ნეტგაზეთი • RU

უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, თავდასხმები რუსეთში ისევ იქნება – ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, ყველაზე სასტიკი ბრძოლა კი მარტშია მოსალოდნელი.

„ჩვენი მიზანია და ჩვენ მას მივაღწევთ, დაბრუნება 1991 წლის საზღვრებთან, როგორიც უკრაინაა აღიარებული საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტის მიერ“, – განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე კვლავ იქნება დარტყმები, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ამ დარტყმების უკან უკრაინა.

ოფიციალურად უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა 26 დეკემბერს რუსეთში, ენგელსის საჰაერო ძალების ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, თუმცა ბუდანოვმა ინტერვიუში თქვა, რომ „მოხარული იყო ამის დანახვით“.

მან დასძინა, რომ თავდასხმები სულ “უფრო და უფრო ღრმად” მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას იმაზე, ვინ დგას ამ თავდასხმების უკან.

რაც შეეხება ოკუპირებულ ყირიმში ხიდის აფეთქებას, ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინაა და უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი თავის ტერიტორიაზე.

ბუდანოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტის შემდეგ თავადაც იმყოფებოდა ბახმუტში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში. მან ABC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარი თვალით ნახა ადგილი, სადაც დაღუპულთა ცხედრებია.

„ჯარისკაცებმა მაჩვენეს მონაკვეთი, სადაც სხეულები გროვდება ისე, როგორც ფილმში ნახავთ. ასობით გვამი უბრალოდ ლპება ღია მინდორში“ – თქვა მან.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.