მთავარი,სიახლეები

„დაგი“ და „ანაგი“ – დავა 11 მილიონისთვის

22.02.2020 • 2150
„დაგი“ და „ანაგი“ – დავა 11 მილიონისთვის

კომპანია „დაგს“, რომელმაც ბათუმში 38-მილიონიანი ტენდერი მოიგო და „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას იწყებს, სხვა, 11-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალების რემონტზე აქვს გამოცხადებული.

აეროპორტების გაერთიანების სატენდერო კომისიამ „დაგს“ ჯერ დოკუმენტების დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ჩათვალა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და დისკვალიფიკაცია მისცა.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება „დაგმა“ შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა და კომისიის შესაბამისი ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

„სატენდერო კომისიამ არასწორად დაადგინა შეუსაბამობა კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნაში“, – აღნიშნულია „დაგის“ საჩივარში.

ტენდერი აეროპორტების გაერთიანებას 11 661 920 ლარით აქვს გამოცხადებული, „დაგის“ შეთავაზება კი 10 845 000 ლარია.

დავების საბჭოს მიმართა ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია „ანაგმაც“ [რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონს აშენებს – ხელშეკრულება 141 მილიონ ლარზეა გაფორმებული].

საჩივრის მიხედვით, ანაგი აცხადებს, რომ „სატენდერო კომისიამ სამართლიანად ჩათვალა, რომ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მოახდინა შპს „დაგი“-ს დისკვალიფიკაცია. [თუმცა] სატენდერო კომისიამ ოქმში არ იმსჯელა შპს „დაგი“-ს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეუსაბამობაზე, უფრო მეტიც, კომისიამ სატენდერო პირობებთან შეუსაბამო დოკუმენტი აღიარა შესაბამისად და აღნიშნული შეუსაბამობა არ მიუთითა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კიდევ ერთ გარემოებად“.

„ანაგი“ მოითხოვს, სატენდერო კომისიის ოქმში, შპს „დაგს“ დისკვალიფიკაციის დამატებით საფუძვლად მიეთითოს ის შეუსაბამობები, რაც „ანაგს“ აქვს მოყვანილი თავის საჩივარში.

„დაგისგან“ განსხვავებით, „ანაგი“ აეროპორტების გაერთიანებას მომსახურებას ზუსტად იმ თანხაში სთავაზობს, რა თანხითაც გამოცხადებულია ტენდერი – 11 661 920 ლარად.

„ანაგის“ დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას ჯერ არ განუხილავს. დავების საბჭოში კი, ორთავე კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ, 25 თებერვალია ჩანიშნული.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალის ინტერიერის მოწყობის სარემონტო სამუშოების შესყიდვაზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ჯამური ვადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არის 9 თვე,

„ანაგმა“ მოიგო აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟების და ფასადის მოპირკეთების მოწყობაზეც. ეს ტენდერი გაერთიანებამ 16 934 136 ლარით გამოაცხადა, „ანაგის“ დასახელებული ფასი კი, 15 880 000 ლარი იყო. ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში გაფორმდა – საერთო ღირებულებით – l8 738 400 ლარი [დღგ-ს ჩათვლით].

ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 8-ჯერ შევიდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2020 წლის 21 თებერვლის მონაცემებით, „ანაგზე“ გადარიცხულია 13 778 733 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 74%]. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: