მთავარი,სიახლეები

რატომ აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“ რუსულ ენაზე შესყიდვას – ტენდერი 775 ათას ლარზე 

29.08.2022 • 1490
რატომ აცხადებს „საქართველოს რკინიგზა“ რუსულ ენაზე შესყიდვას – ტენდერი 775 ათას ლარზე 

„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა ტენდერი, სადაც განცხადებისა და დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი რუსულ ენაზეც აქვს გამოქვეყნებული.

„საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, რომ მათ ამის ვალდებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით აქვთ. „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფო კომპანიაა.

საუბარია „ვმკ სერიის ელექტრომატარებლის ვაგონთშორისი ავტოგადასაბმელის შესყიდვაზე“, სადაც სატენდერო თანხა 775 ათას 170 ლარია [დღგ-ს გარეშე].

  • „შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა: 12 ცალი/12 штук
  • მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 350 კალენდარული დღის განმავლობაში/ В течение 350 календарных дней со дня заключения договора
  • ვმკ სერიის ელექტრომატარებლის ვაგონთშორისი ავტოგადასაბმელის შესყიდვა/закупка межвагонных автосцепок для электропоезда серии ВМК“ – „რკინიგზის“ სატენდერო განცხადებიდან.

საქართველოს რკინიგზას“ ამავე ტენდერში რუსულ ენაზე აქვს ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციაც.

„საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთი სატენდერო განცხადება, ქართულ და რუსულ ენაზე / წყარო: შესყიდვების პორტალი

„საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსულ ენაზე სატენდერო დოკუმენტების გამოქვეყნების ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის დადგენილებით აქვთ და ამას რკინიგზა დამოუკიდებლად არ წყვეტს.

საქართველოს მთავრობამ აღნიშნული დადგენილებით სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით  არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების  წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ დაამტკიცა.

ამ წესის მე-9 მუხლის [რომელიც შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებას ეხება] მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ

„შემსყიდველის გადაწყვეტილებით, განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლებელია, განთავსდეს დამატებით სხვა უცხო ენაზეც (რუსული ან/და ინგლისური). თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს, დღგ-ის გარეშე, მათი უცხო ენაზე განთავსება სავალდებულოა.“

ვინაიდან ამ კონკრეტულ ტენდერში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატებოდა 500 ათას ლარს, მთავრობის დადგენილებით „რკინიგზა“ ვალდებული იყო დოკუმენტაცია განეთავსებინა უცხო ენაზეც.

თუმცა, რატომ რუსულად და არა ინგლისურად? – ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამის პირებს ვერ დავუკავშირდით.

„ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ტენდერები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება ნახევარ მილიონ ლარს, „საქართველოს რკინიგზას“ უცხო ენაზეც აქვს გამოქვეყნებული, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ ენაზეა.

ვმკ სერიის ელექტრომატარებელი, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ გვითხრეს, ჩინეთშია აწყობილი. ასეთი შემადგენლობა მოძრაობს, მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის ხაზზე.


ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის მიერ მაგისტრალური რელსების შესასყიდად გამოცხადებული 52.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი კონკურენციას ზღუდავდა – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ [TI] განაცხადა. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ტენდერში „საქართველოს რკინიგზა“ მომწოდებლებისგან მხოლოდ რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრულ სერტიფიკატებს ითხოვდა:

„ბათუმელები“ მაშინაც დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რკინიგზა ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდა.

აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ შპს „უნი-2“ მონაწილეობდა, რომლის მესაკუთრე და დირექტორი, დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ღუდუშაურია. ამ კომპანიასთან კი, ხელშეკრულება „საქართველოს რკინიგზამ“, დღგ-ს ჩათვლით 19 679 299 აშშ დოლარზე გააფორმა 2021 წლის სექტემბერში.

კომპანია რკინიგზას რუსული წარმოების რელსებს მიაწვდის. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სერტიფიკატი; ასევე რუსული კომპანიის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი:

სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი / წყარო: შესყიდვების პორტალი

შესაძლოა, მიმდინარე სატენდერო განცხადებაც გათვლილი იყოს რუსულ კომპანიებზე, ვინაიდან „საქართველოს რკინიგზის“ ტენდერებში ადრე რუსული კომპანიებიც იმარჯვებდნენ. რუსულ კომპანიებს კი, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა თავისუფლად შეუძლიათ.

ამ თემაზე ვრცლად:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: