მთავარი,სიახლეები

ნაზარბაევს „ერის მამის“ და საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს

12.01.2023
ნაზარბაევს „ერის მამის“ და საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორისა და „ერის მამის“ („ელბასი“) წოდებები ჩამოართვეს – ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

პარლამენტის ზედა პალატის, სენატის თავმჯდომარის, მაულენ აშიმბაევის განცხადებით, საპატიო სენატორის წოდება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სენატის რეგლამენტიდან ამოიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“, რომლითაც ნაზარბაევს პრივილეგიებისა და გარანტიების გარდა, „ელბასის“ წოდება მიანიჭა.

სენატის თავმჯდომარე მაულენ აშიმბაევმა უკვე მოიწვია პარლამენტის ორივე პალატის სხდომა, რომელზეც კანონს საბოლოოდ გააუქმებენ. სხდომა 13 იანვარს უნდა შედგეს.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს პრეზიდენტის რანგში 28 წლის განმავლობაში მართავდა. მანამდე, საბჭოთა პერიოდშიც, თავად იყო ამ ქვეყნის პირველი პირი – ცეკას პირველი მდივანი. 2010 წელს კი მას „ერის მამის“ წოდება მიენიჭა. გასული წლის საპროტესტო აქციებამდე, 82 წლის ნაზარბაევი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის ხელმძღვანელობდა მმართველ პარტიასაც.

2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა ნაზარბაევის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო. მოგვიანებით, ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც ნაზარბაევმა და მისმა ოჯახის წევრებმა რიგი პრივილეგიები დაკარგეს.

___

სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: