მთავარი,სიახლეები

ვის აძლევს მერია რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმში 20 წლით

15.12.2022 • 974
ვის აძლევს მერია რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმში 20 წლით

ბათუმის გარე რეკლამის ბაზარი ამ ეტაპზე თავისუფალია. შპს „აჯადს“, რომელიც გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობდა, ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. ვიდრე ამ უფლებას სხვა მფლობელს გადასცემენ, ბათუმის მერია საკრებულოს რეკლამის განთავსების წესში ცვლილების დამტკიცებას სთხოვს.

მერია ითხოვს, დადგენილებაში, კერძოდ მერვე მუხლში ცვლილებას და გარე რეკლამის განთავსების უფლების გასხვისების ვადების შეცვლას. ამ დრომდე მერიას ამ უფლების კერძო კომპანიისთვის გადაცემა მაქსიმუმ ათი წლით შეეძლო. ცვლილების შემდეგ ეს ვადა 20 წლამდე გაიზრდება.

დადგენილების პროექტის მიხედვით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 20 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს. ის ასევე უფლებამოსილია გააგრძელოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა, ზედა ზღვრამდე – 20 წელი.

ამ დრომდე ბათუმში გარე რეკლამის განთავსებების უფლება შპს „აჯადს“ ჰქონდა გადაცემული, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიას შპს „ალმას“ სურს.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

წაიკითხეთ – ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კომპანიამ 2021 წლის მარტში მერიისგან გარკვეული შეღავათები მოითხოვა და მიიღო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არც თუ ისე ჯეროვნად ასრულებდა.

2021 წლის მარტში ბათუმის მერიამ შპს „ალმასგან“ წერილი მიიღო, სადაც კომპანიის დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე წერდა, რომ პანდემიის გამო დაზარალდა და შეღავათებს ითხოვდა. ზარალის დასადასტურებლად კომპანიამ მერიას ექსპერტიზის დასკვნაც კი წარუდგინა.

„ალმას“ განმარტებით, ის პანდემიის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო დაზარალდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფლების გადაცემის მთელი პერიოდისთვის წინასწარ, სრულად აქვს გადახდილი უფლების გადაცემის საფასური – 4 მილიონ 100 000 ლარი, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როდესაც ბათუმის ავტოტრანსპორტი ვერ უწევდა შპს „ალმას“ მომსახურება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, [მერიისგან] დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 156 461 ლარს…“ – წერდა შპს „ალმას“ დირექტორი მერიას.

საბოლოოდ კომპანია ბათუმის მერიას სთხოვს, რომ ან თანხა დაუბრუნოს, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელოს – ექსპერტის შეფასებით 55 თვით მეკუთვნის გაგრძელება, მაგრამ ამდენს არ ვითხოვ და 18 თვით გაგრძელებაზეც თანახმა ვარო.

ბათუმის მერიამ, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსებაზე უფლება კომპანიამ ასევე პანდემიის პირობებში, 2020 წლის 27 აგვისტოს მიიღო.

„ალმას“ ინფორმაციით, კომპანიას 400-ზე მეტი ბილბორდი აქვს მთელ საქართველოში. 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში. რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: