მთავარი,სიახლეები

აშშ-ის დრონების აქტიურობა შავ ზღვაში კარგია, ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ – ინტერვიუ

17.03.2023 • 1851
აშშ-ის დრონების აქტიურობა შავ ზღვაში კარგია, ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ – ინტერვიუ

„ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას, რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს,“ – ასეთი მოლოდინი აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს. მისი აზრით, რუსეთს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, თუმცა სამხრეთით უკრაინელებს კონტრშეტევა მოუწევთ.

„მას შემდეგ, რაც უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტს ბოლომდე დაიცავდა, ეს საკითხი განსაკუთრებით სათუო გახდა. რუსებმა ბახმუტს მოაყარეს მთელი ძალები და უკრაინელებმაც მიაყარეს,“ – ამბობს ლაშა ბერიძე.

პოლკოვნიკს ვკითხეთ საქართველოზეც: რამდენად გაიზარდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა აგვისტოს ომის შემდეგ?

„ის, რომ საქართველოს დაარტყამენ, ეს განაცხადი არის მხოლოდ და მხოლოდ სამაშველო რგოლის გადაგდება „ქართული ოცნებისთვის,“ – დარწმუნებულია პოლკოვნიკი და დასძენს: „ჩვენ უნდა ვცადოთ ყველა გზით, რომ რაც შეიძლება გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ნებისმიერი რუსული პროვოკაციის მოგერიება შევძლოთ. ჩვენ დაგვიცავს სწრაფი წინსვლა დასავლეთისკენ და ნატოსთან პარტნიორობა. მხოლოდ იმის ძახილი, რომ გვეშინია, გვეშინია, არ გამოვა. სუსტებს არავინ ეფერება…“ – გვითხრა პოლკოვნიკმა.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ლაშა, რა ხდება ამჯერად ბახმუტში? სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპი შენელებულია და „ვაგნერი“ კულმინაციას უახლოვდება. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რუსებმა ბახმუტიც ვერ აიღონ?

რუსებს თავი არ აქვთ, რომ მეტი რამ გააკეთონ. ბახმუტი რუსებმა აქციეს გარკვეულ გრავიტაციის ცენტრად, რითაც ბახმუტს მიანიჭეს უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მას აქვს. რუსებმა შექმნეს წარმოდგენა, რომ აი, ბახმუტს თუ აიღებენ, ფაქტობრივად, ომს იგებენ. სწორედ ამიტომ, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მთელი ძალებით ბოლომდე დაეცვათ ბახმუტი.

რუსებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს მდინარის გადალახვა, შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთ ნაწილში გადასვლა, ამიტომაც, ქალაქს უტევენ ფლანგებიდან. ისინი ცდილობენ სამხრეთიდან შემოვლას, რომ ფეხი მოიკიდონ, საკომუნიკაციო და ლოჯისტიკური გზები გადაკეტონ, რაც არ გამოსდით… ტაქტიკური სიტუაციის ანალიზი ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან ამისთვის სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გქონდეს.

მე არც მქონდა მოლოდინი, რომ რუსები ბახმუტს აიღებდნენ, თუმცა გარკვეულ წრეებში ეს მოლოდინი არსებობდა. მას შემდეგ, რაც უკრაინამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტს ბოლომდე დაიცავდა, ეს საკითხი განსაკუთრებით სათუო გახდა. რუსებმა ბახმუტს მოაყარეს მთელი ძალები და უკრაინელებმაც მიაყარეს.

იმდენი იტრაბახა პრიგოჟინმა [კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელი] ბახმუტი ჩვენია, ჩვენიაო, თუ ვერ აიღებს, ეს იქნება გარკვეული შერცხვენა. კოორდინაცია არ არის რუს სამხედროებსა და ამ სამხედრო დაჯგუფებას შორის და ეს კარგია უკრაინელებისთვის: მოწინააღმდეგე როდესაც აბნეულია, ეს ყოველთვის შენს წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს გრძელვადიანი ომია, არაკონვენციური და გამომფიტავი. უკრაინას არ აქვს ამ ეტაპზე შესაძლებლობა, რომ სწრაფი ომი აწარმოოს. ბახმუტის აღებით კი რუსეთი ცდილობდა ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას, გარკვეული სტიმულის მიცემას თავისი ხალხისთვის – რომ აი, ქალაქი აიღეს. თუმცა, უკუშედეგი მიიღეს. ერთი მხრივ, ხალხს აჯერებენ, რომ იმპერია აქვთ, ამხელა ჯარი და ამ დრომდე ვერ აიღეს ერთი პატარა ქალაქი.

მორალურ და ფსიქოლოგიურ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი ბრძოლებია, მსხვერპლი დიდია. ჩემი აზრით, რა რესურსებიც აქვს უკრაინას, ამით ის ეფექტურ ომს აწარმოებს. გარკვეულ ეტაპზე ალბათ ყველას იორჭოფებდა, დავთმოთ უნდა თუ არა ბახმუტიო, უფრო დიდი ქალაქებია უკანა ხაზზე, მაგრამ ასეთი გმირული თავდაცვით ძალიან მაღლდება ქვეყნის თავდაცვითი მორალი. მძიმე საყურებელი იყო მარიუპოლი ალყაში, მაგრამ ბრძოლამ და შემართებამ, როგორ იცავდნენ ქალაქს, უკრაინელი ხალხის მორალი ძალიან აამაღლა.

  • იზრდება უკრაინის შესაძლებლობები, რომ მან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა შეძლოს? 

უკრაინას ამდენი რესურსი ჯერჯერობით არ აქვს, რომ კონტრშეტევა შეძლოს.

ლოკალურ დონეზე, ტაქტიკურად, უკრაინელები ყოველდღიურად უტევენ, სტრატეგიული შეტევა შეიძლება და ალბათ განხორციელდება კიდეც სამხრეთის მიმართულებით, მაგალითად, მელიტოპოლის გასათავისუფლებლად და სამხრეთიდან დასავლეთისკენ, ბერდიასნსკი და ასე შემდეგ.

  • არის ამის ნიშნები? უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კოლაბორაციონისტებს უკრაინის სამხრეთიდან თავიანთი ოჯახები გაჰყავთ ყირიმში. რას აჩვენებს ეს თქვენთვის?

თუ ვინმეს სურს რუსეთში ცხოვრება, ალბათ დღესვე უნდა წაიყვანოს ოჯახი რუსეთში. თუმცა იმისთვის, რომ სამხრეთის მიმართულებით შეტევა განხორციელდეს, საჭიროა, პირველ რიგში, ძალიან ბევრი ჯავშანტექნიკა.

  • უკრაინას უკვე გადასცეს 115 „ლეოპარდი“, ასევე საფრენი აპარატები…

ეს არაა საკმარისი. უკრაინას მინიმუმ 1000 ერთეული ჯავშანტექნიკა სჭირდება. ჯავშანტექნიკის გარდა, აუცილებელია ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები. ეს კოლონა აუცილებლად უნდა დაიცვა 80 %-ით მაინც საჰაერო შეტევებისგან. ასეთი შეტევისთვის ასევე საჭიროა მინიმუმ ხუთჯერ მეტი საარტილერიო საბრძოლო საშუალებები, რაც დღეს უკრაინას აქვს.

განსაკუთრებით შორსმსროლელი საბრძოლო ტექნიკაა საჭირო, რათა რუსული საარტილერიო ბატარეები და დივიზიონების ჩახშობა მოახერხო. ასეთ შეტევას სჭირდება გაცილებით მეტი რესურსი, ვიდრე დღეს უკრაინას აქვს. ომი, რომელსაც აწარმოებს უკრაინა, მუშაობს რუსეთის სამხედრო ძალების გამოფიტვასა და განადგურებაზე. თავდაცვითი ხასიათის ომის წარმოება გაცილებით მომგებიანია დღეს უკრაინისთვის.

  • არ უშვებთ, რომ შესაძლოა, რუსებმა შეტევის რესურსი ბოლომდე ამოწურონ, მაგრამ მოახერხონ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა? 

ის ტერიტორიები, რაც რუსებმა დათმეს, იმიტომ კი არ დათმეს, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევა განახორციელეს, არამედ დათმეს იმიტომ, რომ ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლოთ. ბრძოლა თუ გაგრძელდება, ჩემი აზრით, რუსები ყველა ტერიტორიას დათმობენ. სამხრეთის მიმართულებით უკრაინელებს შეტევა ნამდვილად დასჭირდებათ. იქ დასახლებული პუნქტები ძალიან შორი-შორსაა, ჯავშანდაჯგუფებაა იქ საჭირო, რომ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეზე მიხვიდე.

ეს ომი, ჩემი აზრით, არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით. ეს ომი დამთავრდება იმით, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ომის წარმოებას. რუსეთი აუცილებლად გატყდება და უკან დაიხევს. როგორი იქნება ეს მსხვრევა, ძნელია ამის თქმა, მაგრამ მე არ ველოდები მასობრივ შეტევას უკრაინის მხრიდან, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. აქ იქნება ისეთი რამ, როგორც ეს იყო ვიეტნამში, ავღანეთის პირველი ომი, მეორე ომი, ერაყის ომი, როცა დიდი ქვეყანა ვეღარ აგრძელებს ბრძოლას და იძულებული ხდება რაღაც პირობებს დათანხმდეს და წავიდეს იქიდან.

  • ჩანს უკვე რუსების გამოფიტვის ნიშნები? 20-29-მდე შემცირდა რუსული არმიის სახმელეთო შეტევის რაოდენობა, როცა თავდასხმების რიცხვი 90-100-მდე იყო. ეს არის უკრაინის არმიის პოლკოვნიკის, ალექსეი დმიტრაშკოვსკის მონაცემები.

ყველა ინდიკატორის მიხედვით, რუსეთი არის გაცილებით დასუსტებული და დეგრადირებული, ვიდრე ეს იყო ომის დაწყებამდე. ომის დასაწყისში რუსეთს შეეძლო მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო დარტყმების. დღეს ფიზიკურად ძალიან შეზღუდულ ტერიტორიაზე თუ დაფრინავენ რუსი სამხედროები. უკრაინის საჰაერო თავდაცვა ძალიან მოძლიერდა და ყველა თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, რომელიც რუსების ზოლს გასცდება.

ომის დასაწყისში ჩვენ ასევე გვახსოვს უზარმაზარი კოლონებით შეტევა. რუსებს დღეს არც ამის შესაძლებლობა აქვთ. ერთადერთი მას დარჩა საარტილერიო დაბომბვები და ცოცხალი ძალის მიყრა. არავითარი ტაქტიკა და საბრძოლო ტექნიკა არ იგრძნობა.

  • გარდამტეხი რა შეიძლება გახდეს ამ ვითარებაში? 

ვფიქრობ, ამის ინდიკატორი იქნება ის, რომ რუსეთში გარკვეული შიდა დაპირისპირება დაიწყება კულისებს მიღმა, ან კულისებში. ასეთი მასშტაბის ომს და მსხვერპლს, ასევე სანქციებს ვერ გაუძლებს რუსეთი. ჩემი აზრით, რუსებს მოუწევთ დიდი ქალაქებიდანაც ახალგაზრდების წაყვანა. რაც უფრო მეტი კუბო ჩავა რუსეთში, მით უფრო მალე გატყდება რუსეთი.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, პრიგოჟინს სურდა ხაზი გაესვა საკუთარი მნიშვნელობისთვის და თავად მოიგონა, რომ კრემლი მის ჩამოშორებას ცდილობდა. თქვენი დაკვირვებით, რა სახეს იღებს პრიგოჟინის და შოიგუს დაპირისპირება?

ეს დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს და პრიგოჟინი ცდილობს, რომ გარკვეულწილად ეროვნული გმირის როლი მოირგოს, ხოლო შოიგუ და რუსი სამხედროები გამოიყვანოს „ჩმორის“ როლში. ნაწილობრივ ეს სიმართლეა, რადგან შოიგუს და რუსეთის გენშტაბს მართლაც არაფრის უნარი არ აქვთ, სამხედრო თვალსაზრისით რომ შევაფასოთ. პრიგოჟინი ბანდიტური მენტალიტეტის ადამიანია და ისე იქცევა, როგორც მტაცებელი. „ვაგნერის“ დაჯგუფება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ეფექტურობით თავდაცვით ქვედანაყოფებთან შედარებით, აქ არის დიდი პიარკამპანია და უფრო ის მომენტი, რომ „ვაგნერს“ შეუძლია მსხვერპლი იოლად გაიღოს, თავდაცვის სამინისტროს კი, ამის საშუალება არ აქვს. მომზადებული სამხედრო ოფიცერი იმას ვერ გააკეთებს, რასაც ბანდიტები აკეთებენ. მათ არანაირი მორალური ზღუდე არ აქვთ.

რაღაც პერიოდი იყო პრიგოჟინი პუტინის ფავორიტი, რაც შეიცვალა. ძნელია გაიგო, რა მოსწონს და რა არ მოსწონს პუტინს, იზოლაციაში მყოფ ოლიგარქს და დიქტატორს. პრიგოჟინს სურს, როგორმე თავდაცვის სამინისტროში შეძვრეს და დაწინაურდეს მმართველ რგოლში, თუმცა რეალურად ჩანს, რომ რესურსი პრობლემაა – შეტევაზე წასულ „ვაგნერის“ მებრძოლებს ავტომატებიც რომ არ ჰქონდათ, თავად ჰყვებოდნენ. თანაც, ავტომატებს ხომ თავად აწარმოებენ, მაგრამ აქ უკვე მხოლოდ წარმოება არ არის პრობლემაა. სერიოზული პრობლემები აქვთ ლოჯისტიკაში.

  • ბრიტანელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტი, სავარაუდოდ, იმდენად გაუარესდა, რომ ფრონტის ბევრ ადგილას ჭურვების გამოყენებაზე უკიდურესად მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს.

საბრძოლო მასალები არის ისეთი რამ, რის წარმოებასაც შეძლებს რუსეთი, გაზრდის წარმოებას, რაღაცას მოიფიქრებს და ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს გახდება პრობლემა. რის წარმოებაც არ შეუძლია რუსეთს, ეს არის მომზადებული პირადი შემადგენლობა. რუსეთს ამის წარმოება არ შეუძლია, რაც სჭირდება შეტევისთვის.

  • დღეს გაირკვა, რომ სლოვაკეთი გადასცემს უკრაინას 13 ავიაგამანადგურებელს. ეს რამდენად ცვლის უკრაინის საჰაერო სამხედრო შესაძლებლობას? 

ყველაფერი, რასაც გადასცემენ უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პირველი პრიორიტეტი ამ ეტაპზე უკრაინისთვის არის საბრძოლო მასალების მიწოდება, რაც სჭირდება ხუთჯერ და ექვსჯერ მეტი, ვიდრე დღეს აქვს. შემდეგია, რაც შეძლება მეტი ჯავშანტექნიკა და სარაკეტო დაცვის საშუალებები.

შეტევისთვის უკრაინას, რა თქმა უნდა, სჭირდება უფრო მეტი ავიაცია. უკრაინას ახლა სჭირდება ბომბდამშენი ავიაცია, რომ დაბომბოს რუსული პოზიციები.

  • შავ ზღვაზე მინდა გკითხოთ: აშშ-ის განცხადებით, ამერიკული სადაზვერვო დრონი, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მანევრის შედეგად, შავ ზღვაში ჩავარდა. ვაშინგტონი რუსეთის მხრიდან „უგუნურ“ ქმედებაზე საუბრობს, მოსკოვში კი უარყოფს თავის პასუხისმგებლობას.

რუსებმა აღმოაჩინეს დრონი და ჩამოაგდეს ისე, რომ სროლა არ უნდოდათ. შემდეგ რაღაც მანევრი ჩაატარეს, ბენზინი გადაასხეს და ვითომ გაითამაშეს, რომ თვითმფრინავი დაეჯახა ცაში… ამას ჰქვია ვირეშმაკობა, ზემო იმერული დიალექტით რომ ვთქვათ.

ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თვითონ დრონების ასეთი აქტიური მოქმედება შავი ზღვის მიდამოებში ძალიან კარგია, რადგან ამ აკვატორიაში ჩვენც შევდივართ. ეს იმას აჩვენებს, რომ ამერიკული სადაზვერვო საშუალებები გააქტიურებული არიან, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ და ნატოს ძალების განლაგება შავი ზღვის აკვატორიაში იცვლება. ისე არ იქნება ახლა, რომ დრონის ჩამოგდების შეეშინდათ ამერიკელებს და კიდევ არ ააფრენენ დრონებს. ვფიქრობ,  რუსები თუნდაც ასეთი მანევრის ჩატარებას ვეღარ მოახერხებენ. თუკი აქამდე დომინანტი იყო რუსეთი შავ ზღვაზე, ახლა ვიხილავთ, რომ რუსეთი აღარ იქნება ამ აკვატორიაში ძირითადი მოთამაშე და ვნახავთ ნატოს გააქტიურებას.

  • რამდენად ზრდის ეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას? რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, „საქართველოს არავინ გადაუსვამს თავზე ხელს და უბრალოდ, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს“. რამდენად ხედავთ ამის საფრთხეს დღეს და თავდაცვის რა საშუალებები აქვს საქართველოს, რა გაუმჯობესდა და შეიცვალა აგვისტოს ომის შემდეგ?

აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი თავდაცვითი უნარები დიდად არ გაუმჯობესებულა, რა ინფორმაციაც მე მაქვს, 8 წელია წამოსული ვარ შეიარაღებული ძალებიდან. თუმცა ის, რომ საქართველოს დაარტყამენ, ეს განაცხადი არის მხოლოდ და მხოლოდ სამაშველო რგოლის გადაგდება „ქართული ოცნებისთვის“.

რეალურად, რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა ამ ეტაპზე, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. რუსეთს სჭირდება კავკასიაში მშვიდობა. კარგად ვნახეთ ყველამ ყარაბაღის შემთხვევაში როგორ წავიდა სომხეთი დათმობაზე აზერბაიჯანთან.

რუსეთი არის მტერი და მისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ თავდასხმას, ამიტომაც, უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენ თავდაცვით ძალებს, რაც შეიძლება მეტი რეზერვები უნდა მომზადდეს, ამ დროს კი, ხელისუფლება მარტო იმას გვეუბნება:„აბა, ომი გინდათ?“ ეს ძალიან ცუდი ნათქვამია, ომი არავის უნდა. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ რუსეთი ერთადერთ შემთხვევაში ვერ გაბედავს პროვოკაციის მოწყობას საქართველოში, თუ იცის, რომ ეს დაუჯდება ძვირად და ჩვენ გავცემთ ისეთივე პასუხს, რა პასუხსაც სცემენ უკრაინელები.

ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის ძალები, ვერ გეტყვით, რომ შეგვიძლია რუსული შემოტევის მთლიანად მოგერიება, მაგრამ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ნებისმიერ დროს დაგვბომბონ, რა უნდა ვქნათ? ჩვენ უნდა ვცადოთ ყველა გზით, რომ რაც შეიძლება გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ნებისმიერი რუსული პროვოკაციის მოგერიება შევძლოთ.

ჩვენ დაგვიცავს სწრაფი წინსვლა დასავლეთისკენ და ნატოსთან პარტნიორობა. მხოლოდ იმის ძახილი, რომ გვეშინია, გვეშინია, არ გამოვა. სუსტებს არავინ ეფერება თავზე. ასე რომ, პირველ რიგში, სუსტები არ უნდა ვიყოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: