მთავარი,სიახლეები

რა შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემას NASAMS, რომელიც უკრაინამ აშშ-სგან მიიღო

26.09.2022
რა შეუძლია საჰაერო თავდაცვის სისტემას NASAMS, რომელიც უკრაინამ აშშ-სგან მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS მიიღო – პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ CBS-ის ეთერში ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკის კონგრესს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს „ახლოსაც კი არაა იმ აუცილებელთან“, რაც უკრაინას სკოლების, საავადმყოფოების, უნივერსიტეტებისა და საცხოვრებელი კორპუსების დასაცავად სჭირდება.

„რისთვის გვჭირდება ეს? ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება იმისთვის, რომ ჩვენი უკრაინელები სახლებში დავაბრუნოთ. თუ უსაფრთხოება იქნება, ისინი დაბრუნდებიან, დასახლებიან, აქ იმუშავებენ, აქ გადაიხდიან გადასახადებს და ჩვენს ბიუჯეტში აღარ იქნება 5 მილიარდი დოლარის დეფიციტი,“ – თქვა ზელენსკიმ და აშშ-ს მოუწოდა, კიევს მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს.

მისი თქმით, ახლა შტატები უკრაინას ეხმარება ფულით, რათა მან საკუთარი ბიუჯეტი შეინარჩუნოს და ბრძოლა გააგრძელოს, თუმცა, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თუ უკრაინელები დაბრუნდებიან, „შტატებს ასეთი ფინანსური დახმარების გაწევა აღარ დასჭირდება“.

„მაპატიეთ, რომ ასეთ გამოთქმას ვიყენებ ომთან მიმართებით, მაგრამ ეს იქნება win-win ყველასთვის (როდესაც, ყველა მხარე მოგებული რჩება). აშშ-ისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომია, ჩვენთვის კი შესაძლებლობა – გავხადოთ ჩვენი ტერიტორია უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

პენტაგონმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ NASAMS-ის ორ სისტემას უკრაინა დაახლოებით ერთ თვეში მიიღებდა.

აშშ-ის მიერ 24 აგვისტოს განსაზღვრულ სამხედრო დახმარების პაკეტში გათვალისწინებული იყო უკრაინისთვის 6 ასეთი საჰაერო თავდაცვის დანადგარის გადაცემა.

NASAMS – ნორვეგიულ-ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელსაც მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურება შეუძლია საშუალო და დაბალ სიმაღლეებზე ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. ის 1994 წლიდან ნორვეგიის არმიის შეიარაღებაშია.

NASAMS-ის ბატარეის შემადგენლობაში 54 რაკეტა შედის და სისტემას 12 წამის განმავლობაში 54-ვე რაკეტის გაშვება შეუძლია. ამ საჰაერო-თავდაცვის სისტემებს ავიაბაზების, საზღვაო პორტების, დასახლებული პუნქტებისა და სამხედრო ძალების დასაცავად იყენებენ. კომპლექტი წარმატებით უმკლავდება უპილოტო საფრენ აპარატებს, ვერტმფრენებს, ფრთოსან რაკეტებსა და თვითმფრინავებს.

NASAMS რიცხვებში:

  • დარტყმის მაქსიმალური მანძილი – 25-50 კმ;
  • დარტყმის მაქსიმალური სიმაღლე – 15-25 კმ;
  • რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე – 4900 კმ/სთ;
  • ერთი ბატარეის ღირებულება – დაახლოებით $65 მლნ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: