მთავარი,სიახლეები

ბინებში წყალი ჩამოდის, წვიმაში ლიფტს ვაჩერებთ – „ვოქსის“ კოპუსში მცხოვრები

10.01.2023 • 4900
ბინებში წყალი ჩამოდის, წვიმაში ლიფტს ვაჩერებთ – „ვოქსის“ კოპუსში მცხოვრები

ბათუმში, „ვოქსის“ კორპუსში წყალი ჩადის – ამ სახლის ერთ-ერთი ბლოკის ბოლო ორ სართულზე განთავსებული რესტორანი „ვოქსი“ გასული წლის 18 დეკემბერს დაიწვა. აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, წვიმის დროს 23-სართულიან კორპუსში ლიფტს უსაფრთხოების მიზნით თიშავენ, რადგან სადარბაზოში წვიმის წყალი აღწევს. რამდენიმე მესაკუთრეს კი წვიმის ჩასვლის გამო ბინის ინტერიერი სერიოზულად დაუზიანდა.

„მერიიდან რომ იყვნენ მოსულები, გვითხრეს 24 საათი ვიმუშავებთ და გადავხურავთო. რესტორნის ტერიტორია გაწმინდეს, მაგრამ გადახურვის სამუშაოები არ დაუწყიათ. წყალი ჩამოდის როგორც ბინებში, ასევე სადარბაზოში, იქ არის მრიცხველები, ელექტროენერგიის გაყვანილობა. ეშინიათ, რაიმე არ მოხდეს და დენს თიშავენ.

ვერც გავარკვიეთ საბოლოოდ ვის ევალება გადახურვა. დამწვარი ფართობის მესაკუთრე არ ჩანს. რესტორნის მეპატრონეს ევალება გადახურვაო, მაგრამ ის არ ჩანს. დაზუსტებით არც ის ვიცით, მესაკუთრე გადახურავს თუ არა“, – გვიყვება სალომე კოიძე, ამ კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ინფორმაციით, ბათუმში სტიქიით დაზიანებული სახურავების აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი 26 იანვარს დასრულდება. რატომღაც მერიამ ამ შემთხვევაში პროცესის დასაჩქარებლად გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის მეთოდი არ გამოიყენა, როგორც ეს მაგალითად ნაძვის ხის შესყიდვის შემთხვევაში მოხდა.

 

სამსახურში განგვიმარტეს, რომ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ „ვოქსის“ კორპუსში სტიქიის შედეგად დაზიანებული ბინების აღდგენა. რაც შეეხება სახურავს, მას მესაკუთრე აღადგენს.

რესტორანი „ვოქსი“ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ბიზნესმენ ხვიჩა შარაშიძის საკუთრებაა. მას, თავის მხრივ, რესტორანი იჯარით ჰქონდა გაცემული.

ხვიჩა შარაშიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სახურავის აღდგენას თავად, საკუთარი ხარჯებით გეგმავს. მისივე ინფორმაციით, სახურავის გადახურვის სამუშაო უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულება.

„მზიანი ამინდებია და დავასრულებთ, ნახევარი სამუშაო უკვე შესრულებული გვაქვს“, – აცხადებს ქონების მესაკუთრე.

ხანძარი „ვოქსის“ კორპუსში გასული წლის 18 დეკემბერს, 23-ე სართულზე, რესტორანში გაჩნდა. ხანძრის შედეგად რესტორანი მთლიანად დაიწვა, რამდენიმე ბინა ხანძრის, რამდენიმე ბინა კი ხანძრის ქრობის დროს დატბორვის შედეგად დაზიანდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: