქანო ხიდს:
- „სამანქანო [მისასვლელ] ხიდზე მოძრაობა აეკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებას ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება 20 ტონას.
- ხიდზე მანქანების მოძრაობა იქნება ცალმხრივი და მოძრაობის უპირატესობა მიენიჭება კომპლექსში მომსვლელ ვიზიტორს.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 ივნისს დაიწყება და 12 ივნისს დასრულდება.
სამუშაოების შესრულების ვადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდია. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა კი – საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წელი.
პრეტენდენტის მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნაა, „საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე [გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი] 2020 წლის 1-ლი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, ჰქონდეს სამშენებლო [გარდა შეკეთება, დემონტაჟი] სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 4 500 000 ლარის ღირებულებით.“
ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაში სამინისტროს 328 ათას 40 ლარი აქვს გადახდილი შპს „ექო არჩიტექტისთვის“, რომელთანაც ხელშეკრულება 2020 წლის ნოემბერში დაიდო.
ხელშეკრულების დადებამდე სამინისტროს კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად შპს „ექო არჩიტექტი“ გამოავლინეს.
კონკურსის და ხაბელაშვილების ტურისტული ადგილის კონცეფციის დეტალები ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან ამ ბმულზე:
კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობამდე – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში