მთავარი,სიახლეები

დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ – როგორ ხვდებიან ყაზახეთში რუსებს

29.08.2022
დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ – როგორ ხვდებიან ყაზახეთში რუსებს

„მოხსენი სტიკერი Z და ისე გაიარე. ჩახვალ რუსეთში და დააკრავ ისევ, ვინ დაგიშლის? დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ ჩემს მიწაზე, ყაზახეთის მიწაზე,“ – ასე მიმართვას სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ყაზახეთის მოქალაქე და Z-იან სტიკერს ახსნევინებს.

როგორც Настоящее Время წერს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. სოციალურ ქსელებში გაჩენილი უამრავი ვიდეო ადასტურებს, რომ რუსულ ავტომანქანებზე დაკრული Z და V ასოები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის სიმბოლოებად იქცა, ყაზახების პროტესტს იწვევს.

ასეთ ვიდეოებს ზოგჯერ თვითონ ადგილობრივები, ზოგჯერ კი მათი საქციელით აღშფოთებული რუსი ტურისტები იღებენ და აქვეყნებენ. ერთ-ერთი ტურისტი, რომლის ვიდეოშიც ავტომანქანაზე კარგად ჩანს სტიკერი Z, ჰყვება, რომ ყაზახეთის კურორტზე მათ „ძალიან, ძალიან, ძალიან არაკეთილგანწყობილად“ შეხვდნენ.

„ჩვენი მანქანის მინაზე ასეთი ნიშანი დაინახეს და გვეცნენ ბრალდებებით, რომ უკრაინას დავესხით თავს. „რუსებო, წაეთრიეთ აქედან, თქვენ ფაშისტები ხართ,“ – გვითხრა ავტობუსის ყაზახმა მძღოლმა,“ – ამბობს ტურისტი ქალი.

მოქალაქეები რუს მძღოლებს ან თავად აიძულებენ, ასეთი სტიკერები მოხსნან ან იძახებენ პოლიციას, რომელიც ავტომანქანების მფლობელებს „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ გამო აჯარიმებს.

ყაზახეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ამ სიმბოლოებს კრძალავს.

სერგეი დუვანოვი, ცნობილი ყაზახი ჟურნალისტი, „ყაზახგეიტის“ სკანდალის ავტორი, რომელიც ყაზახეთის მთავრობამ 2003 წელს დააპატიმრა კიდეც, ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ასეთ კანონს რუსეთის შიშით არ იღებს.

„ყაზახეთი რუსეთის პოლიტიკის გავლენის ქვეშაა და ჩრდილოელ მეზობელთან კონფლიქტი არ უნდათ. კანონი რომ მიიღონ, იძულებულნი იქნებიან, აკრძალვის პოლიტიკური მოტივი გააცხადონ, ეს კი, ჩემი აზრით, კრემლს არ მოეწონება,“ – ამბობს ჟურნალისტი Настоящее Время-სთან ინტერვიუში.

ასოები Z, V და O, რომლებიც რუსულ სამხედრო ტექნიკაზეა გამოსახული, უკრაინაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის სიმბოლოებად იქცა. ამ ნიშნების გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ, სპორტულმა ორგანიზაციამ და ბიზნესკომპანიამ აკრძალა.

ასევე წაიკითხეთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/430177/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: