მხოლოდ ორი დღის, 26-27 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში რუსეთის 21 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღეებში რუსეთიდან საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, 26, 27 სექტემბრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 40-45%-ით მოიმატა.
40 წლის ილიაც რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში, ფეხით რამდენიმე დღე იარა. ამბობს, რომ თუ ანონიმურობას არ დავიცავთ მის ოჯახის წევრებს რუსეთში მისი ინტერვიუს გამო შეიძლება საფრთხე დაემუქროთ.
- რატომ დატოვეთ რუსეთი და როგორ გადმოლახეთ საზღვარი?
ლარსიდან გადმოვედი ფეხით, ვლადიკავკაზამდე თვითმფრინავით ჩამოვფრინდი, მერე ტაქსით მივედი საზღვრის საცობებამდე. საცობებში ფეხით ვიარე. ჩამოვედი ერთ დღე-ღამეში, იმ ხალხზე გაცილებით სწრაფად, რომლებიც მანქანებით მოდიან. არის ხალხი, ვინც ერთი, ორი, სამი კვირა საცობშია მანქანით. მე 20 საათი მოვდიოდი ფეხით. ტაქსისტებს გადავუხადე 2500 რუბლი, ადგილზე ტაქსის დაქირავება ძალიან ძვირია, მე აპლიკაციით გამოვიძახე და შედარებით იაფი გამოვიდა.
ეს საშინელი და უსამართლო ომია, არ მეშინია ამის თქმის, მაგრამ თუ რუსეთში დავბრუნდები პუტინის რეჟიმის პირობებში და ამ ნათქვამს წაიკითხავს ვინმე, შეიძლება პრობლემები შემექმნას.
წამოვედი იმიტომ, რომ 24 თებერვალი გადამწყვეტი თარიღი იყო ჩემთვის, მერე პროტესტები, რომლებსაც სასტიკად ახშობენ, ახლა კიდევ მობილიზაცია.
მინდა თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრო. აი, ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ და ვიცი, რომ ამ საუბრის გამო საქართველოს ხელისუფლება არ დამაპატიმრებს, სანქციებს არ დამაკისრებს.
საშინელებაა რუსეთის ხელისუფლების პირობებში დაგეგმო საკუთარი მომავალი.
- იცით რა მოხდა აფხაზეთში 1993 წელს, ან გორში 2008 წელს? თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული.
მართლა? არ ვიცოდი. მე ამ წლებში მხოლოდ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ვუსმენდი, არ ვენდობი რუსულ ტელევიზიებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ის ვიცი, რომელია ობიექტური სურათი.
მართლა არ ვიცოდი ეს ამბები, მადლობა რომ მითხარით. სანამ პუტინია ხელისუფლებაში, ესე იგი არც საქართველოა უსაფრთხოდ, არც სხვა ქვეყნები, ევროპაც არაა მშვიდად.
- ყირიმსა და დონბასზე რას ფიქრობთ, ვისია ეს ტერიტორიები? მოსკოვში ასევე უკრაინაში ოკუპირებული ოთხი რეგიონის შეერთება უკვე იზეიმეს, რას ფიქრობთ ამაზე?
ყირიმიც და დონბასიც არაკანონიერად მიიტაცა რუსეთმა. რა თქმა უნდა, ეს უკრაინაა.
თუმცა ყირიმზე რუსეთში ასე არ ფიქრობენ, წინა წლების ამბები მეხსიერებიდან იშლება, დონეცკსა და ლუგანსკიზე კი ნამდვილად ბევრი ფიქრობს ახლა რუსეთში, რომ უკრაინისაა.
ყველას ეშინია. სტუდენტებს ეშინიათ არ გამოყარონ სასწავლებლებიდან, აქტივისტებს ეშინიათ არ დაიჭირონ, იგივე ითქმის საჯარო სამსახურებში დასაქმებულებზე, თუ ვინმეს შენიშნავენ, რომ პროტესტი აქვს და აქციაზე გადის, მაშინვე ათავისუფლებენ სამსახურებიდან. საკუთარი ნებით ატოვებინებენ საბოლოოდ სამსახურს, მაგრამ ზეწოლით.
პუტინის რეჟიმის გამპროტესტებლები რუსეთში აღარ არიან, პროტესტი შეიძლება ჰქონდეს ასი ადამიანიდან ერთს, ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენები მომხრეები არიან, მაგრამ მათ, უბრალოდ, ეშინიათ არჩინონ ოჯახები, ეშინიათ სამუშაო ადგილების დაკარგვის.
სკოლებში ჩვეულებრივად ტარდება პროპაგანდის კლასგარეშე გაკვეთილები – მგონი პატრიოტიზმის გაკვეთილები ჰქვია თუ რაღაც მსგავსი, გააჩნია სკოლას. თუ სკოლა მოწინააღმდეგეა პუტინის იდეოლოგიის, ის ყველა საშუალებით თავს აარიდებს ასეთ გაკვეთილებს, ვისაც ეშინია ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ზემოდან ეტყვიან.
მე ვიცნობ ორმოცზე მეტი ხნის ხალხს, რომლებიც ჩუმად არიან, მაგრამ მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას, არსად აპირებენ რუსეთიდან გამგზავრებას და იძულებულები არიან მოერგონ სისტემას პირადი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის.
- რას ფიქრობთ „დიდ რუსეთზე“? თქვენი პრეზიდენტის ცნობილი ფრაზაა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი გეოპოლიტიკური კრიზისი იყო, იზიარებთ ამ მოსაზრებას?
ყველა ქვეყანა შეიძლება იყოს დიდი და დიდებული, მაგრამ თავისი ტექნოლოგიებით, ეკონომიკით და არა ბირთვული იარაღით და ავტომატებით.
თუ ქვეყანა იქნება ეკონომიკურად ძლიერი, ირგვლივ სხვა ქვეყნები, ცხადია, მოინდომებენ მის გვერდით ყოფნას, გაერთიანებას არაძალადობრივი მეთოდით.
- რატომ დგას საკითხი ასე, რომ ვინმე ვინმეს გვერდით უნდა იდგეს, ვინმე ვინმესთან ერთიანდებოდეს, თანამედროვე სამყაროში ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა.
აი ევროკავშირიც ხომ გაერთიანებაა და იქაც არიან ლიდერი ქვეყნები, მე არაძალადობრივი ქმედებების მომხრე ვარ.
- რას ფიქრობთ ევროპის ქვეყნებზე, სად გიმოგზაურიათ რუსეთს მიღმა?
40 წლის ვარ, რუსეთის გარდა სხვაგან არსად ვყოფილვარ. ახლა საქართველოში ჩამოვედი პირველად, რამდენიმე დღის წინ. ბავშვობაში ტაჯიკეთში წამიყვანეს მშობლებმა.
არ ვიცი როგორია ევროპა, ამბობენ, რომ ეს თავისუფალი სამყაროა.
- აქ ცხოვრებას როგორ აპირებთ?
მინდა ვიმუშაო და ვიცხოვრო თავისუფალ ქვეყანაში. ინტერნეტგაყიდვების მაღაზია მაქვს რუსეთში, დაკეტილია ახლა, რადგან აქედან ვერ ვამუშავებ.
ვფიქრობ, მოვძებნი რამე დისტანციურ სამსახურს, ან ვიმუშავებ საკუთარი პროფესიით, გათბობა-გაგრილების სისტემების სპეციალისტი ვარ.
რუსეთში დავტოვე მშობლები, იქ დარჩა მთელი ჩემი ქონება, სახლი, ყველაფერი.
ძალიან რთულია. მშობლებს აუცილებლად გადმოვიყვან აქ საცხოვრებლად. რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების პირობებში იქ აღარ დავბრუნდები.