მთავარი,სიახლეები

უგანდა აპირებს რუსეთს ელექტრომობილები მიაწოდოს – კრემლისტური მედია

18.10.2022 • 893
უგანდა აპირებს რუსეთს ელექტრომობილები მიაწოდოს – კრემლისტური მედია

რუსეთმა და უგანდამ გასულ კვირას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 60 წლის იუბილე აღნიშნეს. თარიღთან დაკავშირებით უგანდის ელჩმა რუსეთში, მოზეს კიზიგემ, თავისი პირველი ინტერვიუ მისცა კრემლისტურ სააგენტოებს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

აღმოჩნდა, რომ უგანდა რუსეთისთვის თავისი წარმოების ელექტრომობილების მიწოდებას, „კამაზთან“ თანამშრომლობას, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, უგანდაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას და რუსული ავტომობილების გამოშვებას აპირებს.

„ჩვენ მალე ნავთობის მოპოვებასაც დავიწყებთ, ჯერჯერობით გვაქვს ნახშირი, თუმცა ასევე ვაწარმოებთ ელექტრომობილებს და ბუნებაზე ვზრუნავთ. ეს სულ ახალი ამბავია, თუმცა ერთ დღეს აუცილებლად დავიწყებთ უგანდური ელექტრომობილების რუსეთში ექსპორტს. 

ჩვენ ასევე პარტნიორები ვართ განათლებისა და სამხედრო სფეროებში – ჩვენი სამხედრო ტექნიკის უდიდესი ნაწილი რუსეთისგანაა ნაყიდი, მაგალითად, სამხედრო ვერტმფრენები. ასე, რომ თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ჩვენი მხრიდან, რუსეთს ხილსა და ყავას ვაწვდით,“ – განაცხადა კიზიგემ და იქვე დასძინა, რომ ამჟამად რუსეთსა და უგანდას შორის ვაჭრობა დოლარებში მიმდინარეობს, თუმცა უგანდის ხელისუფლება მზადაა დოლარი უგანდური შილინგებითა და რუსული რუბლებით შეცვალოს.

ინტერვიუ დასავლეთის მხრიდან სანქციებს და უკრაინაში ომსაც შეეხო. კიზიგეს თქმით, უგანდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მომხრეა და თუკი უგანდის ხელისუფლებას ამის საშუალება მიეცემა, თავის მოსაზრებას ოფიციალურ კიევს პირადადაც ეტყვის. რაც შეეხება სანქციებს, მისი თქმით, უგანდას სანქციები არ შეხებია, თუმცა შეერთებულ შტატებს არაფერი გამოუვა და აფრიკის ქვეყნებს რუსეთთან თანამშრომლობაში ხელს ვერ შეუშლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: