მთავარი,სიახლეები

როგორ დაანგრია რუსულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მამა-შვილის ცხოვრება

06.04.2023 • 1126
როგორ დაანგრია რუსულმა სისტემამ ომის მოწინააღმდეგე მამა-შვილის ცხოვრება

დღეს, 6 აპრილს, რუსეთში, ქალაქ ეფრემოვში, სასამართლოს უნდა განეხილა, შეუზღუდავდნენ თუ არა 13 წლის მაშა მოსკალევას მამას, ალექსეი მოსკალევს, მშობლის უფლებებს. მაშას მამას 2 წელი აქვს მისჯილი რუსული არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო ცნობებით, ალექსეი მინსკში დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ მისი კვალი გაქრა.

მამა-შვილი მოსკალევების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა „რუსეთის არმიის დისკრედიტაციის“ მუხლით განხილულ საქმეებს შორის.

ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა 2022 წლის აპრილში რუსეთში, ქალაქ ეფრემოვის მე-9 სკოლის მოსწავლემ, მაშა მოსკალევამ ხელოვნების გაკვეთილზე ომის საწინააღმდეგო ნახატები დახატა: რუსეთისა და უკრაინის დროშები სიტყვებით – „არა ომს“, „დიდება უკრაინას“ და ქალი ბავშვთან ერთად, რომელთაც რაკეტები ეცემოდათ რუსეთიდან.

მაშას ნახატი

სკოლის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. მეორე დღეს მაშა გაკვეთილებიდან გაიყვანეს და მამასთან და სოციალურ სამსახურთან ერთად განყოფილებაში წაიყვანეს. გავიდა კიდევ ერთი დღე და მაშასთან სასაუბროდ სკოლაში „ეფესბეს“ თანამშრომლები მივიდნენ.

მაშას სამი წლის ასაკიდან მარტო ზრდიდა მამა, ალექსეი მოსკალევი, რომელსაც მცირე ბიზნესი ჰქონდა. მაშას დედა რუსეთის სხვა ქალაქში ცხოვრობს.

მალე ალექსეი მოსკალევის წინააღმდეგ შედგა ოქმი რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით, რუსულ სოციალურ ქსელში, „ოდნოკლასნიკში“ გამოქვეყნებული ომის საწინააღმდეგო კომენტარის გამო – „რუსეთის არმია. მოძალადეები ჩვენთან არიან“. მოგვიანებით ის 35 000 რუბლით დააჯარიმეს.

2022 წლის დეკემბერში ალექსეი მოსკალევის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რუსული არმიის განმეორებით დისკრედიტაციის ბრალდებით. მიზეზი „ოდნოკლასნიკში“ დაწერილი რამდენიმე კომენტარი გახდა, მათ შორის უკრაინის ქალაქ ბუჩაში მცხოვრები მოსახლეობისა და ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის შესახებ.

მოსკალევების ბინა გაჩხრიკეს, ალექსეი კი „ეფესბემ“ დაკითხვაზე დაიბარა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ალექსეი მოსკალევმა თქვა, რომ მას სცემეს და თავი კედელსა და იატაკზე არტყმევინეს. სანამ იგი დაკითხვაზე ჰყავდათ, მისი შვილი, 13 წლის მაშა, სოციალურმა სამსახურმა უდედმამო ბავშვებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნა.

მაშა ცენტრიდან მეორე დღესვე გამოიყვანა ალექსეიმ და შვილთან ერთად ქალაქი დატოვა.

2023 წლის იანვარში ეფრემოვში დაბრუნებული ალექსეი მოსკალევი დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს, გამოიძახეს არასრულწლოვანთა საკითხთა კომისია და მაშა კვლავ ბავშვთა სახლში გაგზავნეს.

2023 წლის 2 მარტს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ალექსეი მოსკალევს შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა შვილზე ზრუნვის უფლება მამას არ მისცეს – მაშა მოსკალევა კომისიამ ბავშვთა სახლში დატოვა.

2023 წლის 28 მარტს სასამართლომ ალექსეი მოსკალევს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სხდომას ალექსეი არ ესწრებოდა. სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მოსკალევი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

მაშა მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვთა სახლში იყო, საიდანაც ალექსეი მოსკალევის ადვოკატს გადასცეს გოგონას წერილი და ნახატები მამისათვის. წერილსი მაშა მამას გმირს უწოდებს:

„ძალიან გთხოვ, არ გახდე ავად და არ ინერვიულო. ჩემთან ყველაფერი კარგადაა, ძალიან მიყვარხარ და იცოდე: შენ არაფერში ხარ დამნაშავე, მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ და რასაც აკეთებ, სწორია.

…ერთ დღეს ჩვენ დავსხდებით მაგიდასთან და ამ ყველაფერს გავიხსენებთ. იმედია, არა, დარწმუნებული ვარ, რომ არ დანებდები. შენ ძლიერი ხარ, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ შეგვიძლია. ვილოცებ შენთვის და ჩვენთვის, მამა“, – წერს მაშა. 

30 მარტს გავრცელდა ცნობები, რომ ალექსეი მოსკალევი ბელარუსში, მინსკში დააკავეს. სავარაუდოდ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან მობილური ტელეფონი ჩართო. თუმცა დაკავების შემდეგ ის, მისი ადვოკატის თქმით, გაუჩინარდა და არავინ იცის, სად იმყოფება მოსკალევი ამჟამად.

აპრილის პირველ რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ მაშა მოსკალევა დედას გადასცეს, რომელმაც თქვა, რომ მზადაა 13 წლის მაშას აზრი პოლიტიკის შესახებ „გამოასწოროს”.

6 აპრილს სასამართლოს ქალაქ ეფრემოვში არ უმსჯელია ალექსეი მოსკალევისთვის მშობლის უფლებების შეზღუდვაზე. სასამართლო გადაიდო, რადგან მოსკალევის ადგილსამყოფელი უცნობია და სასამართლომ შესაბამის ორგანოებს დაავალა მოსკალევის დასწრება და მონაწილეობა პროცესზე.

მოსკალევების ოჯახის მხარდამჭერი მაშა მოსკალევას ნახატით მაისურზე, 6 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე. „მამის სიყვარული დანაშაული არ არის“ – წერია მაისურზე. ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

რუსეთში კი ხელმოწერები გროვდება მოთხოვნით, დაუბრუნონ მაშა მამას, რომელიც მას 3 წლიდან ზრდიდა. პეტიციას ამ დროისთვის ხელს 147 ათასი ადამიანი აწერს.

_____________

მასალა მომზადებულია მედიაპროექტ ovdinfo.org-ზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთში პოლიტიკური ნიშნით დევნილებს ეხმარება საინფორმაციო და სამართლებრივი მხარდაჭერით. სწორედ ovdinfo იცავს ალექსეი მოსკალევის უფლებებს სასამართლოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: