მთავარი,სიახლეები

ხულოს 40-მდე სოფელში მოსაცდელი არ არის და არც იქნება

20.12.2022 • 1185
ხულოს 40-მდე სოფელში მოსაცდელი არ არის და არც იქნება

ხულოს მუნიციპალიტეტის 40-მდე  სოფელში მოსახლეობა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსს ღია ცის ქვეშ ელოდება. მუნიციპალიტეტში, სადაც რთული და ხანგრძლივი ზამთარი იცის, სულ 83 სოფელია და მოსაცდელებს მხოლოდ ამ სოფლების ნახევარში ვხვდებით.

დანარჩენ სოფლებში მგზავრები ტრანსპორტის მოლოდინში ვერც მზეს არიდებენ თავს, ვერც წვიმასა და თოვლს.

ეს მდგომარეობა არც მომავალ წელს შეიცვლება. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხულოს 2023 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი მოსაცდელის მშენებლობაა გათვალისწინებული, სოფელ ვაშაყმაძეებში.

სოფლებში, სადაც მოსაცდელები არ არის, ადგილობრივი მოსახლეობა მათ საჭიროებაზე საუბრობს.

მაგალითად, ხულოს სოფელ გელაძეებსა და მანიაკეთში სამგზავრო მიკროავტობუსები არ დადის. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ სამარშრუტო ხაზი ორივე სოფელში იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში სოფლები ცარიელდება, რამაც სამარშრუტო ხაზების გაუქმება გამოიწვია და მოსახლეობა, რომელიც ჯერ ისევ ცხოვრობს გელაძეებსა და მანიაკეთში, მეზობელი სოფლების სამარშრუტო ხაზზე მოძრავ „მარშუტკებს“ იყენებს მუნიციპალიტეტის ცენტრში და ბათუმში გადაადგილებისთვის.

„გელაძეებში მოსაცდელი არ გვაქვს. ჩვენი სოფელი მივარდნილია. მოსაცდელი აქამდეც არასდროს გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროება ნამდვილადაა.

ამის შესახებ რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, მაგრამ მაინც არ გამოყვეს [ბიუჯეტი], რომ გაგვეკეთებინა. რამდენიმე ადგილობრივი გავედით, ვესაუბრეთ ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძესაც 2-3 წლის წინ.

12 ლარს ვიხდით მგზავრობაში. მქონია შემთხვევები, როცა ცენტრალურ გზაზე დავლოდებივარ „მარტშუტკას“. ხან ავდარია, ხან წვიმს…  მოსაცდელი არ არის და სხვა გზაც არ გვაქვს, მაინც ველოდებით მარშუტკას“, – გვეუბნება გელაძეების მკვიდრი მურმან გელაძე.

სოფელ მანიაკეთის მკვიდრი, ალექსანდრე საგინაძე გვეუბნება, რომ სოფლის მაღლობზე მცხოვრებ ოჯახებს ცენტრალურ გზასთან 3-4 კილომეტრი აშორებთ და აუცილებელია სოფელში ჰქონდეთ მოსაცდელი შენობები, სადაც მოსახლეობა დასვენებას და ტრანსპორტის დალოდებას შეძლებს.

მისი თქმით სოფელს მოსაცდელი არასდროს ჰქონია:

„წვიმს, ცუდი ამინდებია… ერთი მოსაცდელი მაინც უნდა იყოს სოფელში. ამაზე სოფლის კრებაზეც ვისაუბრეთ, აგერ, 2 თვის უკან.

ცენტრალური გზიდან ხალხი მოშორებით ცხოვრობს. მაგალითად, 2 კილომეტრს ხალხი სახლიდან ფეხით რომ გამოივლის, ვისთან წავიდეს, გაჩერდება მოსაცდელში, რამე „მარშუტკას“ რომ გაყვეს“, – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრეს თქმით, ხშირად, ადამიანები, რომლებიც შორს ცხოვრობენ სოფლის ცენტრიდან, „მარშუტკებს“ ცენტრთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებში ელოდებიან, რათა წვიმაში არ დასველდნენ ან მზეს აარიდონ თავი.

„ვინც ცენტრალური გზიდან შორს ცხოვრობს და კილომეტრებს გადის ფეხით სახლიდან, სად წავიდეს? ვინც ცენტრალურ გზაზე, გზასთან ახლოს ცხოვრობს, მათთან აფარებენ თავს და იქ ელოდებიან “მარშუტკას”. დილით გამოვიდა ადამიანი სახლიდან, სად უნდა წავიდეს, სცივა“, – გვითხრა ალექსანდრემ.

მოსაცდელი ჰქონდა სოფელ ბეღლეთს, თუმცა ბოლო 2 თვეა შენობა დაანგრიეს. როგორც რუსლან კახაძემ, ბეღლეთის მკვიდრმა გვითხრა, თქვეს, ცენტრალური გზის მშენებლობას ხელს უშლიდაო.

„ეს სიტუაცია დისკომფორტს ქმნის. იმიტომ, რომ ხან წვიმაა, ხან ავდარი და მგზავრებს მოსაცდელი, რა თქმა უნდა, სჭირდებათ.

როდის გააკეთებენ ამ მოსაცდელს ისევ, ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რამდენადაც დასაწყისში იყო ამაზე საუბარი, [ცენტრალური გზის] გაკეთების დასრულებისთანავე იქნება მოსაცდელიცო.

ის მოსაცდელი, რომელიც აქამდე გვქონდა არ იყო დაზიანებული. შეეძლო ადამიანს თავი შეეფარებინა და არ დასველებულიყო“ – გვითხრა რუსლან კახაძემ.

___________________

ფოტოზე: გზა ხულოში მოსაცდელის გარეშე.

გადაბეჭდვის წესი