მთავარი,სიახლეები

რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში

08.11.2022 • 1949
რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი 1985 წელს აშენდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ სოფელში ჭადრაკს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობდნენ.

როგორ გადაწყდა სოფელში ჭადრაკის სახლის აშენება, ვინ შეაყვარა ჭადრაკის თამაში დიდაჭარლებს და რა მდგომარეობაშია დიდაჭარის ჭადრაკის სახლი ახლა – ამ და სხვა ამბებს 82 წლის დიდაჭარელი, როსტომ წულუკიძე გვიყვება. ის თავადაც მონაწილეობდა ჭადრაკის სახლის მშენებლობაში.

„ჩვენს სოფელში ჭადრაკი 1924 წელს შემოიტანა მასწავლებელმა მიშა ბოცვაძემ. იმდენად პოპულარული გახდა ჭადრაკი, რომ ადგილობრივმა ოსტატებმა ჭადრაკის დაფის და ფიგურების გამოთლა საკუთარი ხელით დაიწყეს.

ჭადრაკის ფიგურებს ხის ოსტატი, რეჯებ მელაძე თლიდა, ჭადრაკის დაფებს კი ნიაზ შავაძე ამზადებდა, რომელიც 1937 წელს რეპრესიას გაექცა და თურქეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა.

იმდენად გავრცელდა ჭადრაკი, გოგოს მზითვში ჭადრაკი რომ არ ჰქონოდა, დაიწუნებდნენ. მზითვში ჭადრაკი რატომ არ არისო – იკითხავდნენ“, – გვიყვება როსტომ წულუკიძე.

მისი ნაამბობის მიხედვით, დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის აშენება 1978 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ჭადრაკის სახლი დიდაჭარაში 1985 წელს ადგილობრივებმა სოფლების – დიდაჭარისა და ირემაძეების ცენტრებს შორის ააგეს.

„ამ დროისთვის ჭადრაკის ასეთი სასახლე საქართველოში კი არა ევროპაში არ იყო. ეს არ არის ჩემი მონაგონი, ამას გაზეთების ცნობით გეუბნებით.

1985 წელს, როცა ჭადრაკის სახლს ვაშენებდით, მე კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი. რეზო გობაძე სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ეს ორი კაცი, ჭადრაკის სახლისთვის საჭირო მასალა რომ მოგვეტანა, ხის სახერხი ქარხნიდან 2-3 დღე არ გამოვსულვართ, იმ მტვერში ვტრიალებდით“, – გვიყვება როსტომი.

მისივე თქმით, რეზო გობაძე ხის გამორჩეული ოსტატი იყო, ჰქონდა ხის ბევრი დანადგარი და ჭადრაკის სახლის მშენებლობისთვის თავდაუზოგავად იშრომა. როსტომის თქმით, რეზოს ხის ოსტატები – ოთარ შავაძე, მამია ბოლქვაძე და დიდაჭარის სხვა მკვიდრებიც ეხმარებოდნენ, რომლებსაც „ასეთი ძვირფასი შენობის აგებაში მონაწილეობის მიღება უნდოდათ. საბოლოოდ,  არაჩვეულებრივი, პატარა სახლი გავაკეთეთ“.

დიდაჭარის ჭადრაკის სახლი

დიდაჭარაში ჭადრაკის სახლი 1985 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ: ცნობილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, დიდაჭარაში ჭადრაკის პირველი მასწავლებლის, მიშა ბოცვაძის შვილები, აჭარის ჩემპიონი ჭადრაკში გურამ ჭანტურია და კიდევ უამრავი სტუმარიო – იხსენებს როსტომი.

დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის აგების შემდეგ 37 წელი გავიდა. შენობა ახლა დიდაჭარის სკოლის მეზობლად დგას. შენობის ადგილმონაცვლეობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამხდარა საჭირო. როსტომისგან ვიგებთ, რომ გლეხს, ვის მიწაზეც ჭადრაკის სახლი იდგა, მიწა გამითავისუფლეთო უთქვამს. მიწის პატრონის ნებას დაჰყვნენ დიდაჭარის მკვიდრნიც და შენობას ადგილი შეუცვალეს.

„შენობა უცვლელად დავდგით სკოლის ეზოში, არაფერი არ აკლია.

აქვს აივნები, ზაფხულში გარეთ რომ ითამაშო. მთავარ დარბაზში შეშის ღუმელი დგას, ზამთარში რომ გათბნენ მოთამაშეები. იქვეა პატარა სათავსო ჭადრაკის დაფების შესანახად. არის სკამები, მაგიდები. ჭადრაკის სახლში თამაში ერთდროულად 12 მოთამაშეს შეუძლია.

შენობა ტიპური აჭარული სახლის მსგავსია. მისი გადატანა მხოლოდ ერთხელ მოხდა“, – გვიყვება როსტომი.

იგი დიდაჭარის ჭადრაკის სახლის მეზობლად ცხოვრობს, დღეში რამდენჯერმე ჩაუვლის და ათვალიერებს შენობას, რომლის ფიცრებიც საკუთარი ხელით გათალა. ყველა დეტალს ამჩნევს და თავის წუხილსაც გვიზიარებს:

„ახლა რა შენობაცაა, ჭადრაკის სახლს აღარ ჰგავს. გვერდითა აივნის ფიცრები ჩამოვარდა. ჭერი ჭადრაკის ფიგურებით იყო მოკაზმული. შიგნით კედლებზე ჭადრაკის ფიგურები იყო ჩამოკიდებული. ესენი ნაწილობრივ დალპა, ნაწილობრივ – ჩამოცვივდა, ნაწილობრივ ყურადღება არ მიექცა. ერთი სიტყვით, უპატრონოდ დარჩა ეს შენობა.

დასამალი არ არის, ეს შენობა მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიტოვებულია. კი, ხანდახან გამოყოფენ რემონტისთვის ფულს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჭადრაკის სახლის მასწავლებელსაც 160-მდე ლარ ხელფასს აძლევენ, ეს რა ფულია. ასე თუ გაგრძელდება, ეს შენობა გაუქმდება“.

დიდაჭარის ჭადრაკის სახლი

როსტომი მიიჩნევს, რომ დიდაჭარის ჭადრაკის სახლისთვის უწინდელი პოპულარობისა და ეშხის დასაბრუნებლად მეტი რამაა საჭირო.

ის დიდაჭარაში ახალი და თანამედროვე ტიპის ჭადრაკის სახლის აშენების აუცილებლობას ხედავს.

როსტომი სიამაყით იხსენებს, რომ დიდაჭარას ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა აჭარაში შეჯიბრებებზე და გულდაწყვეტით ამბობს, გასულ წლებში იმდენად ჩამორჩა ჩვენი სოფელი ჭადრაკში, რომ პირველი ადგილი ვეღარ მოვიპოვეთო.

მას უნდა, რომ დიდაჭარის ახალგაზრდებმა თავისუფალ დროს თავშეყრის ადგილად ჭადრაკის სახლი აქციონ და ჭადრაკის სახლს ძველი ფუნქცია დაუბრუნონ.

როსტომს სურს, რომ ჭადრაკის სასახლე დღის განმავლობაში ყოველთვის ღია იყოს:

„მე, მაგალითად, შუადღის ნამაზს რომ ვილოცავ, სამლოცველოდან სახლში კი არ გავიქცევი, ჭადრაკის სახლში შევალ, ვითამაშებ. ბავშვი მოვა – დაველაპარაკები, სტუმარი მოვა, მასაც დავუთმობ დროს და ა.შ.“

ჭადრაკის სახლში როსტომ წულუკიძე და მოსწავლეები

როსტომმა 14 წელი იმუშავა სკოლის მასწავლებლად და მისი თქმით, არ ახსენდება არც ერთი დღე სკოლიდან სახლში ისე დაბრუნებულიყო, რომ მეცადინეობის შემდეგ მასწავლებლებს ჭადრაკში არ გაეწიათ ერთმანეთისთვის პაექრობა.

როსტომი დიდაჭარის ჭადრაკის სახლის შესახებ თხრობას სოფელში ყველასთვის ცნობილი ერთი ამბით ამთავრებს, რომელიც მისი აზრით, კარგად ასახავს დიდაჭარლების ინტერესსა და სიყვარულს სპორტის მიმართ.

„ჩვენებურმა გლეხმა კაცმა, რომელსაც პირუტყვი მთაში, სოფლიდან 30 კილომეტრის დაშორებით ასაყვანად გაატანეს, გზად სოფლის ცენტრში ჩამოიარა. ნახა, რომ ჭადრაკის სახლში ჭადრაკს თამაშობდნენ, თვითონაც ჩაერთო და საერთოდ დაავიწყდა, სად უნდა წასულიყო.

პირუტყვი მთაში, მემთეურთან თავისით ავიდა, მწყემსი არსად იყო. შეშინდა ცოლი, სად წავიდა, რაიმე ხომ არ მოუვიდა ნეტაო. 5 საათის შემდეგ მივიდა მწყემსიც“, – იცინის როსტომი.

როსტომ წულუკიძე

დიდაჭარის ჭადრაკის სახლის ერთადერთი მასწავლებელი ბოლო სამი წელია 25 წლის იმედა შავაძეა. იქამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ჭადრაკის სახლის პედაგოგი იყო იმედას მამა.

იმედას თქმით, დიდაჭარის ჭადრაკის სახლს მოჭადრაკეთა ერთი, 10-წევრიანი ჯგუფი ჰყავს და მათ 2-საათიან გაკვეთილებს ყოველ სამუშაო დღეს, დღის სამი საათიდან ხუთ საათამდე უტარებს.

ჭადრაკის მასწავლებელს სჯერა, რომ ჭადრაკის სახლის ახალი და გარემონტებული შენობა რომ ჰქონდეთ, სოფელში გაცილებით მეტი დაინტერესდებოდა ამ სპორტით. იგი ფიქრობს, რომ ჭადრაკის სახლი დიდაჭარაში რესტავრირებას აღარ ექვემდებარება.

„ხის შენობაა, დალპა და ლურსმანი აღარ იჭერს. ფიცარი ფიცარზე რომ მიაჭედო, აზრი აღარ აქვს. ერთი ბოძი გამოცლილი აქვს შენობას. ჩემი აზრით, შენობა დაზამთრებამდე უსაფრთხოა, მაგრამ ზამთარში საშიში იქნება. შესაძლოა, თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლოს“, – გვითხრა იმედამ და დასძინა, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინა ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში.

ნინო გაფრინდაშვილის ფოტო დიდაჭარის ჭადრაკის სახლში

„ბათუმელები“ ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორს, ავთანდილ აბულაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ჭადრაკის სახლში სასწავლო პროცესის შეჩერებას გეგმავენ, რადგან შენობა მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.

„შენობის ადგილზე, სავარაუდოდ, მეწყრის საშიშროების საფრთხეცაა, რადგან შენობა გაქანებულია, გამოცლილი აქვს ბოძები. ისედაც ამორტიზებულია შენობა, ძველია, დიდი ხნის წინ გაკეთებული.

მე გუშინწინ გავაჟღერე ეს საკითხი, რომ როგორმე მოვახერხოთ შენობის გამაგრება ან ცვლილება. მივმართე მერიას, ფინანსური მხარდაჭერა გამოყოს გამაგრებითი სამუშაოებისთვის, შენობაში მეცადინეობის განახლება რომ იყოს შესაძლებელი. მინდა ისევ გავიარო ეს საკითხი დაწვრილებით მერთან“, – გვითხრა ავთანდილ აბულაძემ.

ავთანდილ აბულაძე ხულოს სასპორტო სკოლის მწვრთნელების მცირე ხელფასზეც ამახვილებს ყურადღებას.

„მცირე ხელფასი მხოლოდ ჭადრაკის მწვრთნელს არ აქვს. სხვა მწვრთნელებიც ამას განიცდიან. რა თქმა უნდა, დაბალი ხელფასი მწვრთნელების მოტივაციაზეც მოქმედებს. 300-360 ლარი არაფერს წარმოადგენს, რომ დაექვითებათ, რაღა დარჩებათ? ვისაც სპორტი უყვარს, მაინც არ ეშვება და მუშაობს, თუმცა ხელფასების ნაკლებობა აშკარაა”, – გვითხრა ავთანდილ აბულაძემ.

დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მამია შავაძის თქმით, დიდაჭარის ჭადრაკის სახლს რესტავრირება ბოლოს დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩაუტარდა.

„ჩვენ ახალი შენობის აგება გვინდა, იმიტომ, რომ ჭადრაკის სახლი ხის კონსტრუქციაა და დაშლა-გადატანის გამო ბევრი რამ გამოვიდა მწყობრიდან.

როგორც შევთანხმდებით ხულოს სპორტსკოლასთან, ისე მოვიქცევით. დაგეგმარების პროცესში ვართ. მერიისგან დადებითი პასუხი გვაქვს. ჩვენ თუ ტერიტორიას ვიშოვით, მიწის შესყიდვაც იქნება და ყველაფერი. წინააღმდეგობა არც ერთი მხრიდან არ გვაქვს. მერიას სურვილი აქვს, რომ ეს შენობა დაიდგას ჩვენს სოფელში. ამჟამად შენობისთვის ტერიტორიის მოძიების პროცესში ვართ“, – ამბობს მამია შავაძე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდაჭარაში ახალი და თანამედროვე ტიპის ჭადრაკის სახლის აგება გადაწყდება, არავინ იცის, რა ბედი ეწევა ხის, აჭარული ოდის ტიპის ჭადრაკის სახლს, რომელიც უკვე 37 წელია სოფელში დგას.

______________________

ამავე თემაზე:

დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: