მთავარი,სიახლეები

რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება

19.12.2022
რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება

ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განმარტებით, ბათუმის მერიას „ვოქსის“ კორპუსიდან დაზარალებულები ქირით არ გაუყვანია, რადგან ისინი თავად გადავიდნენ ახლობლებთან: „შესაბამისი მომართვიანობის შემთხვევაში ვიმსჯელებთ და დავეხმარებით მათ.“

რაც შეეხება ზიანს, რომელიც კოპურში მცხოვრებლებს მიადგა, მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. გარდა იმისა, რომ რესტორანი „ვოქსი“ დაიწვა, მერიას ამჟამად ხანძრისგან კიდევ ორი ბინის შესაძლო დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია.

მერიაში ჯერ არ იციან, რამდენი ბინა დაზიანდა წყლის ჭავლის შედეგად.

„ჯერჯერობით ორ ბინაზეა საუბარი, თუმცა შეიძლება დაემატოს, დღის ბოლოს გვექნება ინფორმაცია“, – ამბობს ლევან დავითაძე.

„ვოქსში“ მცხოვრებლების ინფორმაციით კი, დაზიანდა მხოლოდ რესტორნის ქვედა სართულებზე არსებული ბინები. კორპუსი სამი ბლოკისგან შედგება – გვერდითა ორი ბლოკი არ დაზიანებულა. რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა, რომ ჯერ ბინაში ვერ შევიდა, შესაბამისად, არ იციან რა ხდება მათ ბინებში: „სამაშველო არ გვიშვებს, კორპუსს რეცხავენ.“

ვიცე-მერმა თქვა ისიც, რომ კორპუსს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სისტემა არ აქვს, რადგან ის 2010 წლამდეა აშენებული, როცა 41-ე დადგენილება არ იყო მიღებული, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს აწესებს:

„მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება ჩვენი სამსახურების მიერ, რომელიც შემდეგ წარედგინება სტიქიის კომისიას, განიხილება და მაქსიმალურად დავეხმარებით ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ბუნებრივია, ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ.

როგორც იცით, მიღებულია 41-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს და ნორმებს. ყველა პროექტი, რომელიც მერიაში თანხმდება, არის 41-ე დადგენილებასთან შესაბამისი, რაც უზრუნველყოფს შესაბამის სტანდარტების დაცვას. ეს კორპუსი არის აშენებული 2010 წლამდე, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა 41-ე დადგენილებას, რის გამოც კორპუსს არ გააჩნია აღნიშნული სისტემები“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახანძრო სისტემა ბათუმში ბოლო წლებში არსებულ ბევრ სხვა კორპუსს არ აქვს. მეტიც, ახლაც აშენებენ კორპუსებს წინა წლების რეგულაციების შესაბამისად.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 41-ე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2017 წელს ნაწილობრივ აამოქმედა, 2019 წელს კი – სრულად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: