ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას მიეწოდება დენის წყაროს.
დღეს, 14 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ ცენტრალურ პარკში გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული.
პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო დაზიანებულია, კაბელები კი ღიაა.
ქვის სკამების პარკში განთავსება თავის დროზე მოსახლეობამ გააპროტესტა, რადგან ცივია და ზამთრის სეზონზე არაკომფორტული. ქვის სკამებც რამდენჯერმე დაამტვრიეს კიდეც პარკში, თუმცა მერიამ დამტვრეული სკამები ახლით ჩაანაცვლა.
ამის მიუხედავად, სკამებზე დამონტაჟებული განათებები მაინც დაზიანებულია და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული.
სკამზე, სადაც დენის კაბელები დაუცველ მდგომარეობაშია, პატარა ბავშვი და ხანდაზმული ადამიანი სხედან. სკამის ქვეშ კი დენის გაშიშვლებული სადენია.
ბათუმელი ნინა მასალკინა არასრულწოვან შვილებთან ერთად ბათუმის ცენტრალურ პარკში ხშირად სეირნობს. გასულ წელს ჰქონდა შემთხვევა, როცა პარკში სეირნობის დროს ტბასთან დამონტაჟებულ მოაჯირს შეეხო და დენმა დაარტყა.
„პარკში, ნავმისადგომი სადაც არის, მანდ არის რკინის მოაჯირები, ბავშვი რომ არ გადავარდეს წყალში. იმ დღეს ცოტა გაწვიმდა, მაგრამ მე და ჩემი შვილები წვიმაში ვსეირნობთ ხოლმე და გავაგრძელეთ თამაში.
როცა დავრბოდი, ბალახი გადავირბინე და ხელი მოვკიდე მოაჯირს, რომელმაც დენი გაატარა. შიშისგან ტირილი დავიწყე და ბავშვებს ვუყვირე, რომ ახლოს არ მოსულიყვნენ. ძლივს გავუშვი ხელი ამ მოაჯირს და მაშინვე წამოვედით სახლში შეშინებული“, – გვეუბნება ნინა.
ნინა ამბობს, რომ იმ წუთში არ დაურეკავს შესაბამისი სამსახურებისთვის, თუმცა მოგვიანებით ეს ამბავი ფეისბუქზე დაწერა და ბათუმის მერია მონიშნა პოსტზე.
„დაახლოებით ერთ საათში დამირეკა მერმა (არჩილ ჩიქოვანი მაშინ ახალდანიშნული იყო, როგორც მახსოვს), ბოდიში მომიხადა და მითხრა, გამოვასწორებთო. მეორე დღეს რომ მივედი, ბუნებრივია, აღარ მომიკიდია ხელი, ისეთი შეშინებული ვიყავი. ის კონკრეტული მოაჯირი შესაძლოა გააკეთეს კიდეც, მაგრამ იმის შემდეგ ძალიან ბევრჯერ შემინიშნავს, რომ ყველა ლამპიონისა და განათების ქვეშ დენის კაბელები ღია იყო, რაც საშიშია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. ამაზე ხშირად ვწერდი სოციალურ ქსელში, მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა“, – გვეუბნება ნინა.
ნინა ამბობს, რომ ქვის სკამების გამო პარკში ძირითადად თბილი პლედით დადიან, „როცა ვსხდებით ხოლმე მოლზე, იქედანაც კარგად ჩანს ეს ღია დენის კაბელები, მაგრამ არაფერს ცვლიან“, – გვეუბნება ნინა მასალკინა.
„ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მერიის შესაბამისი სამსახურებიდან პასუხი მიეღო კითხვაზე, თუ რატომ არის ასეთ მდგომარეობაში სკამების განათებისთვის დამომტაჟებული დენის კაბელები და რამდენად საფრთხის შემცველია ეს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, რამდენად არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული?
თუმცა ბათუმის მერიაში სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს. სმს-ეს შეტყობინება გავუგზავნეთ ქალაქის მერს არჩილ ჩიქოვანსაც, თუმცა კითხვაზე არც მერმა გვიპასუხა.
„ბათუმელები“, ორშაბათს [დღეს არასამუშაო დღეა საქართველოში] შეეცდება ჰკითხოს მერს ან მერიის სხვა მოხელეებს, რატომ არის ამდენი შიშველი კაბელი ცენტრალურ პარკში, არის თუ არა ამ კაბელებში დენი, არის თუ არა პერიმეტრზე [მიწაში] სხვა კაბელები, რომლებიც მიერთებულია ქალაქის ელექტროსისტემას.
ვიდეო:
___
გუშინ, 13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკაში მყოფ მესამე ბავშვს სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ერთ მათგანს ბურთის ამოღებისას დენმა დაარტყა და წყალში ჩავარდა. ორი არასრულწლოვანი კი მის დასახმარებლად ჩავიდა წყალში, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა.