მთავარი,სიახლეები

7-სულიანი ოჯახი სახიფათო სახლში – „სად ვნახო 800 ლარი კონსტრუქტორის დასკვნისთვის?“

24.11.2022 • 2978
7-სულიანი ოჯახი სახიფათო სახლში – „სად ვნახო 800 ლარი კონსტრუქტორის დასკვნისთვის?“

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, დავითაძეების უბანში, ირაკლი მსხალაძის 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ფერდობიდან ჩამონადენი წყლების შედეგად დაზიანებულ, დეფორმირებულ სახლში ცხოვრობს.

სახლს რომ გამაგრება სჭირდება, ამას საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, თუმცა ოჯახს არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ ირაკლი მსხალაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს ხელვაჩაურის მერიას მიმართა, სადაც მას უთხრეს, რომ კვალიფიციური ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნა წარედგინა და ამის შემდეგ განიხილავდნენ მის განაცხადს.

„ერთ წელზე მეტია ვეძებ სპეციალისტს, მაგრამ ვერ ვიპოვე. სოფლის გამგებელი დამეხმარა სპეციალისტის მოძებნაში, მაგრამ 800 ლარი ღირსო, მითხრა. მე ეს სახსრები ნამდვილად არ გამაჩნია.

პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი, 7 სული ვართ ოჯახში, სამი ბავშვი მყავს, ყველაზე პატარა 2 წლის და 4 თვისაა.

ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა, რომლის ნაწილიც სესხში მიდის, ორი წლის წინ ბავშვი გადამივარდა თამაშისას, 1000 ლარი გამოვიტანე სესხი და პენსიის 85 ლარიდან 2025 წლამდე ყოველთვიურად 45 ლარი უნდა ვიხადო.

სად ვნახო 800 ლარი სპეციალისტის დასკვნისთვის?

ხელვაჩაურის მერს დავურეკე და ის მაკადრა, თუ შემწეობას ითხოვ, ჩამოდი და ჩემს ხელფასს მოგაწოდებო. მათხოვრად ჩამთვალა, გამოდის. ისეთი რა ვთხოვე? გამიწიეთ რეკომენდაცია-მეთქი,“ – უთხრა ირაკლი მსხალაძემ „ბათუმელებს“.

ის ჩვენთან საუბრისას ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, როცა მეწყერმა სახლი წაიღო და ცოლ-ქმრისა და 14 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა და ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც ითხოვდა ოჯახი დახმარებას, თუმცა ამაოდ:

„არ დაეხმარნენ და როცა ეს ინციდენტი მოხდა და მსხვერპლით დასრულდა, მერე ტრაქტორები აიყვანეს.

მე ბატონ ზაზასაც [ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი] ვუთხარი, თქვენ თუ დახმარებას არ გამიწევთ და ღელეში ჩავალ, მერე თქვენი ტექნიკა არ მჭირდება, ისეც დასამარხი ვარ და არ მინდა მოძებნა-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი. დამიბარა, მოდიო, მაგრამ არ ღირს, არ აქვს შედეგი,“ – უთხრა ირაკლი მსხალაძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს. აქ გვითხრეს, რომ მერიის პროგრამა – მოქალაქისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გამაგრება, ითვალისწინებს, რომ ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნის თანხა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს.

„მოქალაქე ირაკლი მსხალაძის მიერ წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნის თანახმად, საჭიროა ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რამდენად შესაძლებელია აღნიშნული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც მოქალაქეს დღემდე არ წარმოუდგენია.

მოქალაქეს აღნიშნულის თაობაზე ეცნობა წერილობით, რომ მოქალაქის მიერ ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ მუნიციპალიტეტი განიხილავს მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რის საფუძველზეც გაეწევა შესაბამისი დახმარება.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ანალოგიური შინაარსის 32 განცხადება იქნა დაკმაყოფილებული“ – ასეთია ხელვაჩაურის მერიის ოფიციალური პასუხი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეებს არ აქვთ კონსტრუქტორის მომსახურების თანხის გადახდის საშუალება? არის თუ არა შესაძლებელი ასეთ დროს მერიამ სხვა სახსრები გამონახოს? მითუმეტეს, რომ ეს შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახს? ხომ არ იგეგმება პროგრამის კორექტირება ამ მიმართულებით? შეუძლია თუ არა მერიას შუამდგომლობა გაუწიოს მოქალაქეს აჭარის მთავრობასთან? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას, თუმცა მერიიდან ამჯერად ეს კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე სოციალურად დაუცველია და ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს?  – „ბათუმელები“ ამ თემაზე  ხელვაჩაურის მერიის პასუხს ელოდება.

ირაკლი მსხალაძე ამბობს, რომ სახლში წყალი შედის, რის გამოც ოჯახი პირველ სართულზე ვეღარ ცხოვრობს, სახლი კი ყოველწლიურად სულ უფრო ზიანდება

ირაკლი მსხალაძე გვიყვება, რომ მისი სახლი 2014 წლიდან დაზიანებულია. ხელვაჩაურის მერია მას 2014 წელს დაეხმარა სახლის გამაგრებაში, თუმცა იგი ამბობს, რომ სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, რის გამოც პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. მის ნათქვამს გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს.

ირაკლი მსხალაძის სახლის ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შენობას გასულ წლებში მიღებული აქვს დეფორმაცია და საყრდენ კედლებსა და საძირკველზე ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულების ბზარები.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ამ სახლის ხელმეორედ შესწავლაა. პირველად გეოლოგებმა დასკვნა 8 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში მოამზადეს, თუმცა მაშინ გაცემული რეკომენდაციები არ შესრულებულა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უახლოეს ხანში შენობას ჩაუტარდეს აღდგენა-გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აუცილებელია ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და შესაბამისი მილების ან ცემენტსაფარიანი არხების საშუალებით უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდეს უახლოეს მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება სახლის მდგრადობას“ – წერია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც 2021 წლის 12 ნოემბრით თარიღდება.

ამ დასკვნის მომზადებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, სახლი კი, რომელშიც 7-სულიანი ოჯახი ცხოვრობს, კვლავ საფრთხის შემცველია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: