დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ახალგაზრდა კაცი, Z სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა. მაისურზე Z სიმბოლო, გეორგიევსკის ფერებშია გამოსახული.
უცნობმა კაცმა რამდენიმე აუდიტორიაში შეიხედა.
ფოტო „ბათუმელებს“ სტუდენტმა მოაწოდა, რომელიც გამოელაპარაკა უცნობ კაცს და ჰკითხა, თუ რატომ ეცვა Z -სიმბოლოიანი მაისური და ვის ეძებდა აუდიტორიებში. უცნობმა პირმა პასუხის გარეშე, ველოსიპედით დატოვა უნივერსიტეტის ეზო.
2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ლათინურ ასოს “Z” პუტინის ომის სიმბოლოდ იქცა და გამოსახულია რუსულ სამხედრო ტექნიკაზე, აღნიშნულ სიმბოლოს დღემდე აქტიურად იყენებენ რუსეთში პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პროპაგანდისთვის.
უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე Z სიმბოლოს გამოსახავენ ავტომანქანებზე, შენობის ფასადებზე, აქსესუარებზე და ასე შემდეგ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აღნიშნული სიმბოლოს გამოყენება რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა.
Z -ის, როგორც „სამხედრო აგრესიის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხელშემწყობი სიმბოლოებისა და ატრიბუტების“ აკრძალვას, მხარი დაუჭირა მოლდოვის პარლამენტმაც.
___
მთავარი ფოტო: უცნობი პირი ბსუ-ს დერეფანში/ფოტო გადაღებულია დღეს, 27 სექტემბერს.