მთავარი,სიახლეები

ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს

24.11.2022 • 1189
ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს

მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორია „რეიგენს“ 12 ყოფილი თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვს.

დასაქმებულები ამბობენ, რომ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით უხელფასოდ მუშაობდნენ. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ კი დაპირების მიუხედავად კუთვნილი ანაზღაურება დღემდე არ გადაუხადა.

„2021 წლის პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა კოვიდლაბორატორიაში, მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტის თანამდებობაზე. უშუალოდ მე ვაკეთებდი ნიმუშების ანალიზს PCR აპარატურაზე. სამსახური დავტოვე 2022 წლის 1-ელ ოქტომბერს ანაზღაურების აუღებლობის გამო. ბოლო სამი თვე – ივლისიდან ოქტომბრამდე არ ამიღია ანაზღაურება,“ – უყვება „ბათუმელებს“ დალი სურმანიძე.

დალი და კიდევ 11 თანამშრომელი ლაბორატორია „რეიგენიდან“ პირველ ოქტომბერს წამოვიდნენ, როგორც ისინი ამბობენ, მას შემდეგ, რაც კუთვნილი ხელფასის აღების ყველა იმედი გადაეწურათ.

„სულ 15 ადამიანი ვმუშაობდით. 3 ადამიანი დარჩა, 12 წამოვედით, როდესაც მივხვდით, რომ არ აპირებდნენ ხელფასის მოცემას. მარტის თვიდან, ომიკრონის ბუმი რომ მინელდა ცოტა, ფინანსური პრობლემები დაგვეწყო. გვიანდებოდა ხელფასი. სულ გვეუბნებოდნენ, დღეს იქნება, ხვალ იქნება, შემდეგ კვირაში იქნება. იმდენად კარგი გუნდი ვიყავით, იმდენად გვინდოდა, რომ გვემუშავა, ყველაფერს ვითმენდით. თან ნდობის ფაქტორიც გვქონდა – აი, ჩაირიცხება. ივლისამდე ვიღებდით ხელფასს, მაგრამ დაგვიანებით. ივლისის თვეში რომ არ მოგვცეს, დააგვიანეს, სულ ვეკითხებოდით, როდის იქნება. გვეუბნებოდნენ: ;„ნიმუშები შემცირდა, ცოტა მოვძლიერდებით, ჩაგირიცხავთ; ფინანსისტი არის წასული საზღვარგარეთ, ჩამოვა და ჩაგირიცხავთ“, – ამბობს დალი.

მისივე თქმით, იგეგმებოდა თანამშრომლების შემცირებაც. იმის გამო, რომ ადამიანებს სამსახურები არ  დაეკარგათ, პერსონალი დათანხმდა ხელფასების განახევრებას.

„ლაბორატორიის თანამშრომლებს მენეჯერმა შემოგვთავაზა ასეთი რამ – რომ არ მოხდეს თანამშრომლების შემცირება, მოდი, ხელფასები გადავინაწილოთო. მართლაც გადავინაწილეთ. თავიდან სპეციალისტებს გვქონდა 1500 ლარი ხელფასი და 500 ლარზე ჩამოვედით. 1000 ლარით შეგვიმცირეს ხელფასი, მაგრამ ეს 500 ლარიც არ აგვიღია საბოლოოდ,“ – ამბობს დალი სურმანიძე.

სამსახურიდან წასულმა თანამშრომლებმა კონსულტაციისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართეს.  აპირებენ მალე დაიწყონ შრომითი დავა  კომპანიასთან.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ლაბორატორია „რეიგენის“ ადმინისტრაციას. გვაინტერესებდა, როგორ აპირებდა კომპანია უკვე ყოფილ თანამშრომლებთან ფინანსური დავის მოგვარებას.

„ჰქონდათ მათ შეთავაზება კომპანიის მხრიდან მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა, რაზეც, სამწუხაროდ, უარი განაცხადეს. რჩება ეს შეთავაზება კომპანიის მხრიდან. მაგრამ საჯარო სივრცეში დისკუსიაში შესვლას ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიიჩნევს კომპანია მიზანშეწონილად. სამართლებრივ გზას თუ მიმართავენ, ჩვენც მივყვებით ამ გზით. მხოლოდ ამ კომენტარის გაკეთება შემიძლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნანუკა შატბერაშვილმა, შპს „რეიგენის“ დირექტორმა.

კითხვაზე აღიარებს თუ არა კომპანია დავალიანების არსებობას, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ამ თემაზე სხვა კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: