მთავარი,სიახლეები

პუტინი აცხადებს, რომ პატრიარქ კირილის თხოვნით, საშობაოდ ცეცხლს შეწყვეტს უკრაინაში

05.01.2023 • 1022
პუტინი აცხადებს, რომ პატრიარქ კირილის თხოვნით, საშობაოდ ცეცხლს შეწყვეტს უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის მითითება გასცა.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა ეს გადაწყვეტილება პატრიარქ კირილის მოწოდების შემდეგ მიიღო.

„ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, 2023 წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან 2023 წლის 7 იანვრის 24:00 საათამდე შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბრძოლის მთელ ხაზზე“ – წერია ბრძანებაში. აქვე აღნიშნულია, რომ პუტინი მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს ცეცხლი აღნიშნულ დროში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საბრძოლო ზონებში ცხოვრობს მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის დიდი ნაწილი.

დღეს, 5 იანვარს, კრემლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას ემხრობა, საშობაოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა.

რუსეთის პატრიარქმა „შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს“ მოუწოდა, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ საშობაო წირვაზე დასწრება.

რუსეთის პატრიარქი თავის 5 იანვრის მიმართვაში არც უკრაინას ახსენებს და არც უკრაინაში საომრად შეჭრილ რუსეთს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლის საომარი მოქმედებები გაამართლა რუსეთის პატრიარქმა. ომს, რომელიც უკვე 10 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და 450-ზე მეტი ბავშვი.

დღესვე, კირილის განცხადების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი – დედა, მამა და 12 წლის ბავშვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: