მთავარი,სიახლეები

პოლიციელთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოსთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა

07.06.2016
პოლიციელთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოსთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი შალვა ქორიძის წინააღმდეგ. შალვა ქორიძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც შალვა ქორიძე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში, გაამართლა.

შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცეს: შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ. მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს და მათ დამხმარე ძალა არ დასჭირვებიათ. შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან კი ჩანს, რომ შალვა ქორიძე სპეციალური რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს. ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლოს თავად პოლიციის პრესსამსახურის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები პოლიციელთა ჩვენების მიცემის შემდეგ წარუდგინა, რითაც აშკარად გამოჩნდა პოლიციელთა სიცრუე.

შალვა ქორიძე ამჟამად ერთწლიან სასჯელს იხდის ნარკოტიკების მოხმარებისთვის. “ამ დროისთვის არ ვიცი, უჩივლებს თუ არა ქორიძე პოლიციელებს ცრუ ჩვენებებისთვის” – ამბობს “ბათუმელებთან” ადვოკატი, რამინ პაპიძე.

უცნობია, რატომ არ იწყებს გამოძიებას თავად პროკურატურა პოლიციის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვისი ჩვენებებიც ორი ინსტანციის სასამართლოსთვის არადამაჯერებლი აღმოჩნდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დაწყების ნაცვლად, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

პოლიციელების წინააღმდეგ მოკლევა არ დაუწყია არც შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალურ ინსპექციას. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, მოსამართლეს პოლიციელთა ჩვენებისთვის “ცრუ ჩვენების” კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: