ნეტგაზეთი • RU

რა არის და როგორ ამოვიცნოთ სენსორული შიმშილი ბავშვებში

სენსორული შიმშილი, რომელიც ბავშვებში უცნაური ქცევებით გამოიხატება, შეიძლება გამოვლინდეს როგორც განვითარების დარღვევების, ან სპეციფიკური ნეირობიოლოგიური მდგომარეობისას, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებშიც. ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი ამბობს, რომ სენსორული შიმშილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს და მნიშვნელოვან წინაღობად იქცეს ბავშვის განვითარებისთვის: „მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც სენსორული შიმშილის ფონზე სჭირდებათ ბევრი გადაადგილება და ფიზიკური აქტივობა, უჭირთ სკოლის გარემოსთან ადაპტირება და აკადემიური უნარების ათვისება“.

  •  მარიამ, რა არის სენსორული შიმშილი და რამდენად ხშირია ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში?

 სენსორული შიმშილი სენსორული ინტეგრაციის სირთულის ერთ-ერთი ფორმაა.

სენსორული ინტეგრაცია გულისხმობს სხეულიდან და გარემოდან მიღებული სენსორული იმპულსების ტვინისთვის მიწოდებას, გადამუშავებას და საპასუხო რეაქციას – სენსორულ სისტემებს წარმოადგეს მხედველობა, ყნოსვა, სმენა, ტაქტილური (შეხება), ვესტიბულური (მოძრაობა და გადადგილება), პროპრიოცეპტული (სხეულებრივი პროცესების შინაგანი აღქმა).

სენსორული სფეროს სირთულეები ხშირად ახასიათებს აუტისტური სპექტრის დარღვევას (აუტიზმის მქონე ადამიანთა 90%-ს სხვადასხვა ტიპის თავისებურება ახასიათებს), თუმცა, სენსორული შიმშილი შეიძლება გამოვლინდეს როგორც განვითარების დარღვევების, ან სპეციფიკური ნეირობიოლოგიური მდგომარეობისას, ასევე ტიპური განვითარების ბავშვებშიც.

  •  შედარებით მარტივად რომ გვითხრათ, რა არის ამის მიზეზი?

 სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს სენსორული ინტეგრაციის სირთულეების გამომწვევ ფაქტორებზე კვლევებით დადასტურებული ზუსტი პასუხი.

  •  როგორ, რა ნიშნებით გამოიხატება სენსორული შიმშილი? 

სენსორული შიმშილი სტიმულების მიღების გადაჭარბებულ მოთხოვნას მოიაზრებს და შეიძლება ეხებოდეს მხედველობის, ყნოსვის, სმენის, ტაქტილურის (შეხება), ვესტიბულურის (მოძრაობა და გადადგილება) ან/და პროპრიოცეპტული (სხეულებრივი პროცესების შინაგანი აღქმა)  სისტემებიდან ერთ-ერთს, ან რამდენიმეს ერთდროულად. მაგალითად, ბავშვს შეიძლება მოსწონდეს მკვეთრი, ფერადი განათება; ხმოვანი სათამაშოები; ტრიალი, ხტუნვა, გამუდმებით მოძრაობაში ყოფნა, სხვადასხვა ფაქტურის მქონე საგნები და ა.შ.

სენსორულ შიმშილზე შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ, თუკი – ბავშვი სინჯავს/პირში იდებს/ჭამს განსხვავებული გემოს საჭმელს და სხვადასხვა არასაკვებ ნივთიერებებს; უყვარს თავდაყირა ყოფნა, ადგილზე ტრიალი, ეჯახება სხვადასხვა სიმყარის და ფაქტურის საგნებს; გამუდმებით მოძრაობაშია და არ იღლება; ეძებს ხმაურიან გარემოს, სათამაშოებს ან სხვადასხვა საგნებს ერთმანეთს აჯახებს ხმაურის მისაღებად, ან თვითონ ყვირის/გამოსცემს ხმებს/უკრავს ტაშს; სიამოვნებს საგნების დაყნოსვა; აქვს თვითდამაზიანებლი ქცევა (რაიმეს ურტყამს თავს; ეჯახება კედელს); ეხება სხვადასხვა ფაქტურისა და ტემპერატურის საგნებს; სიამოვნებს სხეულზე სიმძიმის შეგრძნება (რა დროსაც ხშირად იმალება ბალიშის, ან საბნის ქვეშ).

სენსორულმა შიმშილმა შეიძლება გავლენა იქონიოს განვითარების ზოგად ტემპზე, დასწავლის უნარებზე, ქცევასა და ემოციურ თვითრეგულაციაზე.

  •  როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს, რა თერაპიები, სენსორული აქტივობები, ან სხვა საშუალებები არსებობს?

სენსორული შიმშილისა და სენსორული ინტეგრაციის სხვა სირთულეების შემჩნევისას, აუცილებელია კონსულტაცია და შეფასება შესაბამისი დარგის სპეციალისტთან. ასევე აუცილებელია სენსორული თერაპია, რომელიც კონტროლირებად გარემოში შესაბამისი სტიმულების მიწოდებას გულისხმობს, უნდა ვიზრუნოთ გარემოს ადაპტირებაზე ბავშვის საჭიროებების შესაბამისად და იმაზე, რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის სენსორული აქტივობის, ბავშვის ყოველდღიურ რუტინაში ინტეგრირება.

 მაგალითად, ტაქტიკური სენსორული შიმშილის დროს, ქვიშით/ბრინჯით/წიწიბურით თამაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“: ბავშვები, რომლებიც რეაგირებენ გარკვეულ შეგრძნებებზე (ხმები, სინათლე, სუნები), შესაძლოა მოეწონოთ აქტივობები, რომლებიც ღრმა ზეწოლას მოითხოვს კანზე, კუნთებსა და სახსრების შეერთებებზე. ძირითადად, ეს სტიმულები ნერვულ სისტემას აწყნარებს. საბოლოოდ, დააკვირდით თქვენი შვილის რეაქციებსა და ნიშნებს. თუ ამთქნარებს, ასლოკინებს ან შეეცვალა კანის ფერი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ აქტივობა და ეცადეთ მოძებნოთ ისეთი რამ, რაც დაამშვიდებს (გაახვიოთ საბანში, ჩაეხუტოთ, დაარწიოთ ან თბილი შხაპი შესთავაზოთ).

  • ეს როგორი ეტაპია, შესაძლოა დაითრგუნოს/გადაილახოს სრულად, თუ პერიოდულად შეიძლება გამწვავდეს, თუნდაც მოზრდილ ასაკში?

თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია – არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ასაკთან ერთად ნაკლებ სირთულეებს განიცდიან, ან სწავლობენ გამკლავების სხვადასხვა ხერხს, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია სირთულის ხარისხსა და დროულ ჩარევაზე. 


სენსორული სათამაშოების ხელით გაკეთების ინსტრუქციები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სპეციალური წიგნიდან. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სათამაშო, რომელიც წიგნშია მოცემული, ზოგადად სენსორული სათამაშოა და შესაძლოა ის არ იყოს თქვენი შვილისთვის შესაფერისი.

„ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ზემგრძნობელობა და იყოს ფრთხილი, გაერიდოს კონკრეტულ აქტივობას ან სათამაშოს. სხვა ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სენსორული შიმშილი და ამ აქტივობიდან, სათამაშოდან ბევრი სახალისო რამ აღმოაჩინონ. ბავშვს, რომელიც გამოხატავს შიშს ან დაღლას, არ უნდა აიძულოთ მონაწილეობა. ეს შიში და დისკომფორტი ეფუძნება მისი ნერვული სისტემის რეაქციას და ის რეალურია“, – განმარტებულია წიგნში.

___

მთავარი ფოტო: მარიამ ათაბაგი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან