მთავარი,სიახლეები

„ალიანსის“ მფლობელმა 16.5 მილიონად ბათუმის სანაპიროზე მიწა იყიდა

11.01.2023
„ალიანსის“ მფლობელმა 16.5 მილიონად ბათუმის სანაპიროზე მიწა იყიდა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, თამარის დასახლების #1-ში მდებარე ნაკვეთი, რომლის ფართობიც ერთ ჰექტარზე მეტია [16 433 კვ.მეტრი], აჭარის მთავრობამ 16 მილიონ 500 000 ლარად გაყიდა. ქონების საწყისი ღირებულება 10 მილიონ 500 000 ლარი იყო, თუმცა მისი ფასი კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა. ელექტრონული ვაჭრობა 24-ე ბიჯის დადების შემდეგ შპს „სიტი გაიდის“ გამარჯვებით დასრულდა.

შპს „სიტი გაიდი“ 2022 წლის პირველ დეკემბერს დააფუძნეს, კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლე, მედეა ბოჭორიშვილია.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ საპრივატიზებო საფასური 3 ეტაპად, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, 2024 წლის ივნისამდე უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, კომპანიამ შესყიდულ ნაკვეთზე 15 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

თამარის დასახლება #1 – გაყიდული მიწის ნაკვეთი

აუქციონის პირობის მიხედვით, კომპანიამ აქ მშენებლობა უნდა დაიწყოს, თუმცა პირობაში დაზუსტებული არ არის შენობის ფუნქცია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი საცხოვრებელ ზონაშია – ამ დროისთვის არ ვიცით, კომპანია აქ საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს თუ სასტუმროს.

აუქციონის პირობების მიხედვით, „სიტი გაიდმა“ სამშენებლო პროექტის ესკიზი, შენობის გაბარიტებისა და მოსაპირკეთებელი მასალების შესახებ მონაცემები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს.  გარდა ამისა, კომპანიამ 24 თვეში, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, ობიექტის მშენებლობის ნებართვის მიღება და არაუგვიანეს 48 თვის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება-ამოქმედება უნდა შეძლოს.

მიწის ნაკვეთს [ზღვის მხარეს] სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორია ესაზღვრება, რომლის ფართობიც 5 859კვ.მეტრია. დოკუმენტებით დგინდება, რომ სამინისტროს ამ ნაკვეთის გასხვისებაც სურდა, მაგრამ ნაკვეთი საინჟინრო დაცვის მუდმივი მეთვალყურეობის ზოლშია [„საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად] და მასზე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას საჭიროებს.

ღია ფერით მონიშნულია გაყიდული მიწის ნაკვეთი, ხოლო შედარებით უფრო მუქ ფერში მონიშნულია ნაკვეთი, რომლის გაყიდვაც ამ ეტაპზე მთავრობამ გადაიფიქრა

დოკუმენტების თანახმად, გზების დეპარტამენტმა აჭარის მთავრობას აცნობა, რომ ნაკვეთის გასხვისების წინააღმდეგი არ არის.

ამავე თემაზე:

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: