საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული „აღიაროს“, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

არადა გრანტის სახით მილიონობით ლარს იღებენ სამთავრობო ორგანიზაციები და დიდი ალბათობით, მიიღებენ მომავალშიც. საქართველოში სამთავრობო/საბუჯეტო ორგანიზაციებმა მარტო ბოლო 10 წელში 3 მილიარდამდე ლარის ოდენობის უცხოური გრანტი მიიღეს. უცხოური გრანტებით გაკეთებულ საქმეს კი, მთავრობა საკუთარი პიარისთვის იყენებს. 

კანონპროექტის მიზანი უკვე შეფასდა, როგორც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის „გაშავება“; კანონის მიღება კი – ქვეყნის ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც სამომავლოდ ნეგატიურად აისახება ევროპული თუ სხვა ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.

საქართველოში, მარტო ბოლო 10 წელში, სამთავრობო თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ჯამში 2,8 მილიარდი ლარის გრანტი მიიღეს უცხოეთიდან.

აქედან 2,2 მილიარდი ლარი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული გრანტია, ხოლო 552,2 მილიონი ლარი – უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტი.

საქართველოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური გრანტები / წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/სახელმწიფო ხაზინა
რას ხმარდება საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური გრანტები

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სხვადასხვა ღონისძიება წელს 279 მილიონ 550 ათასი ლარის უცხოური გრანტით დაფინანსდება. აქედან 168 მილიონ 650 ათასი ლარი – საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები, ხოლო 7 მილიონ 600 ათასი ლარი – უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტებია.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოეთის მთავრობებისგან მიღებული გრანტებით, 2023 წელს, საქართველოში დაფინანსდება შემდეგი პროგრამები და პროექტები:

  • საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა;
  • მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა;
  • აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა;
  • უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის;
  • ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის;
  • ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება;
  • ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში;
  • თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი;
  • 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“;
  • დაცული ტერიტორიების განვითარება;
  • ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი;
  • ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება;
  • საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა;
  • მერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • პროფესიული განათლების პროგრამა;
  • აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი;
  • ქუთაისის წყალარინების პროექტი.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწორედ აშშ-ევროკავშირიდან მიღებული გრანტებითაა დაფინანსებული საქართველოში თითქმის ყველა სფერო – თავდაცვით და განათლებით დაწყებული, ტრანსპორტითა და კანალიზაციის სისტემებით დამთავრებული.

[toggle title=”უცხოეთის დახმარება საქართველოს – რამდენიმე მონაცემის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

საშუალოდ წელიწადში 60 მილიონ დოლარს შეადგენდა აშშ-ის არასამხედრო დახმარება საქართველოსთვის 2010-2017 წლებში; 89,8 მილიონი დოლარი იყო 2019 წელს კონგრესის მიერ გამოყოფილი ასევე არასამხედრო დახმარება.

1992-2022 წლებში:

  • 6 მილიარდი დოლარი შეადგინა აშშ-ის მთავრობის დახმარებამ საქართველოსთვის;
  • 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ.

ამასთან, 120 მილიონ ევროს გამოყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად ევროკავშირი ყოველწლიურად გრანტების სახით.

2 მილიონი დოლარით დააფინანსა აშშ-ს ელჩის ფონდმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტზე მეტი; 140 მილიონი დოლარი გრანტი მიიღო საქართველომ აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან 2014-2019 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სწავლების გაუმჯობესებისთვის.

1802 ადამიანი გაემგზავრა ევროპაში სასწავლებლად ევროკავშირის პროგრამით Erasmus + მხოლოდ 2018 წლის მონაცემებით. მილიონ-ნახევარი ევროა ევროკავშირის პროგრამის ბიუჯეტი საქართველოში „Creative Europe“, 2014-2020 წლებისთვის. პროგრამა ისევ გრძელდება და კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამა კულტურულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს ტრანსნაციონალურ სივრცეში გასვლის შესაძლებლობას სთავაზობს.

1.8 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსით დაეხმარა საქართველოს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. USAID-ის პროგრამების მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ჯანდაცვის და განათლების სისტემის გაუმჯობესება და ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა.

330 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს USAID-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც. რესურსი მოხმარდება  დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რმაც ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უნდა გააჩინოს.

130 მილიონი ევრო გაიცა ევროკავშირის პროგრამა Horizon 2020-ის ფარგლებში, რომლის საშუალებით 2009 წლის შემდეგ 40 000-მა მცირე და საშუალო საწარმომ, ფერმერმა მიიღო სესხები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა საქართველოსთვის უცხოეთის დახმარებას პანდემიაში:

[checklist]

  • 2,7 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთვის Covid-19-თან გასამკლავებლად.
  • 3 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო საქართველოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.
  • 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCoV ფონდში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა.
  • 183 მილიონ ევროზე მეტის მობილიზება შეძლო ევროკავშირმა საქართველოსთვის პანდემიაში სხვადასხვა სექტორის დასახმარებლად. მათ შორის: 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტები როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის; 75 მილიონ ევროს გრანტების სახით ევროკავშირი გასცემს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მხარდასაჭერად, რომლის მიზანიც ეკონომიკური აღდგენაა.

[/checklist]

[/toggle]

რაში იხარჯება უცხოური გრანტები – რამდენიმე მონაცემი აჭარის მაგალითზე:

[checklist]

  • 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი დაიხარჯა ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტში.
  • 10 მილიონი ევრო გრანტი დაიხარჯება პროექტში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირი აფინანსებენ. ამ პროექტის ფარგლებში აჭარის დაბებსა და სოფლებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები უნდა მოეწყოს გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.
  • „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდის მიერ გამოყოფილი 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტი დაიხარჯა ბათუმში ელექტროავტობუსების შესაძენად.
  • 77 ათას 235 აშშ დოლარი გრანტით შეიძინა ქედის მუნიციპალიტეტმა ელექტრო მიკროავტობუსი. ეს გრანტი იაპონიის საელჩომ გამოყო.
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის, ბათუმი 7 მილიონ 500 ათას ევროს მიიღებს გრანტის სახით.
  • KfW-ს მიერ 2 მილიონი ევრო გრანტია ასევე გამოყოფილი V ფაზის ფარგლებში ბათუმში – ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურისა და მეჯინისწყლის ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მოსაწყობად.
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო დაიხარჯა ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. ტექნიკური აღჭურვილობა კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

[/checklist]

 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიმუშავა „ხალხის ძალამ“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგანაა დაკომპლექტებული და რომელიც ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

„ხალხის ძალა“ ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გათვალისწინებულია „სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა“.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA)“, აშკარად მცდარია. მეტიც, ჩანს, რომ ეს კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან“ – აცხადებს საქართველოს ომბუდსმენის აპარატი.

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version