მთავარი,სიახლეები

კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

17.10.2022
კულებამ ევროკავშირის მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა და ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ირანმა რუსეთი კამიკაძე-დრონებით მოამარაგა, რომლებიც ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დასაბომბად გამოიყენება. კულებამ ასევე მოითხოვა, რომ შემდეგი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ იყოს უფრო მკაცრი.

დღეს, 17 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით ისაუბრა, კამიკაძე-დრონებით კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ დაბომბვაზე.

მისი თქმით, იგი „სავარაუდოდ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც საჰაერო განგაშის სიგნალის გამო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა“.

უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა კიევი და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი კამიკაძე-დრონებით დაბომბა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, კიევის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის ოთხამდე გაიზარდა, მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია. კრემლს აღნიშნულ საკითხზე ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი.

დილით კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამგვერდზე გავრცელდა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ:

„ვსწავლობთ სპარსულს: سبح بخير – Sob baheir – დილა მშვიდობისა“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: