მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება ფერისმჭამელები და შავი წერტილები სახეზე – ექიმის რჩევები

14.12.2022 • 3450
რატომ ჩნდება ფერისმჭამელები და შავი წერტილები სახეზე – ექიმის რჩევები

სახის კანზე გაჩენილი შავი და თეთრი წერტილები, ე.წ. ფერისმჭამელები, კანის დაავადების, აკნეს გამოვლინებაა. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობითაც იყოს განპირობებული, ზოგჯერ კი, შესაძლოა, ჰორმონალური დისბალანსის, მაგალითად ქალების შემთხვევაში ციკლის დარღვევის გამოც გამწვავდეს.

  • ქალბატონო თათია, რას წარმოადგენს შავი და თეთრი წერილები ე.წ. ფერისმჭამელები კანზე?

ჩვეულებრივი ფერისმჭამელა რასაც ჰქვია, ახასიათებს დაავადებას, რომელსაც ჰქვია აკნე. ეს კანის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების დაავადება, ამ დროს ხდება ცხიმის აქტიური სეკრეცია,  ანუ მისი გამოყოფა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან.

ფერისმჭამელა გვხვდება ჩვეულებრივი გამონაყარის ან მცირე ცხიმდაგროვების სახით, რომელსაც მილიუმს ეძახიან. აკნეს დროს გვხვდება კიდევ შავი წერტილები, ეს ღია და დახურული სახის კომედონებია [კანქვეშა ცხიმები]. ღია კომედონი არის ის, რასაც უშუალოდ შავ წერტილს ეძახიან, დახურული კომედონი არის თეთრი, პატარა წერტილი, რომელსაც პაციენტი კანის წვალებით ვერ ამოაგდებს, შავი წერტილებისგან განსხვავებით, რომელსაც ბევრი იღებს სხვადასხვა მეთოდით.

აკნეს შემთხვევაში კიდევ ბევრნაირი გამონაყარია ხოლმე წარმოდგენილი სახეზე და არა მარტო ჩვეულებრივი ფერისმჭამელები, შავი წერტილები, პატარა ღია და დახურული კომედონები, კანქვეშა დიდი გამაგრებული კერები და სხვა.

  • რას ნიშნავს, როცა კანზე არ არის გამოხატული სხვადასხვაგვარი გამონაყარი, მაგრამ ჩნდება ფერისმჭამელები?

ეს უფრო ისეთ პაციენტებთან ხდება, ვისაც მიდრეკილება აქვს ცხიმიანი და კომბინირებული კანისკენ, ვისაც მშრალი კანი აქვს, მას ნაკლებად აწუხებს ფერისმჭამელებისა და შავი წერტილების პრობლემა.

ანუ შესაძლებელია აკნეს დაავადება არ იყოს უხეშად წარმოდგენილი, არ ჰქონდეს რთული ფორმა, მაგრამ იყოს მიდრეკილება ფერისმჭამელებისკენ, რადგან პაციენტს აქვს ცხიმიანი ან კომბინირებული (როცა რაღაც ზონები შედარებით უფრო ცხიმიანია) კანი.

  • რამდენად ეფექტური და უვნებელია შავი წერტილების მოსაშორებელი ცხვირის პატჩები და შავი ნიღბები?

დღეს ბევრნაირი საშუალება არსებობს საამისოდ და თითქოს მარტივია ამ პრობლემასთან ბრძოლა. პაციენტები ხშირად მიმართავენ კოსმეტიკურ წმენდას, დადიან  სახის ღრმა წმენდაზე, იყენებენ პატჩებს შავი წერტილების მოსაშორებლად, მაგრამ როცა საქმე აკნესთან გვაქვს, ეს ყველაფერი არის დროებითი. ასეთი მანიპულაციებით კანი სუფთავდება ფერიმჭამელებისგან, მაგრამ რაღაც ხნის შემდეგ ისევ გასაწმენდი ხდება.

საქმე ის არის, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი არის ცხიმის აქტიური სეკრეცია, რომელიც თუ არ დაითრგუნა, ცხიმის გამოყოფა კვლავ პრობლემად დარჩება. ამის შედეგად პაციენტს  ყოველ თვეში ან ყოველ ორ თვეში ერთხელ მოუწევს სახის გაწმენდა.

მკურნალობა ინიშნება იმისთვისაც, რომ შევამციროთ კანის ტრავმატიზაცია, რომ პაციენტს ხშირად არ მოუწიოს ასეთი გაწმენდა, რის დროსაც ხდება კანზე მუშაობა [სპეციალური] კოვზებით, ხელებით, მერე ფორები რომ იხსნება, ძალიან ძნელია ამ ფორების შეკუმშვა, ჩნდება ნაწიბური და მივდივართ უკვე სერიოზულ პრობლემასთან – დაზიანებულ კანთან.

ეს პატჩები და შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღბები იმდენად საზიანო არ არის, რამდენადაც ნაკლებად ეფექტური.

  • როგორია მკურნალობა?

მკურნალობის რამდენიმე ეტაპი არსებობს, დაავადების სიმძიმიდან და ჩივილებიდან გამომდინარე. ზოგადად, ამ დაავადების დროს გამოიყენება ისეთი მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ცხიმის გამოყოფის დათრგუნვაზე და ეს პრობლემა გვარდება ეტაპობრივად. არსებობს როგორც გარეგანი გამოყენების გელები, ასევე შინაგანი, ანუ მედიკამენტური მკურნალობა. მკურნალობის ფორმას არჩევს უშუალოდ ექიმი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადვილად სამართავი არ არის ეს დაავადება, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და პაციენტები გაფრთხილებულნი არიან, რომ აუცილებლად უნდა გამოიჩინონ ნებისყოფა, რათა საბოლოოდ მივიღოთ კარგი შედეგი. სრულ განკურნებას, ნაწიბურების ალაგების ჩათვლით, დაახლოებით ერთი წელი – წელიწად-ნახევარი სჭირდება.

  • რა აუარესებს მდგომარეობას, რისი გაკეთება არ შეიძლება?

ძალიან ხშირად პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ ხოლმე, იწყებენ მკურნალობას მეზობლის, ახლობლის რჩევებით, როგორც შინაგანს ისე გარეგანს და ასეთი მკურნალობა ძალიან არის აცდენილი დიაგნოზსს, ახლოსაც არ არის სწორ მკურნალობასთან. თვითონაც იკეთებენ სხვადასხვა ნიღაბს, აკნეზე ისვამენ სტეროიდულ კრემებს, რაც არაფრით არ შეიძლება. არ შეიძლება არც კანის მატრავმირებელი პროცედურების ჩატარება.

მკურნალობის პერიოდში, როცა უკვე ექიმთან დიაგნოსტირებულია პაციენტი და ექიმის მიერ ინიშნება მკურნალობა, რა თქმა უნდა, ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ არ შეიძლება კანის გაღიზიანება, მისი წვალება, არ შეიძლება რუჯის მიღებაც, რადგან აკნეს მკურნალობის დროს ისეთი მედიკამენტები ინიშნება, რომლის დროსაც ნაჩვენები არ არის რუჯი, არ არის ნაჩვენები მკურნალობა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, რადგან რეტინოიდები, ანუ A ვიტამინის შემცველი პრეპარატები ინიშნება და გარკვეული შეზღუდვები ახლავს.

როდესაც მედიკამენტურ მკურნალობაზე გვყავს პაციენტი, იგი აყვანილი გვყავს სრულ მონიტორინგზე, კონტროლდება ანალიზები.

  • როგორი უნდა იყოს სახის ჰიგიენა მცირედ გამოხატული აკნეს, შავი წერტილებისა და ფერისმჭამელების დროს?

ამ დროს აუცილებელია რუტინის გამომუშავება პრობლემური კანისთვის. სანამ ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და დანიშნავს მკურნალობას, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი პროდუქცია, მათგან აუცილებელია სახის დასაბანი საშუალება (ე.წ. ქლინზერი) და ჩვენი კანის ტიპის შესაბამისი დამატენიანებელი საცხის და რა თქმა უნდა, მზისგან დამცავის საცხის გამოყენება.

ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება, მკურნალობის დაწყებამდე, ცხიმის ჰიპერსეკრეციის შემცირებაში და მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგვეხმარება.

  • კვება რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ამ პრობლმასთან?

პაციენტებთან, ვისთანაც წარმოდგენილია მრავლობითი ფერისმჭამელები, იზღუდება ცხიმიანი საკვები, თხილეული, ნიგოზი, მზესუმზირა – ყველა ეს პროდუქტი მოქმედებს ცხიმოვან ჯირკვალზე და უფრო აქტიურად ხდება ცხიმის გამოყოფა.

მომისმენია პაციენტებისგან – „ექიმო, თხილს რომ შევჭამ, ერთ-ორ დღეში მემატება გამონაყარი“. ჰგონიათ, რომ ეს ალერგიაა, სინამდვილეში კი ამ პროდუქტების მიღება ზემოქმედებს ცხიმოვან ჯირკვალზე, რის გამოც უფრო აქტიურად ხდება ცხიმის გამოყოფა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: