მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი

03.05.2023 • 1815
ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი

ლევან ცუცქირიძე არის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.

დატრიალდა ძველი ბორბალი.

დიდი ალბათობით, ხდება ის, რაც სავარაუდო იყო: „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. უცნობის აქციის შემდეგ, „პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე“ ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები დააყენა. ფრიდონ ინჯიამ მათი საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნა ითავა. შალვა პაპუაშვილი ალბათ ბიუროზე გაიტანს და დაამტკიცებს. შემდეგ, როგორც უკვე ვნახეთ.

მაგრამ მაინც, რას გულისხმობს ეს მოთხოვნები? მაგალითად,  რას ნიშნავს „სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება,“ „ევროკავშირის და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნა“, „სკოლებში ფუნდამენტური განათლების დანერგვა“ ან  „ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა?“

ეჭვი მეპარება, ფრიდონ ინჯიას, ზაზა პაპუაშვილს ან „უცნობს“ რაიმე წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. უბრალოდ, თვლიან, რომ „სუვერენული ეკონომიკა“ კარგად ჟღერს და ასეთი რამ უნდა თქვან. ბუნებრივია, მათი გაქანების ხალხისგან მეტ განმარტებებს არ უნდა ელოდე. უბრალოდ ვიტყვი, რომ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის იდეა მათი მოგონილი არ არის (ისევე როგორც არაფერი სხვა, რაც თქვეს).

ამას პოპულისტი მმართველები იყენებენ ხოლმე ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ან შესანარჩუნებლად. როგორც წესი, ასეთ იდიოტიზმს რამდენიმე წელში მოჰყვება ხოლმე დიდი ინფლაცია და ეკონომიკის სრული მოსპობა. და რა მოჰყვება ჰიპერინფლაციას და ეკონომიკის მოსპობას? ხალხის გამოსვლები, ამბოხი, არეულობა და ქაოსი. შემდეგ ასეთი ლიდერები საკუთარ შემოქმედებას ციხეში ან უკეთეს შემთხვევაში, იძულებით ემიგრაციაში აგრძელებენ ხოლმე, როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს.

ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი

რა შეიძლება ვთქვათ „ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემისა და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნაზე?“ რეალურად, ეს ნიშნავს ევროკავშირის და სხვა ქვეყნებისგან (აშშ) დისტანცირებას და იმ დახმარების პროგრამების შეჩერებას, რომლებსაც ეს ქვეყნები ახორციელებენ.

თუკი ისინი აღარ უნდა ჩაერიონ ჩვენს საქმეში, მაშინ აღარც თბილისის ავტობუსების შეძენა, არც სოფლის მეურნეობის დახმარება, არც გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, არც ექთნების გადამზადება, არც მთავრობის სხვა პროგრამების დაფინანსება უნდა გაგრძელდეს, ხომ ასეა? ამიტომაც, ამ და წინა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ეკონომიკურად და პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანას მივიღებთ.

კი, მაგრამ, რა უნდა მოხდეს ასეთ, იზოლირებულ ქვეყანაში? თუკი ხალხი გაღარიბდება და გაბრაზდება, როგორღა უნდა შევინარჩუნოთ ხელისუფლება? ამისათვის საჭიროა რეპრესიები, ირაციონალური შიშების გამოყენება და მარჯვე პროპაგანდა. პროპაგანდა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, ამას ნიშნავს მოთხოვნა, რომ „სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება.“

როგორ გავიგოთ ეს?

რა, მათემატიკა და გრამატიკა არ არის ფუნდამენტური განათლება?

ვეჭვობ, მათ ამაზე მსჯელობა შეეძლოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გულისხმობენ იმას, რომ ბავშვებს აღარ ველაპარაკოთ მათ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე; ვასწავლოთ მხოლოდ ის, რასაც ჩვენ, უფრო სწორად, ინჯია, პაპუაშვილი, უცნობი და კომპანია ჩათვლიან საჭიროდ: მორჩილება და განსხვავებულობის, კრიტიკული აზრის შიში.

პროპაგანდა დიქტატურის საფუძველია, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური კონკურენციის რეალური მოსპობა. ამიტომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორული რეჟიმის“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება!“ როგორც ჩანს, მათთვის არჩევნები არ არის საკმარისი პოლიტიკური შეფასება, კიდევ რაღაც ახალი ინოვაციაა საჭირო.

„სამართლებრივ შეფასებას“ რაც შეეხება, ეს არის ნაბიჯი ოპოზიციური პარტიის კრიმინალიზაციისკენ. დღეს ეს ნაციონალური მოძრაობა იქნება, ხვალ ნებისმიერი სხვა. სწორედ ამას აკეთებს ყველა დიქტატორული რეჟიმი: ის ან ყიდულობს ლოიალობას ოპოზიციისგან ან ანადგურებს მას.

თუმცა, მხოლოდ ნაცმოძრაობის აკრძალვა არ არის საკმარისი. ამიტომ, მოიფიქრეს, მათი აზრით, „ოქროს გასაღები“ სამოქალაქო და სხვა პოლიტიკური ჯგუფების შესაზღუდადაც.

ეს არის საკრალური „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა. ეშინია ხალხს, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანის დანახვით ქუჩაში ან ტელევიზორში, მათაც აერევათ სექსუალური თავგზა? ეშინიათ!

შეგვიძლია მათი ეს შიში ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ?

რა თქმა უნდა! ასე ფიქრობს ეს ხალხი.

მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად? რა თქმა უნდა, უპირველესად იმას, რომ ეს გამოიწვევს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს განეკუთვნებიან, უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვას და მათი ღირსების შელახვას. თუმცა, სინამდვილეში მათი სამიზნე სულაც არაა სექსუალური უმცირესობები, მათი სამიზნე ვართ ყველანი ჩვენ.

იდეაში, ასეთი შეზღუდვით, ნებისმიერ გამოსვლას, მოვლენას ან საგანს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შესაძლოა, მიენიჭოს „ლგბტ პროპაგანდის“ იარლიყი და ამით მისი კრიმინალიზაცია მოხდეს. სრულიად შესაძლებელია ასეთი კანონით აკრძალო ნებისმიერი შეკრება, სადაც მათთვის მიუღებელი გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის ადამიანები გამოჩნდებიან ან რაიმეს იტყვიან; დახურო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები; დაწვა წიგნები და ნახატები, დალუქო გამომცემლობები, გააუქმო სპექტაკლები, კინო სეანსები თუ ტელევიზიები სადაც, მათი აზრით, „ლგბტ პროპაგანდა“ მიმდინარეობს. გეცნობათ ისტორია? მეც.

ეს არის და ეს: იზოლაცია + თავისუფლების კერების ჩაქრობა = დიქტატურას საქართველოში (და ფულსა და ძალაუფლებას ინჯიასთვის, ქართული ოცნებისთვის, „უცნობისა“ და სხვებისთვის).

მაგრამ ამ ყველაფერს მაინც სჭირდება რაღაც პოზიტიური, დემოკრატიული ფასადი, რომ ადვილად იყიდოს ხალხმა. ამიტომ, უნდა მოვითხოვოთ „დემოგრაფიული ვითარების გამოსწორება“ და ხალხისთვის პოლიტიკური კრიზისის დროს თითქოს გადამწყვეტი ხმის მიცემა, ერთგვარი „პირდაპირი დემოკრატიის“ ამოქმედებით.

როგორ უნდა მოხდეს ეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში, ავტოკრატიული მმართველობისას და თანაც, ყველაზე სულელური ეკონომიკური იდეების გამოყენებით, გაუგებარია, მაგრამ მაინც. წარმოიდგინეთ როგორ ბრწყინვალედ მუშაობს პირდაპირი დემოკრატია მაშინ, როდესაც აღარც ოპოზიციაა, აღარც სამოქალაქო ორგანიზაციები, აღარც უფლებადამცველები, აღარც დამოუკიდებელი ჟურნალისტები, აღარც უხერხული წიგნები, არც პრობლემური რეჟისორები ან მხატვრები და პრინციპში აღარც არავინ ვინც „უხერხულობას“ ქმნის. ეს არის ამათი იდეალური საქართველო და ახლა ისინი სწორედ ამ დისტოპიის რეალიზებისთვის მუშაობენ.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პირობა, რაც მათ დააყენეს შესრულდა.

როგორ საქართველოს მივიღებთ სინამდვილეში?

მივიღებთ კიდევ უფრო ღარიბ, კიდევ უფრო დაუცველ ქვეყანას, რომელიც ჩამოაშორეს ტრადიციული ქრისტიანული სამყაროს უძლიერეს პოლიტიკურ ერთობას – ევროკავშირს და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსს – ნატოს, მშვიდობის ამ ნამდვილ სივრცეებსა და ალიანსებს, რომელთა წევრებს შორისაც მათი შექმნის შემდეგ, აღარასოდეს მომხდარა სერიოზული ომი.

მივიღებთ კიდევ უფრო გაღარიბებულ ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახური სივრცის, ოჯახური კეთილდღეობის დაცვის უნიკალური შესაძლებლობები. ამ ყველაფრის გამო, კიდევ უფრო დაცარიელებულ ქალაქებსა და სოფლებს;

დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ნაცვლად გვექნება ერის გაქრობის სწრაფი, გამოუსწორებელი პროცესი. და ეს  ყველაფერი მოხდება ქვეყანაში, რომელსაც წინ,  მაგიდაზე ედო შესაძლებლობა, ყოფილიყო მდიდარი, ძლიერი და ლიდერი სახელმწიფო რეგიონში; რომელსაც წარსული წამოეწია და მის აწმყოდ და მომავლად იქცა; სადაც მონობამ, შიშმა და ფობიებმა გაიმარჯვეს იმედსა და თავისუფლებაზე; სადაც ოცნებამ ყველას „უცნობის“ იმ მატარებელში გვიკრა თავი, რომლის ბოლო გაჩერება არც თუ კარგად დავიწყებული საბჭოთა სიძველეა.

გამოვა ეს საქმე? არა. რატომ? ერთი შეხედვით, თითქოს კარგად მოფიქრებული გეგმაა: პოპულისტური გზავნილები, რომელსაც ხალხი აჰყვება და თავისი ხელით მოსპობს საკუთარ თავისუფლებას. თუმცა, ამ ყველაფერს სამი დიდი პრობლემა აქვს: ერთი ის, რომ საზოგადოება აღარ ყიდულობს ასეთ პროდუქტს, ვადაგასულია უკვე. მეორე, ოცნებამ ჯერ კიდევ მარტში, საბოლოოდ დაარღვია საზოგადოებრივი ხელშეკრულება და ის ვეღარ შეძლებს ისე იმოქმედოს, როგორც აქამდე შეეძლო – ცალ კარში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და არაორგანიზებული საზოგადოების ფონზე.

მესამე ისაა, რომ ისინი ახალს ვერაფერს ქმნიან, რუსული ავტორიტარიზმის დამყარების გეგმების ასლების გარდა. ეს ყველაფერი ხომ რუსული სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი გეგმაა. შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო ჩვენც წაგვიკითხავს და ვიცით, თუ რა სვლებია გაწერილი. ამაში აღარაფერია მოულოდნელობა და  ახალი. ეს არის ამ გეგმის მთავარი სისუსტე და ამ ადამიანების კრიტიკული ნაკლი: მათ არ აქვთ პოლიტიკური შემოქმედების უნარი, მხოლოდ მიმბაძველობის.

მიმბაძველობით კი არაფერი გამოვა ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც საქართველო არ არის რუსეთი და ქართული საზოგადოება არ არის რუსული საზოგადოება. და ბოლოს, საქართველოში შეცვლილია საარჩევნო და პოლიტიკური დემოგრაფია და პოლიტიკურ კლიმატს უფრო ახალგაზრდა და უფრო თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ეს არის ის, რასაც ისინი ვერ თუ არ ხედავენ; ეს არის, ის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მათ გარდაუვალ პოლიტიკურ ფიასკოში.

სულაც არ  მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ადვილი იქნება. პირიქით, უფრო რთული, ვიდრე ალბათ  ოდესმე ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არის ჩვენი ბედი და ჩვენი პასუხისმგებლობა.  თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

____

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: