მთავარი,სიახლეები

ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის დიდი პრობლემა დნეპრის გადალახვა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

20.10.2022
ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის დიდი პრობლემა დნეპრის გადალახვა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ მართლაც განიხილავს ხერსონიდან უკან დახევას და თავისი ძალების მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე გადაყვანას.

უწყება უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მეთაურის, გენერალ სუროვიკინის განცხადებებს ეყრდნობა.

„18 ოქტომბერს რუსეთის ძალების ახლახან დანიშნულმა მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის ოლქში „რთული ვითარება შეიქმნა“. მან მოიწონა საუკუპაციო ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მანამდე გაცხადებული გეგმაც.

სუროვიკინის, როგორც ოპერაციული მეთაურის მხრიდან, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ ასეთი უარყოფითი ახალი ამბის გაჟღერება ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ის, დიდი ალბათობით, მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს საკუთარი ძალების დნეპრის მეორე სანაპიროზე გადაყვანის საკითხს,“ – წერს უწყებს 20 ოქტომბრის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, უკან დახევისას რუსეთის მთავარი გამოწვევა 1000 მეტრის სიგანის მდინარეზე პირადი შემადგენლობის გადაყვანა და ტექნიკის გადაზიდვა იქნება.

„იმ ფონზე, როდესაც ყველა მუდმივი ხიდი სერიოზულად დაზიანებულია, რუსეთი იძულებული ხდება მთლიანად დაეყრდნოს დროებით ბარჟის ხიდს, რომელიც ხერსონთან ამ დღეებში დაასრულა და სამხედრო პონტონის ბორნებს, რომლებსაც რამდენიმე ლოკაციაზე იყენებს,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება რუსეთის არმიის სხვადასხვა დონეზე შექმნილ პრობლემებს აანალიზებდა და მიუთითებდა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტები სულ უფრო ნაკლებად ქმედუნარიანნი ხდებიან, ტაქტიკურ დონეზე კი უმწვავეს პრობლემად რჩება უმცროსი ოფიცრების ნაკლებობა.

მთავარ ფოტოზე: სატელიტური ფოტოს ანალიზი – როგორ იყენებს რუსეთი პონტონის ბორანს ნოვა კახოვკასთან/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: