მთავარი,სიახლეები

შეჭრის დროს სამხედრო კამპანიის მეთაური 5 გენერლიდან 4 დაითხოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

19.10.2022
შეჭრის დროს სამხედრო კამპანიის მეთაური 5 გენერლიდან 4 დაითხოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უწყების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ძირითადი ელემენტები სულ უფრო ნაკლებად ქმედუნარიანნი ხდებიან, ტაქტიკურ დონეზე კი უმწვავეს პრობლემად რჩება უმცროსი ოფიცრების ნაკლებობა.

მობილიზებული რეზერვისტების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში არსებული პრობლემების ერთ-ერთ მაგალითად უწყებას 15 ოქტომბერს ბელგოროდის ბაზაზე მომხდარი შემთხვევა მოჰყავს. დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც ახალწვეულმა 11 სამხედროს ესროლა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ რეზერვისტებს ოფიცერმა შეურაცხყოფა მიაყენა.   

„ცუდი მმართველობა ქვედა დონეზე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აუარესებს რუსეთის ძალების დიდი ნაწილის მორალურ განწყობას და არღვევს დანაყოფების ერთსულოვნებას,“ – წერს დაზვერვა 19 ოქტომბრის რელიზში და დასძენს, რომ რუსეთის არმიას პრობლემები მმართველობის ზედა რგოლშიც აქვს.

„ხუთი გენერლიდან ოთხი, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო კამპანიას თებერვალში, ახლა უკვე გათავისუფლებულია. მათ შემცვლელებს კი ჯერჯერობით ბევრი არაფერი გაუკეთებიათ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გასაუმჯობესებლად“.  

უწყების შეფასებით, მმართველობის არათანმიმდევრულობა უფრო მეტად დამანგრეველი იქნება რუსეთის არმიისთვის, ვიდრე ეს იქნებოდა დასავლეთის რომელიმე შეიარაღებულ ძალებისთვის, რადგან რუსული დოქტრინის თანახმად, გადაწყვეტილებას რუსულ ჯარში არა კოლექტიურად, არამედ უშუალოდ მეთაურები იღებენ. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასობრივ სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებს აფასებდა და აღნიშნავდა, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბვა, სავარაუდოდ, ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო გადაწყვიტა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: