ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ძველ“ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას ააშენებენ. არსებული შენობის დემონტაჟისა და ახლის აშენებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტში 6,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტერიტორია, სადაც დასანგრევი შენობები დგას, დაახლოებით 7 000 კვადრატული მეტრია.
პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ახალი შენობა სამსართულიანი იქნება – თავისი სასწრაფოს მანქანების ავტოსადგომებით, პარკინგით და ყველა საჭირო დამხმარე ნაგებობებით.
„საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის კი, გათვალისწინებულია გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ“ – აღნიშნულია პროექტში.
[რესპუბლიკურის ეზოში, რომელიც დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრია – სკვერის რეაბილიტაცია ცალკე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს].
„ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.N2-ში მდებარე შენობის დემონტაჟის და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.
სატენდერო თანხა 6 676 011 ლარია. წინადადებების მიღება 2023 წლის 25 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 30 იანვარს დასრულდება.
პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.
სასწრაფო დახმარების სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, სასწარაფოს ახალი შენობაც მართვაში, დიდი ალბათობით, აღნიშნულ ცენტრს გადაეცემა.

[toggle title=”პროექტის დეტალების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
განმარტებითი ბარათი პროექტიდან:
„არსებული საპროექტო დოკუმენტაცია მიზნად ისახავს ქალაქ ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #2-ში მდებარე შენობის დემონტაჟს და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობას, ასევე მასზედ დაქვემდებარებული დამხმარე შენობა-ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობ სამუშაოებს.
საპროექტო მიწის ნაკვეთი არ ხასიათდება უსწორმასწორო რელიეფის ფორმებით. წარმოდგენილი ტერიტორია განაშენიანებულია საავადმყოფოს შენობებით, მასზედ დაქვემდებარებული დამხმარე შენობა-ნაგებობებით, საფეხმავლო თუ საავტომობილო გზებით, პარკირების თუ გამწვანებული სივრცეებით, ასევე ტერიტორიაზე მრავლადაა სხვადასხვა სახის ხე-ნარგავები.
წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია მიზნად ისახავს ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში არსებული ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის სადემონტაჟო სამუშაოებს, რის შემდგომაც საპროექტო არეალში არსებული ხე-ნარგავების უმეტესობისთვის [დეტალურად ნაჩვენებია საპროექტო დოკუმენტაციაში] გათვალისწინებულია გადასარგავი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ტერიტორიის მოსასწორებელი სამუშაოების შემდგომ.
ძირითადი შენობის მოწყობა შედგება ორი ბლოკისგან, მათ შორის პირველი სართულის ნაწილში გავალისწინებულია გვირაბი ავტომობილების სამოძრაოდ, ხოლო მეორე და მესამე სართულები დაკავშირებულია ერთმანეთთან.
I ბლოკს აქვს ტრაპეციის ფორმა, რომლის ორ პარალელურ გვერდს აქვს რადიანის ფორმა. საორიენტაციო წერტილიდან მათი რადიუსები ტოლია 24.9 და 10.4 გრძივი მეტრისა.
I ბლოკის დასავლეთ ნაწილში არსებული ფასადის უმეტესი ნაწილი შედგება ლითონის კარკასზე მოწყობილი შემინვისგან. შემინულია ასევე ბლოკებს შორის, II და III სართულების დამაკავშირებელი ნაწილიც.
II ბლოკს გააჩნია მართკუთხა ფორმები. ორივე ბლოკის უმეტესი ნაწილი მოპიკეთებულია ალუკანონდის ფილებით, რომლებიც მოწყობილია ლითონის კარკასზე. ორივე ბლოკს გააჩნია დამოუკიდებელი კიბის უჯრედი და სანიტარული კვანძები, ლიფტი განთავსებულია I ბლოკში.
ასევე ორივე ბლოკი მოიცავს: დერეფნებს, გასახდელებს როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის ინდივიდუალურად, თავისი საშხაპეებით და ტუალეტებით, ბრიგადების მოსასვენებელ ოთახებს, დამოუკიდებლად განთავსებულ ტუალეტებს (მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და შშმ პირთათვის), სასადილო ოთახებს, სასტერილიზაციო ოთახს, რეცხვა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახს, ტექნიკური პერსონალის მოსასვენებელს, აფთიაქს, წამლების შესანახ ოთახს, სადისპეჩეროს მოსასვენებელს, დეპარტამენტის უფროსის და მენეჯერის კაბინეტებს, დაცვის და კამერების ოთახებს, არქივს, ანგარიშების სპეციალისტების და სარეზერვო, მივლინებული თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახებს, სასტუმროს ტიპის ოთახებს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ინდივიდუალური საშხაპეებით აღჭურვილ სავარჯიშო ოთახს, ტრეინინგების ოთახს, საკონფერენციო დარბაზს და მასზედ დაქვემდებარებულ სასადილო და მისაღებ ოთახებს, ასევე ტერასას, ავარიულ გასასვლელებს და აივნებს.
დამხმარე შენობა ნაგებობები თავისი დანიშნულებისა და საჭიროების მიხედვით არის სხვადასხვა ზომის, თუმცა ფასადის ზედაპირებისთვის გამოიყენება ერთი და იგივე ფერის დ ფორმის ალუკაბონდის ფილები და ასევე კარებები. დამხმარე შენობა-ნაგებობები განკუთვნილია სასაწყობედ, სამრეცხაო ნარჩენებისა და სადეზინფექციოდ, საწყობი ჟანგბადის დანადგარებისა და ბალონებისთვის, შენობა ვენტილაცია კონდიცირებისთვის და საქვაბესთვის.
ყველა მათგანი განლაგებულია ტერიტორიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
მინი-სპორტული მოედანი წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში. ის შედგება ლენტურ-წერტილოვან საძირკველზე მოწყობილი სექციური ღობისგან და დასხმის ფილისგან. სექციური ღობე თავის მხრივ შედგება ლითონის მილკვადრატებისგან და მასზედ დამაგრებულ კუთხოვანებისგან შედგენილი ჩარჩოებისგან. ჩარჩოებში მოწყობილია ლითონის ბადე. მონოლითურ ფილაზე უნდა მოხდეს ხელოვნური მინდვრის საფარის მოწყობა.
მინი-სპორტული მოედანი კომბინირებულია და განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ.
ტერიტორიის დანარჩენ პერიმეტრზე ასევე მოწყობილია: დახურული პარკირების სივრცე სასწრაფოს მანქანებისთვის, ღია პარკირების სივრცე მომსახურე პერსონალისთვის, ველო-პარკირების სივრცე, მოსასვენებელი სივრცე, გამწვანებული ტერიტორია, დეკორატიული ფილებით დაფარული ტერიტორია, ბეტონის საფარიანი სივრცე ავტომობილების გადასაადგილებლად.
საპროექტო ტერიტორია უნდა შემოისაზრვროს რკინა-ბეტონის მონოლითური ღობით, რომელსაც გააჩნია სამი შესასვლელი, ორი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან და ერთი ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან. მათგან ორში შესასვლელებად გამოყენებულია ჭიშკარი და კუტიკარი ხოლო ერთში შლაგბაუმი.
წარმოდგენილი პროექტი არ არღვევს სამეზობლო თუ საზოგადოებრივი მიჯნის ზონის პრინციპებს და არ აზიანებს გარემოს.“

[/toggle]
სხვა მოთხოვნებთან ერთად, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 35 000 000 ლარის ოდენობით;
ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და ჯანდაცვასთან დაკავშირებული შენობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 ლარის ოდენობით“.
—
ტერიტორია, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი და ახალი შენობები, სკვერი და სხვა ნაგებობები დგას, ჯამში 22 109 კვადრატული მეტრია [ამ ნაკვეთიდან ცალკე გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ბათუმის N1 პოლიკლინიკაა განთავსებული. პოლიკლინიკის შენობა კი, რომლის ფასადი აბუსერიძის ქუჩაზე გამოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].
ბათუმის რესპუბლიკურის მთელი ეს ტერიტორია და შენობაც, რომელიც უნდა დაანგრიონ, რეესტრის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.
ამასთან, ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“.
ამ კომპანიების მესაკუთრეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა წილები მართვაში სამედიცინო ჰოლდინგზეა გადაცემული. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა:
დაწყებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ხელშეკრულება შპს „ალსოფ“-თან 259 441 ლარზე აქვს გაფორმებული.

ტენდერი სკვერის რეაბილიტაციაზე რესპუბლიკურს 302 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ამ თემაზე:
302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის