მთავარი,სიახლეები

ბათუმში დაჭრილი კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა

06.01.2023 • 4357
ბათუმში დაჭრილი კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა

ბათუმში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 5 იანვარს მოხდა.

ტელეკომპანია „მთავარმა“ ჩაწერა დაჭრილი კაცის მამა, რომელიც ამბობს, რომ შელაპარაკება, სავარაუდოდ, პარკინგის გამო მოხდა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მის შვილს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები.

იგი ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მისი შვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის სიძემ დაჭრა.

„მაგრად დაჩეხილია, დაურტყია, თვალებიდან გაუსვია მაგრად… ეს უკვე წასული იყო იმ ადგილიდან, მე რომ მოვედი,  მობრუნებული იყო კვლავ დანით, დასარტყმელად, მე რომ არ ვყოფილიყავი, მომიკლავდა ბავშვს… ჯიჯავაძე ჯამბული [პირი, რომელმაც კაცი დაჭრა]. ლაპარაკობენ, მეუფეს სიძე არისო.

…უთქვია, მანქანა ძმაო აქ არ დააყენოო, იმიტომ, რომ ვერ გავდივართო და ისეთ ადგილას აყენებდა, ძლივს ვიძვრებოდით იმ ადგილიდან. მეორეჯერ რომ შეხვედრია, უთქვია, მეგობარო, გვიჭირს აქ შესვლა და ცოტა ისე დააყენეო და შენ რას ლაპარაკობ, მე ვინ ვარ, იციო? ჰოდა, ამოუღია დანა და დაურტყია“ – უთხრა „მთავარს“ დაჭრილის მამამ.

ცივი იარაღით დაჭრილი კაცი ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ფოტოებიც, რომელზეც ასახულია მრავლობითი ჭრილობები კაცის სხეულსა და სახეზე.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. აქ ჯერჯერობით არ ამბობენ, არის თუ არა დაკავებული ვინმე ამ საქმეზე.

„ბათუმელებმა“ ამ დრომდე მხარეებთან დაკავშირება ვერ შეძლო.

განახლებული ინფორმაცია: შს სამინისტროს ცნობით, კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

ამავე თემაზე:

ბათუმში კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: