მთავარი,სიახლეები

102 წლის ქალი, რომელიც ჰოლოდომორს გადაურჩა – „მინდა ამ გამარჯვებას მოვესწრო“

14.12.2022 • 918
102 წლის ქალი, რომელიც ჰოლოდომორს გადაურჩა – „მინდა ამ გამარჯვებას მოვესწრო“

102 წლის ლიუბოვ იაროში გადაურჩა საბჭოთა გადასახლებას, ჰოლოდომორსა და მეორე მსოფლიო ომს. 102 წლის ასაკში მას კვლავ ომში ცხოვრება უწევს და უკრაინელ ჯარისკაცებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერს მხარს. მის შესახებ სტატიას „დოიჩე ველე“ აქვეყნებს. „ბათუმელები“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

თავის სახლში, მდივანზე ზის და ძაფებს ერთმანეთის მიყოლებით არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა მხედველობისა და სმენის სირთულეები ჰქონდეს, ლიუბოვ იაროში ენერგიითაა სავსე, დაუღალავად ქსოვს კომუფლაჟის ბადეებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგ იბრძვიან.

102 წლის ქალი სოფელ ხოდორკივში ცხოვრობს. იგი 1920 წელს, მეზობელ სოფელ პუსტელნიკიში დაიბადა, ჩრდილოეთ ჟიტომირის რეგიონში.

ლიუბოვ იაროშის ოჯახი იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა, ჰყავდათ ქათმები, ღორები და ცხენები. მაგრამ საბჭოთა კავშირმა მთელი მათი ფერმერული და საოჯახო ქონების კონფისკაცია მოახდინა და კოლექტივს გადასცა.

როდესაც უკრაინაში ჰოლოდომორი, მასობრივი შიმშილობა დაიწყო, ლიუბოვ იაროში 13 წლის იყო.

საბჭოთა ხელისუფლებამ მასობრივი შიმშილი უკრაინაში, 1932-33 წლებში, განზრახ, უკრაინელი გლეხების კოლმეურნეობებში ძალით გასაწევრიანებლად და ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის გასანადგურებლად მოაწყო.

1931 წლისთვის ათობით ათასი ინტელექტუალი გადაასახლეს ციმბირში, მათ შორის ქვეყნის ყველზე მნიშვნელოვანი პოეტები, მწერლები და არტისტები. ამ დევნისა და ჰოლოდომორის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება მხოლოდ 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდად გამოაცხადა. უკრაინელი ისტორიკოსების თანახმად, თითქმის 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა 1930-იანი წლების შიმშილობის შედეგად.

2022 წლის 30 ნოემბერს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰოლოდომორის გენოციდად ცნობას.

  • „არაფერი იყო, რომ გეჭამა“

„ძველი პური არ იყო საკმარისი და ახალი პური საერთოდ არ იყო. ისინი, ვისაც კარტოფილი ჰქონდა, თლიდნენ და ნათალს თესლად ინახავდნენ. კარტოფილის ნათალს ვთესავდით, რათა ახალი კარტოფილი გვქონოდა. ასე ვცდილობდით კარტოფილის მოყვანას“, – სევდით იხსენებს ლიუბოვ იაროში, – „არაფერი იყო, რომ გეჭამა“.

გადარჩენისთვის ადამიანები ცაცხვის ყვავილებსა და ჭინჭარს აგროვებდნენ, ფქვავდნენ და მისგან ორცხობილებს ამზადებდნენ.

„ცოტაოდენი ხორბალი დავფქვით და თხელი სუპი მოვამზადეთ მისგან, მოვწრუპავდით ცოტას, იმდენს, რომ რაღაც მიეღო ორგანიზმს და კვლავ ვწვებოდით“, – ამბობს ლიუბოვ იაროში.

მუდმივმა არასათანადო კვებამ მისი ხელებისა და ფეხების შეშუპება გამოიწვია. როგორც იგი იხსენებს, მტკივნეული წყლულები ჰქონდა და სიარული არ შეეძლო. მამას ხელით გაჰყავდა გარეთ. ლიუბოვს ჰალუცინაციები დაეწყო და მშობლებს ეშინოდათ, რომ იგი ვერ გადარჩებოდა.
  • „ბავშვები სახლში კვდებოდნენ“

ქალი ამბობს, რომ მაშინ ბევრი ბავშვი დაიღუპა შიმშილისგან:

„ბავშვები სახლში კვდებოდნენ. კაცებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალა, ჩამოიარეს სახლები და ნახეს, რომ ზოგი ქურაზე ესვენა, ზოგი – სხვაგან. შეაგროვეს გარდაცვლილი ბავშვები, ურემზე დაასვენეს, შემდეგ დიდი ორმო გათხარეს. 10 ბავშვი ან უფრო მეტი იქნებოდა. ყველა მათგანი ასე დამარხეს“.

ლიუბოვ იაროში 5 და-ძმასთან ერთად გაიზარდა. მისი უფროსი ძმა, მიხაილო პოლიციამ დაიჭირა, როდესაც სხვა სოფელში ოჯახისთვის თალგამის მოსაძებნად წავიდა. იგი პოლიციამ სიკვდილამდე სცემა, უმცროსი და, ოლია კი შიმშილმა მოკლა.

ლიუბოვ იაროშის მამას მოუწია თავისი შვილები მარტოს დაემარხა.

„ჩვენ სასაფლაო ძალიან ახლოს გვქონდა. მამაჩემმა უფროსი ვაჟი იქ წაიყვანა და დამარხა“, – იხსენებს ქალი და ცრემლმორეული ამატებს, რომ მისი ძმა და ოთხი წლის და კუბოს გარეშე დამარხეს: „დედამ მაშინ რაღაც ნაჭერი იპოვა ოლიას გასახვევად“.

ლიუბოვ იაროში ჰყვება, რომ იმ დროისთვის კოლმეურნეობაში ძროხები შიმშილით კვდებოდნენ, რადგან მათი საძოვარზე გაყვანა არავის შეეძლო. მაგრამ ხალხს არც მკვდარი საქონლის ხორცის აღების უფლებას აძლევდნენ. მისი თქმით, იყო ასეთი საწამლავი, სახელად კრეოლინი, რომელიც ბოთლებში ესხა. მკვდარი საქონლის ნეშტს ჭრიდნენ და კრეოლინით ჟღენთდნენ ხორცს. ქალი დასძენს, რომ უკრაინელები ათობით წლის განმავლობაში ვერ ბედავდნენ ამ საშინელებებზე საუბარს, რადგან გისოსებს მიღმა აღმოჩენის ეშინოდათ.

  • ჰოლოდომორი, მეორე მსოფლიო ომი და ახლა რუსეთის ომი

ლიუბოვ იაროში გადაურჩა ჰოლოდომორს, მაგრამ მალევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ნაცისტებმა ორჯერ სცადეს მისი გერმანიაში იძულებით შრომაში ჩასართავად დეპორტირება, მაგრამ მან ორივეჯერ მოახერხა თავის დაღწევა.

„მათ გერმანიაში წამიყვანეს, მაგრამ გავიქეცი. შემდეგ, როდესაც მათ კიდევ სცადეს ჩემი სახლიდან წაყვანა, ავიღე დანა, დავისერე ხელები და გულმკერდი და ჭრილობებზე მარილი მოვიყარე. თავს ეს ჭრილობები მე თვითონ მივაყენე“, – ამბობს ლიუბოვ იაროში.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ლიუბოვ იაროში ახალგაზრდა ქალი იყო. მუშაობდა კოლმეურნეობაში და სახერხ საამქროში, ტრაქტორით მინდვრის დამუშავებაც კი ისწავლა, რადგან საბჭოთა კავშირში ყველა მამაკაცი გაწვეული იყო ნაცისტურ გერმანიასთან საბრძოლველად.

ახლა, სიბერეში, მას კვლავ უწევს ომის გამოცდა – ამჯერად რუსეთის ყოვლისმომცველი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს ყველაზე საშინელი ომია“ – ამბობს ქალი.

  • სამი შვილიშვილი ფრონტზე

ლიუბოვ იაროშის სამი შვილიშვილი ახლა ბრძოლის წინა ხაზზე, მოხალისედ მსახურობს, სანამ მათი ბებია, ქალიშვილთან ერთად კამუფლაჟის ბადეებს ქსოვს. მათ უკრაინის არმიას უკვე 9 მსგავსი ბადე გაუგზავნეს.

„ბიჭები მათ ქვეშ იმალებიან და ასე ვერავინ მოარტყამს მათ“, – ამბობს ლიუბოვ იაროში.

102 წლის ქალი ყოველ დღე უსმენს ახალ ამბებს და იმედოვნებს, რომ ჯარისკაცები სახლში ცოცხლები დაბრუნდებიან. მას უნდა იმდენ ხანს იცოცხლოს, რომ უკრაინის გამარჯვების მოწმე გახდეს.

„უკვე იმდენი რამ გადავიტანეთ – შიმშილი და სიცივე. მიუხედავად ამისა, კიდევ უნდა ვიტანჯოთ. კვლავ ველოდებით გამარჯვებას, მაგრამ მინდა ამ გამარჯვების მოწმე გავხდე“ , – ამბობს ლიუბოვ იაროში.

_________

წყარო:  DW 

თარგმანი: ირმა დიმიტრაძე

მთავარი ფოტო: ლიუბოვ იაროში, DW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: