მთავარი,სიახლეები

შენობები, რომლებსაც ბათუმში დაანგრევენ – მრავალმხრივი ამბები ავარიული სახლებიდან

20.10.2022 • 7519
შენობები, რომლებსაც ბათუმში დაანგრევენ – მრავალმხრივი ამბები ავარიული სახლებიდან

კარგად გამწვანებული ეზო, მაგიდა და სკამები ღია სივრცეში ჩამოსაჯდომად, სადაც მეზობლები კარგ ამინდში იკრიბებიან, ონკანი ეზოში, სარეცხის გასაფენი მავთული, დაძველებული შუშაბანდი და ვენახი, რომლის ტოტებიც მეორე სართულების აივნებამდე აღწევს – ბევრი ასეთი ეზო ბათუმში უკვე გაქრა, ბევრი კი შეიძლება „ავარიული სახლების პროგრამას“ შეეწიროს.

მოქალაქეები ე.წ. ინვესტორს ელოდებიან იმედით, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, ფართობი კი გაიზრდება. ამ ამბავში ყველას თავისი პირობა აქვს, მერიას, ინვესტორს და მესაკუთრეს – ბათუმის ავარიული სახლების პროგრამასთან დაკავშირებული ამბები მრავალმხრივია.

ბათუმის მერიაში არ დაგვიზუსტეს 139 სახლიდან რამდენის გამაგრებაა შესაძლებელი და რამდენია უპირობოდ დასანგრევი, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #35

ბათუმი გორგილაძის ქუჩა #43

„აქედან არ წავალ“ – გვეუბნება ქალი, რომლის საცხოვრებელიც ავარიული სახლების ნუსხაშია. მისი სახლი ქალაქის ცენტრალურ უბანში, გორგილაძის ქუჩაზე ე.წ. იტალიურ ეზოში მდებარეობს. ეზო 15 ოჯახს აერთიანებს. მათ საცხოვრებელს ორივე მხარეს მაღალსართულიანი კორპუსი ესაზღვრება.

ქალი, რომელსაც არ სურს, რომ მისი სახელი დავწეროთ, ამბობს, რომ ამ ადგილს ვერ დატოვებს. გვიხსნის, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ჩანაცვლებას არ დასთანხმდება და როცა აქ ახალ კორპუსს ააშენებენ, ისიც ამ  კორპუსში იცხოვრებს. ეს მისთვის მისაღებია.

ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ სახლი ავარიულია. როგორც აქ მცხოვრებლებმა გვიამბეს, საცხოვრებლის ერთი მხარე უფრო ცუდ მდგომარეობაშია, მეორე მხარეს კი ბზარები არ აქვს – იმ კომპანიამ,  რომელმაც მომიჯნავე ნაკვეთზე ააშენა, „ცუდად იმუშავა“, შედეგად კი მათი სახლის კედლები დაიბზარა. „მეორე მხარე გადარჩა“.

რა არის ფარდის უკან? – მეზობელი კორპუსის კედელი

ამ ეზოში ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მესაკუთრეებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ. დაზუსტებით არ იციან, რა პირობებს სთავაზობს მათ მერია პროგრამის ფარგლებში. სათქმელი ბევრი აქვთ, თუმცა არ უნდათ მათი სახელი დაფიქსირდეს. ზოგს მიაჩნია, რომ „ასე ლაპარაკი კარგ საქმედ არ ითვლება,“ ზოგს კი „უბრალოდ არ უნდა“.

  • „იგივე ფართობს არავინ დათანხმდება“

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ მათი ადგილები მშენებელი კომპანიებისთვის ორმაგად მომგებიანია, ამიტომაც ინვესტორის პირობას არ თანხმდებიან და თავიანთი მოთხოვნები აქვთ: „ჩვენთან ბევრი მოვიდა და წავიდა“.

ისინი უპირობოდ ითხოვენ გაორმაგებულ საცხოვრებელ ფართობს:

„გარდა ამისა, ჩვენ აქ ეზოც გვაქვს, საერთოდ არ ანგარიშობენ ეზოს ფართობს. ეზოც ხომ ამხანაგობის საკუთრებაა, რომელიც სამშენებლოდ უნდა გამოიყენონ? – ეზოს დაანგარიშება არ უნდათ.“

კომპანიას, რომელიც მსგავს სახლს აითვისებს, 15 მესაკუთრის დაკმაყოფილება მოუწევს გაორმაგებული ფართობით, თხუთმეტივეს მინიმუმ 100 კვადრატი რომ დასჭირდეს 1500 კვ.მეტრი ფართობის გაცემა მოუწევს ნაკვეთზე, სადაც მინიმუმ 15 სართულიან სახლს ააშენებს. ამას დაემატება მშენებლობის დასრულებამდე ამ 15 ოჯახისთვის ბინების დაქირავების ხარჯი.

სხვა შემთხვევებში ეს ხარჯი, ოჯახების რაოდენობის შესაბამისად, მეტი ან ნაკლებია.

გორგილაძის #55 ავარიული სახლების ნუსხაშია

ბათუმი, ვაშა-ფშაველას ქუჩა #41/43

  • კომპანიამ მშენებლობა, რომ ვერ დაასრულოს?“  

ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახლობლების მაგალითზე და, ზოგადად, ქალაქში არსებული პრაქტიკით დიდი გამოცდილება მიიღეს და იციან, რომ ე.წ. ინვესტორი სხვა ტონით და პირობით გელაპარაკება, ვიდრე ქონებას გადაუფორმებ, შემდეგ კი „იქით უნდა ეძებო“. ამიტომაც ბევრი ითხოვს, რომ კომპანიამ მშენებლობის დასრულების დასაზღვევად, ერთგვარი გარანტიის სახით, ამხანაგობის სახელზე თანხა დარიცხოს. ზოგიერთ ამხანაგობას ამ ამბების გასარკვევად ადვოკატიც კი დაუქირავებია.

  • ოღონდ აქედან წავიდე

არიან ისეთი მესაკუთრეებიც, რომლებიც პროგრამის ახალ ეტაპზე გადასვლას მაქსიმალურად მოკლე ვადაში ელოდებიან და იგივე ოდენობის ფართობებით ჩანაცვლება მათთვის ერთგვარი გამოსავალია, თავი საფრთხის ქვეშ რომ აღარ იგრძნონ.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #48

ავარიული სახლი 26 მაისის ქუჩაზე

  • რუსთაველის # 10 – სახლი, რომელსაც დააშენეს, შემდეგ კი ავარიული სახლების ნუსხაში მოხვდა

რუსთაველის 10-ში, ბულვარის შესასვლელთან არსებული მრავალბინიანი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაშია. ეს შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კორპუსი ჯერ შეფუთეს, რაშიც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაიხარჯა, შემდეგ კი  მერიის ნებართვით მეექვსე სართული დააშენეს. ახლა კი გავიგეთ, რომ ის ავარიულია.

 

რუსთაველის #10

იმედაშვილის ქუჩა – #9 ავარიული სახლი

იმედაშვილის ქუჩაზე 9 ავარიული სახლია, მათ შორის ერთ სახლს აქვს წარწერა, რომ ის 1904 წელს არის აშენებული.

იმედაშვილის #19 ავარიული სახლების ნუსხაშია

იმედაშვილის #19

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების მისამართებით დეველოპერებს უკვე ბევრჯერ შესთავაზა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა, მან იხუმრა კიდეც, რომ ლოტოტრონით გაათამაშებდა მისამართებს და შემდეგ დაურიგებდა მათ. თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ, არც კი გასცინებიათ. მათ არც ჩვენთან ისურვეს საუბარი. გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი და დასაზუსტებელი.

ბათუმი, ვაჟა-ფშაველას #12

ავარიული სახლების ნუსხაში, რომელიც ბათუმის მერიამ უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა 139 სახლის მისამართია. აქედან ბევრი ქალაქის ცენტრშია. მათი მოთხოვნა და, შესაბამისად, მოლოდინები ავარიული სახლების პროგრამის მიმართ ზოგჯერ განსხვავებულია.

იმედაშვილის #4-ში ავარიულ სახლს სავარაუდოდ დააშენეს, ბათუმში შენობაზე ლურჯი ტენტი ძირითადად უკანონო მშენებლობებს აქვს აფარებული. ამ შემთხვევაში დაზუსტებით არ ვიცით რა ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: