მთავარი,სიახლეები

რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის ამზადებს – ISW

20.10.2022
რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის ამზადებს – ISW

რუსები ქმნიან საინფორმაციო საბაბს პროვოკაციისთვის, ე.წ. False Flag ოპერაციისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რათა ამით საკუთარი უკან დახევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიის „დაკარგვა“ გაამართლონ და უკრაინელთა წინსვლა შეაფერხონ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მოსალოდნელი მარცხისთვის ამზადებს.

„როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ გააკეთა დასკვნები ხარკოვის ოლქში წარუმატებლობის შემდეგ და ახლა ცდილობს, შეარბილოს ის მოცემულობა, რომ რუსეთის არმიამ შესაძლოა წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს უკრაინელთა მორიგ კონტრშეტევას,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში და მაგალითებად რუსეთის ძალების მეთაურის გენერალ სუროვიკინისა და ხერსონელი კოლაბორაციონისტის ვლადიმირ სალდოს განცხადებები მოჰყავთ.

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნულმა მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, კრემლისტურ მედიასთან საუბარში ხერსონში შექმნილ ვითარებას მძიმე უწოდა და აღნიშნა, რომ სარდლობას „რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს“. იმავე დღეს ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ ოლქის მთავრობა ქალაქს და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს ტოვებს და მოსახლეობის ევაკუაციასაც იწყებს.

ISW-ი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი თავისი უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე ე.წ. False Flag ოპერაციას გეგმავდეს.

„რუსი სამხედროები შესაძლოა ფიქრობენ, რომ დამბის გარღვევა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მათ უკან დახევას გადაფარავს და შეაჩერებს ან შეაფერხებს მაინც უკრაინელთა წინსვლას. სუროვიკინმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს კიევი კახოვკის სადგურზე დარტყმას აპირებს, რაც მისივე თქმით, ხერსონის ოლქში დამანგრეველ წყალდიდობას გამოიწვევს. ეს განცხადება სალდომაც გაიმეორა,“ – მიუთითებენ ანალიტიკოსები და ვარაუდობენ, რომ ასეთი თავდასხმა კრემლმა შესაძლოა გამოიყენოს თავისი პროპაგანდისთვისაც, რომლის თანახმადაც ის უკრაინის ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთი განაგრძობს „ევაკუაციის“ საბაბით უკრაინის მოქალაქეების იძულებით გადასახლებასა და იძულებით მობილიზაციას
  • რუსეთის პრეზიდენტის 19 ოქტომბრის განცხადება და საომარ რეჟიმის შემოღება მიუთითებს კრემლის მზადყოფნაზე, ლეგიტიმაცია მიანიჭოს რუსეთის არმიის მოქმედებებს
  • „ვაგნერის“ დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი განაგრძობს მცდელობას, გამოყოს თავისი სამხედრო კომპანიის დაჯგუფებები რეგულარული რუსული არმიის ელემენტებისგან
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ხარკოვის ოლქში უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების დასაბრუნებლად
  • რუსული და უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეტევებს კრემენაია-სვატოვოს რაიონში
  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ჯარებმა შეტევა მიიტანეს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: