მთავარი,სიახლეები

რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა

01.03.2023
რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის პირველი მარტის ანგარიში „შაჰიდებთან“ უკრაინის ბრძოლას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ღამის განმავლობაში 14 „შაჰიდით“ თავდასხმა. მათგან უკრაინამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი პოპკოს განცხადებით, ჩამოგდებული დრონებიდან 9 კიევის საჰაერო სივრცის სიახლოვეს იყო. დანარჩენი სამი „შაჰიდი“ კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ჩამოაგდეს.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რამდენადაც 15 თებერვლიდან 27 თებერვლის იერიშამდე დრონებით თავდასხმა არ დაფიქსირებულა, ტემპის მსგავსი კლება შესაძლოა რუსეთის მარაგში აღნიშნული დრონების შემცირებაზე მიუთითებდეს. შესაბამისად, უწყების პროგნოზით, რუსეთი შეეცდება ამ მარაგის შევსებას.

ბრიტანელი ანალიტიკოსები „შაჰიდების“ ტრაექტორიაზე დაყრდნობით წერენ, რომ დიდი ალბათობით, ისინი რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან გაუშვეს. მანამდე კი, 2022 წლის შუა დეკემბრის შემდეგ, დრონების გაშვების ერთადერთ პუნქტად შემჩნეული იყო კრასნოდარის რეგიონი, აზოვის ზღვის გასწვრივ ტერიტორია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დრონების გაშვების ახალი, მეორე ადგილი, რუსებს შეტევის ახალ მიმართულებას აძლევს – უფრო ახლოს კიევთან. უწყების ვარაუდით, ეს არის რუსების მცდელობა, შეამცირონ უკრაინის საჰაერო სივრცეში ყოფნის დრო და უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო დატვირთონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: