მთავარი,სიახლეები

„ყალბი რეკლამით ამერიკელებს 1,8 მილიონი დოლარი ჩაარიცხვინეს“ – პროკურატურა

12.05.2023 • 854
„ყალბი რეკლამით ამერიკელებს 1,8 მილიონი დოლარი ჩაარიცხვინეს“ – პროკურატურა

„…დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხა საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 12 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლის სამართლებრივი დევნა კი, დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ.

პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა.

ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული –  საფრანგეთში მოქმედი საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში საწარმოს ანგარიშები გახსნა.

ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა.

შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა.

ეს დანაშაული სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ დაუსწრებლად.

გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: