მთავარი,სიახლეები

უკრაინამ რუსეთში აეროდრომებს მოდიფიცირებული საბჭოთა დრონებით დაარტყა – Politico

09.12.2022 • 1563
უკრაინამ რუსეთში აეროდრომებს მოდიფიცირებული საბჭოთა დრონებით დაარტყა – Politico

ორ რუსულ სამხედრო ავიაბაზას – „დიაგილევოსა“ და „ენგელსს“ უკრაინამ 5 დეკემბერს მოდიფიცირებული საბჭოთა უპილოტო საფრენი აპარატებით – „სტრიჟებით“ დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წყაროების ცნობით, რუსულ ავიაბაზებზე თავდასხმისთვის უკრაინამ მის მარაგებში საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები Ту 141-ები გამოიყენა.

როგორც Politico აღნიშნავს, ეს ხაზს უსვამს უკრაინის თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობებს და ასევე, იმ ფაქტს, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე თავდასხმა შეუძლია.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამხელს, ამბობს, რომ წარმატების მთავარი ფაქტორი მოულოდნელობა იყო – „რუსეთი მსგავსს არაფერს ელოდებოდა“.

Politico დასძენს, რომ უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა 1000 კილომეტრზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაზე, თუმცა წარმოების დეტალებს არ ახმაურებდა.

ოქტომბერში კომპანია „უკრობორონპრომმა“ განაცხადა, რომ ამ საქმეში „რამდენიმე პატარა შტრიხიღა“ იყო დარჩენილი.

Defense Express-ის ინფორმაციით, Ту 141 „სტრიჟი“ 70-იანი წლების დრონია, რომელსაც 10 მეტრამდე დაბალ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია, მისი ფრენის მანძილი კი 1000 კილომეტრია.

გამოცემის ვარაუდით, საბჭოთა Ту 141 „სტრიჟი“ და Ту 143 „რეისი“ ახალი სანავიგაციო აპარატურით აღჭურვეს.

„ლაპარაკია ამ საბჭოთა უპილოტო აპარატების სახმელეთო ბაზირების თანამედროვე ფრთოსან რაკეტებად გადაკეთებაზე,“ – წერს Defense Express-ი.

_________________

5 დეკემბერს კრემლისტურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქებები მოხდა რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე, რიაზანთან და სარატოვის ოლქში.

ინციდენტების დროს ენგელსის ბაზაზე ორი ბომბდამშენი – Tu-95 დაზიანდა და რუსული წყაროების ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა, დიაგილევოს აეროდრომზე კი – ნავთობმზიდი აფეთქდა.

„დიაგილევოსა“ და „ენგელსზე“ თავდასხმაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა.

უკრაინის ხელისუფლებას ინციდენტებზე პასუხისმგებლობა არ აუღია. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში კი განაცხადეს, რომ ყველაფერი, რაც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება „აგრესორი ქვეყნის პასუხისმგებლობაა“.

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა ენგელსის საავიაციო ბაზის სატელიტური ფოტოები და ექსპერტთა შეფასებები გაავრცელა. ფოტოების მიხედვით, სამხედრო ანალიტიკოსები ასკვნიდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევისთვის ემზადებოდა. ბაზაზე ჩანდა Ту-95 და Т-160 ტიპის ათობით გამანადგურებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: