განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

04.05.2023 • 3024
რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს.

ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო.

მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი პედაგოგი – ერთი დაბა ქედის სკოლიდან და ორი ბათუმის მე-6 საჯარო სკოლიდან.

„ათიდან ოთხმა გავიმარჯვეთ კონკურსში და ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მე.

პროექტის მიხედვით, კონკურსისთვის უნდა წარმედგინა პროექტი მინიმუმ 12 სლაიდით. თემად შევარჩიე ელექტრობა და მაგნიტიზმი. წარვადგინე ბავშვების ნამუშევრებიც, ასევე ერთობლივი ცდები, რაც გვქონდა ჩატარებული, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია“, – ამბობს ირმა თავართქილაძე.

ირმა თავართქილაძე ცერნში

პედაგოგის თქმით, სკოლას პატარა ლაბორატორია 2017 წელს გადაეცა, ასევე საკლუბო პროექტების ფარგლებში 2000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვეს, რომლითაც ცდებისთვის აღჭურვილობა შეიძინეს.

„ხშირად ვსარგებლობთ ამ ლაბორატორიით, რადგან ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როცა ექსპერიმენტებში თავად მონაწილეობენ.

ქეთევან ტატიშვილის ახალი წიგნიდან ვაკეთებთ ხოლმე ექსპერიმენტებს, კარგად არის ელექტრობა გადმოცემული და ბავშვებს დავამზადებინე გამტარი და არაგამტარი ცომები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

პრაქტიკული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკის შესწავლის დროს, რადგან თუ მოსწავლემ თვალით არ ნახა, თავისი ხელით არ გააკეთა, ვერ გაიგებს საკითხს კარგად.

ცდის პროცესში კი უკეთ გაანალიზებს ამ ყველაფერს. მთავარია, მოსწავლემ იმუშაოს და შეცდომითაც რომ გააკეთოს, ესეც ეხმარება ცოდნის მიღებაში, რადგან შემდეგ გაანალიზებს, რა შეცდომა დაუშვა, რატომ იყო სასურველი, სხვა გზით წასულიყო და ფორმულის შინაარს მაინც უკეთ წვდება“, – ამბობს ირმა.

მისი თქმით, სოფლის სკოლებში ბევრ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ, თუმცა ცდილობენ სიახლეებს როგორღაც მიჰყვნენ.

ირმას აზრით, პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ისეთ პროექტებში ჩართულობა, რაც მათ პროფესიულ ზრდაში ეხმარება.

„მე პირველად ვიყავი ევროპაში მსგავსი ვიზიტით, ჩავედით ჟენევაში, შევხვდით ქართველ და უცხოელ მეცნიერებს „ცერნში“ და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის.

განსაკუთრებით ქართველი მეცნიერების ხილვა გამიხარდა, რადგან გსიამოვნებს, როცა ხედავ ამდენ ქართველ მეცნიერს, როგორ შრომობენ, ფუსფუსებენ ასეთ მნიშვნელოვან ცენტრში.

დიდი მონდომებითა და გულით მიგვიღეს და მზად არიან, სურვილის შემთხვევაში ყოველთვის გაგვიწიონ დახმარება.“

ირმასთვის, ისევე როგორც „ცერნში“ მყოფი სხვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 100  მეტრ სიღრმეზე მოთავსებული ამაჩქარებლები, რომლებიც 27-კილომეტრიან გვირაბშია მოთავსებული და ამაჩქარებელში მაღალი ენერგიის მქონე პროტონების ხელოვნურად შეჯახების საშუალებით ე.წ. დიდი აფეთქებისა და სამყაროს ფორმირების იმიტაციის შესწავლა ხდება. მისი დანიშნულებაა ჰიგსის ბოზონის არსებობის დასაბუთება ან უარყოფა.

„ერთკვირიანი ტრენინგი ერქვა, მაგრამ იმდენი ცოდნა შევიძინე და იმდენ სიახლეს გავეცანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.

ვფიქრობ, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და არა მარტო მასწავლებლებს, ბავშვებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოხვდნენ ამ საოცარ ცენტრში“, – გვეუბნება ირმა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ირმა თავართქილაძემ სპეციალური პრეზენტაცია მოამზადა თავისი მოსწავლეებისა და სხვა პედაგოგებისთვისაც.

„იმ პერიოდში ბირთვული კვლევების მასალა მქონდა ასახსნელი ბავშვებისთვის და ჩემს მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ ეს ყველაფერი, რომ შემდეგ პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენაში თავადაც ჩაერთნენ.

ისაუბრეს ამაჩქარებლებზე, დეტექტორებზე, რაც მნიშვნელოვანი იყო და დიდი სურვილი აქვთ, რომ როგორმე მოხვდნენ ცერნში და თავადაც ნახონ ეს საოცრებები.

ცოტა ხანში კონკურსი იქნება ბავშვებისთვისაც. ძალიან მინდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა გაიმარჯვონ და მიეცეთ ამ ცენტრის მონახულების საშუალება“, – გვითხრა ირმამ.

ირმას სურვილია, საკლასო ოთახები და სკოლები უკეთ იყოს აღჭურვილი ისეთი ტექნიკური რესურსით, რაც მას საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების შესაძლებლობას მისცემს. თანამედროვე ლაბორატორიაში მუშაობა ბავშვებსაც დიდ მოტივაციას მისცემს.

„რა თქმა უნდა, მოტივაციას გიზრდის, პირველ რიგში, ასეთ პროგრამებში მონაწილეობა. ასევე კარგად აღჭურვილი ლაბორატორია, როცა გაქვს პროექტორი, ინტერნეტი, ხელსაწყოები და ბავშვებიც ჩართულნი არიან პროცესში.“

სამომავლოდ ირმა თავართქილაძე თავის კოლეგებთან ერთად, რომლებიც ცერნში სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ, კლუბის ჩამოყალიბებას აპირებს, სადაც შეძლებენ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.

„სოციალური და პროფესიული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. კარგი იქნება, მასწავლებლებს მეტ საერთაშორისო  პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა გვქონდეს. ვისურვებდი, რომ სხვა დროსაც მომეცეს შესაძლებლობა, შევხვდე ევროპელ კოლეგებს და გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება და სიახლეები“, – ამბობს ირმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: