მთავარი,სიახლეები

როცა პაციენტი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარს ვერ ამბობს – დავა საკონსტიტუციოში

30.03.2023 • 1288
როცა პაციენტი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარს ვერ ამბობს – დავა საკონსტიტუციოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს რამდენიმე სამართლებრივ ნორმას, რაც ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტებს ეხება.

განმწესრიგებელ სხდომაზე, რომელიც 31 მარტს დასრულდება, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა არსებითად საქმეს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის თებერვალში მიმართა.

სადავო ნორმების მიხედვით, ექიმს აქვს უფლება, უკიდურესი აუცილებლობის დროს და უსაფრთხოების მიზნით, ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტს შეუზღუდოს კონკრეტული უფლებები, მაგალითად, მკურნალობაზე უარის თქმა, ან სტაციონარის დატოვების უფლება. ექიმს ასევე აქვს უფლება, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიმართ გამოიყენოს მაქსიმალური ტიპის მედიკამენტოზური შეზღუდვა – ე.წ. „სწრაფი ტრანკვილიზება“.

„საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს პირის არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზს, არამედ მის ფსიქიკურ მდგომარეობას და სოციალური ადაპტაციის ხარისხს. მიუხედავად ამისა, ექიმს უფლების შეზღუდვისას არ მოეთხოვება მოტივირებული გადაწყვეტილების მიღება და უფლების შეზღუდვის საჭიროების დასაბუთება,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სახალხო დამცველის აზრით, მსგავს ვითარებაში საჭირო უნდა იყოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა და სასამართლოს თანხმობა.

სადავო რეგულირების თანახმად კი, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს შეუზღუდოს არჩევნებში მონაწილეობის, სანატორიული და საკურორტო მომსახურებით სარგებლობის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის, მისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღების, განათლების მიღებისა და სხვა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი უფლებები.

სახალხო დამცველისთვის პრობლემურია ასევე ის გარემოება, რომ სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმებს, პროცედურას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც, მისი აზრით, ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს.

„აღსანიშნავია, რომ ფსიქიკურმა აშლილობამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს პირის უნარზე, განაცხადოს თანხმობა მკურნალობაზე. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში მკურნალობის საწყის ეტაპზე პირს შესაძლებელია არ გააჩნდეს ინფორმირებული თანხმობის გაცემის უნარი, თუმცა მკურნალობის შედეგად მას ეს უნარი შესაძლოა დაუბრუნდეს.

ამიტომ, როდესაც სრულწლოვანს შესწევს უნარი, განაცხადოს თავისუფალი და გაცნობიერებული თანხმობა მის ჯანმრთელობაში ჩარევასთან დაკავშირებით, ასეთი ჩარევა მხოლოდ მისი თანხმობით უნდა განხორციელდეს.

დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში, როდესაც სრულწლოვანს არ შესწევს უნარი განაცხადოს თავისუფალი და შეგნებული თანხმობა, ჩარევა შესაძლებელია მაინც განხორციელდეს თუ ის ემსახურება თავად ამ პირის უშუალო კეთილდღეობას,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

სარჩელში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე:

„სახალხო დამცველის მიერ შემოწმებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის ფორმები ყველგან მოიპოვებოდა, რადგან ეს ადმინისტრაციებს სტაციონარში პირის არანებაყოფლობით მოთავსების პროცედურას თავიდან აცილებს. სინამდვილეში, პაციენტების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლისას ინფორმირებული თანხმობის ფორმას გაუცნობიერებლად ან იძულებით აწერს ხელს.

პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოჰყავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პოლიციის თანამშრომლებისა და ოჯახის წევრის თანხლებით, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ. პაციენტები აცხადებენ, რომ არ იციან, ხელი რას მოაწერეს, ზოგიერთი ვერ იხსენებს ხელმოწერის ფაქტსაც.

შპს „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინფორმირების ერთ-ერთ ფორმაზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნოდა ექიმს და არა – პაციენტს. გაცნობიერებული თანხმობის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს ასევე „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მაგალითიც, როდესაც „ინფორმირებულ თანხმობაზე“ ხელმოწერიდან, 15-30 წუთის ინტერვალში, 19 პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდია გამოყენებული,“ – აღნიშნულია სარჩელში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა, პარლამენტს შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლა მოუწევს.

________________

ფოტოზე: ფსიქიატრიული კლინიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: