მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

14.10.2019 •
ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

ვისთვისაც შემოდგომის ბოლო, თბილი დღეები ძვირფასია, ცდილობს შაბათ-კვირა მაინც გაატაროს ბუნებაში. ოქტომბერში, როცა ტყეები ათასფრად ჭრელდება, არაფერი სჯობს მდინარეებითა და წყაროებით სავსე აჭარის სოფლებში მოგზაურობას, ტყისპირებზე წაბლის, კაკლის გროვებას და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალს გარინდებულ ხეობაში. ჩვენ ამჯერად არჩევანი ჭვანის ხეობაზე შევაჩერეთ და გზას დავადექით.

ქალაქს რომ ავტომანქანით საათნახევრის სავალზე დაშორდებით  შუახევში, მთაზე მიხვეულ-მოხვეულ, ჭვანისკენ მიმავალ გზას აუყვებით და იგრძნობთ როგორ იწმინდება ნელ-ნელა ჰაერი და ერთადერთი ხმა ჩაგესმით: ფოთლების შრიალი და კლდეებიდან პატარ-პატარა ნაკადულების რაკრაკი.

პირველად XI-XIII საუკუნეების ოთოლთას ციხეზე ავდივართ, რომელიც ხეობისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. აქ უძველესი ჭურები, წყლის რეზერვუარები და დიდი ხაროა შემორჩენილი. ჭვანის ხეობის  მკვიდრები მტრის შემოსევისას თავს ამ ციცაბო კლდეზე აგებულ ციხეს აფარებდნენ.

ძველ დროში, როცა ტელევიზორი და სმარტფონები წარმოუდგენელი რეალობა იყო ხეობის მცხოვრებთა ერთადერთ გასართობს ცეკვა-სიმღერა წარმოადგენდა, ჭვანას თვრამეტივე სოფელს ჰყავდა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. რასაც ერთი სოფელი იცეკვებდა და იმღერებდა, იმას სხვა სოფლის ანსამბლები აღარ ასრულებდნენ და ახალ სიმღერებს თხზავდნენ. ასე იქცა ჭვანა ფოლკლორული ჰანგებით უმდიდრეს ხეობად.

დროთა განმავლობაში სიმღერების დიდი ნაწილი დაიკარგა, მიივიწყეს და მხოლოდ ძველ ჩანაწერებსა და ნოტებს შემორჩა.

ანსამბლ ,,ჭვანას” ხელმძღვანელმა, ტარიელ ბოლქვაძემ ეთნომუსიკოსებისა და ქართული გალობის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დახმარებით ჭვანის მივიწყებული სიმღერები აღადგინა და ხეობას, ადამიანებს დაუბრუნა.

ეს სიმღერაც გასულ წელს აღადგინეს ჩანაწერების მიხედვით. ჭვანის მკვიდრის, სახალხო მთქმელ ქოფია ქათამაძის სიმღერა თბილისზე.

,,ატლატიტა“, ,,ყარანა“, ,,ევრი მასპინძელსა“, ,,მგზავრული“, ,,ხერკლის ნადური“ ,,ჩარირამა“, ,,ხასანბეგურა“, ,,ვოსა“ და სხვები – ეს იმ აღდგენილი სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ახლა ჭვანაში თითქმის ყოველდღე ასრულებს ანსამბლი ,,ჭვანა“.

„დავდიოდი სოფლებში და ვიწერდი სიმღერებს მოხუცებისგან, ლექსებს, თქმულებებს, შელოცვებს. ეს უნიკალური მასალაა, რომელსაც ნელ-ნელა ვაცოცხლებთ, რის აღდგენასაც ვერ მოვახერხებთ, არქივის სახით მაინც შემოვუნახავთ შთამომავლობას,“ – ამბობს ტარიელ ბოლქვაძე.

მისივე დაარსებულია ჭვანის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლისთვისაც ექსპონატებს დღემდე აგროვებს და მერე მუზეუმის სტუმრებს გატაცებით უამბობს ყოველი ნივთის აღმოჩენის ამბავს.

იცოდით როგორი ჩონგური გამოსცემს ყველაზე ლამაზ ხმას? საუკეთესო ჩონგური თურმე თუთის ხისგან მზადდება. ლევან ბერიძე ჭვანაში ჩონგურებსა და ფანდურებს თლის. საქმეს ახალგაზრდებსაც ასწავლის და ამბობს, რომ ავეჯისგან განსხვავებით ჩონგურის გამოთლისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჯერ არავინ იცის, ვის ხელში აღმოჩნდება ეს ჩონგურები, ამჯერად ისინი ჭვანას ცენტრში, ჩონგურების ოსტატის სახელოსნოში ინახება, სადაც გათლილი ხის სურნელი ტრიალებს.

ხაბელაშვილები ჭვანის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოფელია, სადაც ხის სამასი წლის კოჭებიანი ხიდი წარსულში გაბრუნებთ. ხაბელაშვილების ხიდი ჭვანის ხეობის სოფლებს აკავშირებდა ერთმანეთთან და ბზის და წაბლის მასალითაა ნაგები. ცოტა ხნის წინ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხაბელაშვილებს ჭვანის ხეობაში ,,წისქვილების სოფელსაც“ უწოდებენ. პატარა გორაკზე, რომელიც ზღაპრულ, ნაკადულებიან სოფელს მოგაგონებთ,  ხის ოთხი წისქვილი დგას. ერთგან კარი ღიაა, და დოლაბები ისე ტრიალებს, როგორც საუკუნის წინ. ახალდაფქული ფქვილი თბილია და სასიამოვნო სურნელი ასდის.

ძველ წისქვილებთან და ხიდთან ახლოს აქვს იური ბერიძეს საოჯახო სასტუმრო, რომელიც ახლახან გაარემონტა საკუთარი სახსრებით. შეუძლია ერთდროულად 5, 6 სტუმრის მიღება და გამასპინძლება. იური ბერიძესთან ტრადიციულ, აჭარულ ბორანოს ვაგემოვნებთ ახალგამომცხვარ, ცხელ პურთან ერთად. სადილის შემდეგ შაქარა ვაშლით გვიმასპინძლდებიან, ჰამაკში მოსვენებას გვთავაზობენ და ვგრძნობთ, თუ იდილიურ გარემოს დროზე არ დავტოვებთ, სოფელ ხაბელაშვილებიდან  კარგა ხანს ვერ დავიძვრებით.

მეფუტკრე როლანდ ქათამაძის სახლისკენ მივემართებით.  მართალია, მეფუტკრეობა შრომატევადი საქმეა, მაგრამ თაფლი სოფლის მეურნეობის ძვირადღირებული პროდუქტია და მეფუტკრის შრომა ფუჭი არ არის. კილოგრამი წაბლის თაფლის ფასი 25 ლარია, საბითუმოდ კი – 20 ლარი.

,,აგროპროდუქტების გამოფენებსა და ფესტივალებზე დავდივარ, ახლაც სოფლის ფესტივალ ,,განდაგანაზე“ უნდა წარვადგინოთ ჩვენი თაფლი, ღვინო, ხილის არაყი და რძის პროდუქტები. გვაქვს წაბლისა და აკაციის თაფლი. სახლს ვარემონტებთ, მალე საოჯახო სასტუმრო გვექნება”. – ამბობს როლანდ ქათამაძე.

გარდა სკებისა, როლანდ ქათამაძეს ამერიკული კალმახის აუზიც აქვს მოწყობილი საკუთარ ეზოში, ლიფსიტებს ყიდულობს და კორმით ზრდის. როგორც თავად გვეუბნება, ამერიკული კალმახი საკმაოდ გემრიელია და თევზს ხეობაში მომხმარებელიც არ აკლია.

შეუძლებელია ჭვანის მეჩეთი არ მოინახულოთ და ისე დაბრუნდეთ ხეობიდან. მეჩეთის კომპლექსში შედის დიდი მინარეთი, მედრესე და განსაბანი შადრევანი. საბჭოთა პერიოდში აქ საავადმყოფო იყო. 1997 წელს კი შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, კედლის შემორჩენილი მხატვრობა ახალი საღებავით დაიფარა. ხელუხლებლადაა შემონახული შენობის ძველი გუმბათი, რომელზეც ვარდები და ვაზის რტოებია გამოსახული.

შენობის აგების თარიღად 1894-1895 წლებია მიჩნეული. ჭვანის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

ციხის, მეჩეთის, წყლის წისქვილების, მრავალსაუკუნოვანი ხიდისა და თვალწარმტაცი ბუნების გარდა ჭვანის ხეობისგან აუცილებლად დაგამახსოვრდებათ ხის ძველი სახლების აივნებიდან გადმომდგარი ბებოები, ლოყაწითელა ბავშვები, ხილის არყის გამოხდისას ჰაერში დატრიალებული სურნელი, გასაშრობად გაფენილი თამბაქო და ყანაში სიმინდის ხვავი.

თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი შთაბეჭდილებაა. იმისთის, რომ ჭვანას ფერადი შემოდგომა თქვენს მეხსიერებასაც დაუვიწყარ მოგონებად შემორჩეს, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ ამ ხეობაში. თავად შეიგრძნოთ ყველა სურნელი და საკუთარი თვალით დააკვირდეთ შემოდგომის ჭრელაჭრულა ფერებს.


ტრანსპორტი ჭვანის ხეობამდე

 

ბათუმიდან ჭვანის ხეობის მიმართულებით ძველი ავტოსადგურიდან ყოველდღე გადიან მიკროავტობუსები.

დილის ცხრიდან ათ საათამდე გადის მიკროავტობუსი ჭვანის მიმართულებით, მგზავრობის ფასი 5 ლარია.

10:20 – ავტოსადგურიდან გადის ბარათაულის მიკროავტობუსი, რომელიც ასევე ჭვანის ხეობას გაივლის – მგზავრობის ფასი – 4 ლარი.

15:00 წუთზე ავტოსადგურიდან რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით გადიან მიკროავტობუსები, რომლებიც ჭვანის ხეობას გაივლიან – მგზავრობის ფასი 4, 5 ლარი.

ბათუმიდან ჭვანის ხეობამდე 65 კილომეტრია და ავტომობილით დაახლოებით 1 საათი და 40 წუთი სჭირდება.

განთავსება საოჯახო სასტუმროში

 

როლანდ ქათამაძის საოჯახო სასტუმრო – 577 45 36 55

იური ბერიძის საოჯახო სასტუმრო – 577 47 06 23

სულიკო ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო – 577 20 36 49

p.s. საოჯახო სასტუმროებში ფასი საშუალოდ 50-80 ლარია და შესაძლებელია ინდივიდუალურად შეთანხმება – კვებით სურს ოთახის დაჯავშნა სტუმარს თუ კვების გარეშე, რამდენი დღით რჩება და ა.შ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: